ინტერვიუ კურტ ვოლკერთან პოლარიზაციაზე, რეკომენდაციებზე, უკრაინასა და რუსეთზე
პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებაზე ევროკომისიის რეკომენდაციის მიუხედავად, მმართველი პარტია და ოპოზიცია საერთო ენას კვლავ ვერ პოულობს, 12 პუნქტის შესასრულებელი დრო კი გადის.
On.ge-სთან საუბრისას აშშ-ის ყოფილი ელჩი NATO-ში, კურტ ვოლკერიც სწორედ ამაზე აკეთებს მთავარ აქცენტს და აღნიშნავს, რომ ერთად მუშაობა ყველას პირადი პასუხისმგებლობაა. ვოლკერმა ხაზი გაუსვა, რომ ამის მოგვარებას გარე ძალები ვერ შეძლებენ და ისაუბრა შარლ მიშელის შეთანხმებაზეც, რომლის ანულირებასაც დიდი გავლენა ჰქონდა პოლარიზაციის გაძლიერებაზე.
დავიწყოთ საუბარი საქართველოს პოლიტიკურ სიტუაციაზე. როგორც იცით, მმართველი პარტია ოთხმა დეპუტატმა დატოვა. მას შემდეგ ისინი ვრცელ წერილებს აქვეყნებენ, სადაც აკრიტიკებენ აშშ-ის ელჩს საქართველოში, აყენებენ ომში ჩათრევის ბრალდებებს, ფაქტობრივად, რუსული პროპაგანდის რიტორიკით საუბრობენ. რა გავლენას მოახდენს ეს აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობაზე?
უპირველეს ყოვლისა, ეს თავისუფალი ქვეყანაა და ხალხი იმას იტყვის, რაც უნდათ. კარგი, მათ შეუძლიათ ეს გააკეთონ. მეორე, რასაც ამბობენ, ეს არ არის სიმართლე და მნიშვნელოვანია ქართველებმა იცოდნენ, რომ საქართველოს მთავრობას რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვისკენ არავინ უბიძგებს. ეს უბრალოდ ტყუილია, არ არის სიმართლე. მესამე, არ მგონია, რომ ეს საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობაზე გავლენას მოახდენს.
საქართველოსა და აშშ-ს ძალიან ძლიერი პარტნიორობა აქვთ, ჩვენ ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებთ ერთად, იქნება ეს უსაფრთხოების სფეროში, სამხედრო წვრთნები, ეკონომიკური განვითარება, დახმარების პროექტები, კულტურული და სამეცნიერო მიმოცვლა. ვფიქრობ, აშშ საქართველოს ერთ-ერთი უძლიერესი პარტნიორია და ვერ ვხედავ, რომ ეს შეიცვლება.
ანუ ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვუთხრათ ქართველ ხალხს, რომ არავის სურს საქართველოს ომში ჩათრევა?
მართალია. სასაცილო განცხადებაა — ეს არავის არასდროს უთქვამს, ამას არავინ აკეთებს. აშშ-მ, პრეზიდენტმა ბაიდენმა ცხადად აჩვენეს, რომ ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვა არ გვსურს, ჩვენ არ ვუშვებთ ფორმიან სამხედრო პერსონალს უკრაინაში, ამიტომ სასაცილოა იმის თქმა, რომ სხვა ადამიანებს ვეუბნებით ამას.
მოდით, ვისაუბროთ საქართველოს გზაზე კანდიდატის სტატუსისკენ — მოლდოვასა და უკრაინისგან განსხვავებით, ჩვენ ის ვერ მივიღეთ, მაგრამ საქართველოს მთავრობა ამბობს, რომ ბევრად წინ ვართ რეფორმების და სხვა ყველაფრის თვალსაზრისით. მაშინ რატომ აღმოვჩნდით მხოლოდ ჩვენ სტატუსის გარეშე?
ვფიქრობ, უნდა გავიხსენოთ შარლ მიშელის შეთანხმება, სადაც ევროკავშირმა ძალიან ბევრი იმუშავა, რომ ხელი შეეწყო შეთანხმებისთვის და საქართველო არსებული პოლიტიკური ჩიხიდან გამოსულიყო. მათ ძალიან ბევრი დრო დახარჯეს ამაზე, შარლ მიშელმა დიდი დრო ჩადო, იმუშავეს და შეთანხმება იყო. მთავრობამ ხელი მოაწერა, ოპოზიციის დიდმა ნაწილმა უარი თქვა და ეს თვეები გაგრძელდა. შემდეგ, ნაციონალურმა მოძრაობამ თქვა: "კარგი, მოვაწერთ ხელს", მთავრობამ გააუქმა ხელმოწერა — სწორედ ეს არის იმ ტიპის პოლიტიკური პოლარიზაცია, რომელზეც ევროკავშირი საუბრობდა და აღნიშნავდა, რომ ეს უნდა შეწყდეს, საქართველოს დემოკრატია ძალიან ჩამოუყალიბებლად იქცევა და მათ სურთ, რომ საქართველომ დემოკრატიული ინსტიტუტები გააძლიეროს.
დიახ, მართალია, რასაც მთავრობა ამბობს, რომ საქართველო ბევრად წინაა ვიდრე უკრაინა და მოლდოვა და უნდა იყოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, ამას სრულიად ვეთანხმები, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ევროკავშირმა თქვა: "გვინდა, რომ დეპოლარიზაციაზე იმუშაოთ, ეცადოთ ერთად მუშაობას", ამიტომ, ვფიქრობ, ოპოზიციასა და მთავრობაში ყველას პირადი პასუხისმგებლობაა, რომ ერთად იმუშაონ.
დიახ, სწორედ ამის კითხვა მინდოდა — ახლა, როცა, პრაქტიკულად, გვაქვს გზამკვლევი, რომელსაც პოტენციურად შეუძლია კანდიდატის სტატუსამდე მიგვიყვანოს, რა არის ის მთავარი შეცდომა, რასაც ოპოზიცია და მმართველი პარტია უშვებენ ამ პროცესში და რა იქნება საუკეთესო გზა, რომელსაც უნდა გაჰყვნენ?
ევროკავშირმა საქართველოს, როგორც ქვეყანას, 12 პუნქტი მისცა. მთავრობამ და ოპოზიციამ უნდა იპოვონ გზა, არაპოლიტიზებული. ეს არ უნდა იყოს იმაზე, თუ ვინ იგებს ან ვინ აგებს, უნდა იპოვონ გზა და დარწმუნდნენ, რომ ყველა პუნქტი შესრულდება. ეს ასეთი მარტივია.
მარტივია, მაგრამ დრო გადის, ყველა ამბობს, რომ ერთად უნდა იმუშაონ, თუმცა სიტუაცია არ იცვლება, არის რამე, რაც ამას შეცვლის?
ამას ვერავინ გააკეთებს თქვენთვის. არავითარი გარე ძალა, ევროკავშირი თუ აშშ, ვერავინ აიძულებს ქართველებს ერთად მუშაობას. ქართველები ამაში თავად უნდა გაერკვნენ და თუ ასე არ იზამთ, ეს ტრაგედია იქნება ქვეყნისა და მომავალი თაობებისთვის.
უკრაინის კონტრშეტევაზეც რომ ვისაუბროთ, იყო თუ არა სწორი დრო მის დასაწყებად და როგორია თქვენი მოლოდინები?
დრო გარემოებებზეა დამოკიდებული — უკრაინელებს რუსების კიევიდან განდევნა სჭირდებოდათ, რაც გააკეთეს, მათ უნდა მიეღოთ მეტი და უკეთესი იარაღები აშშ-სა და სხვა ქვეყნებისგან, რაც უკვე აქვთ. კიდევ ბევრი რამ უნდა გავაკეთოთ, მაგრამ რაც მივაწოდეთ, სოლიდურია, ეს ნამდვილად ბევრია. მათ უნდა განდევნონ რუსები ტერიტორიებიდან, განსაკუთრებით, იქიდან, სადაც ახლა იბრძვიან სამხრეთით — ხერსონი, ზაპოროჟიე და განდევნონ რუსული სამხედრო ძალები ყირიმიდან, ეს ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ისინი მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწევენ ამ შემოდგომაზე, ზამთრის დადგომამდე, ძალიან დიდ პროგრესს მიაღწევენ, მაგრამ ეს არ დასრულდება და უნდა გააგრძელონ ზეწოლა შემდეგ წელსაც.
ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი თავის ენერგორესურსებს იყენებს ძალის სადემონსტრაციოდ. რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას სამომავლოდ ევროპის მხრიდან?
ვფიქრობ, უკრაინას უფრო შორსმსროლელი საარტილერიო ჭურვები უნდა მივაწოდოთ. ახლა ეს ლიმიტირებულია 80 კილომეტრზე. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ გავუგზავნოთ 150-კილომეტრიანი რადიუსის ჭურვები და სხვა ტიპის 300-კილომეტრიანი. უკრაინას ეს სჭირდება, რათა რუსულ ძალებს იმ ტერიტორიებზე დაარტყან, სადაც ახლა სწვდებიან, მაგალითად, ყირიმში.
მეორე, უნდა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინას, რაც შეგვიძლია, ყველა საჰაერო თავდაცვის სისტემას ვაწვდით, რათა მშვიდობიანი მოსახლეობა დავიცვათ. რუსეთი ვერ დაამარცხებს უკრაინელებს ბრძოლის ველზე, მაგრამ მათ შეუძლიათ ბომბები და რაკეტები ქალაქებს ესროლონ, ამიტომ ქალაქები უნდა დავიცვათ.
მესამე, უკრაინას გამანადგურებელი თვითმფრინავები უნდა მივცეთ, არ აქვს მნიშვნელობა ამერიკული იქნება თუ საბჭოთა მოდელი, მათ მეტი გამანადგურებელი თვითმფრინავი და მძიმე ჯავშანტექნიკა სჭირდებათ, სჭირდებათ ტანკები და ჩვენ ეს ყველაფერი უნდა მივაწოდოთ. ის, რასაც ახლა უკეთესად ვაკეთებთ, არის თანმიმდევრულობა. ახლა სამხედრო აღჭურვილობასა და იარაღებს მისაღები ტემპით ვაწვდით.
მინდა გკითხოთ საქართველოს რეაქციაზეც. ომის პერიოდში უკრაინასა და საქართველოს შორის დაძაბულობაა. როგორ უნდა მოქცეულიყო საქართველო?
მე მესმის, რომ საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა ძალიან დიდი ჩრდილოელი მეზობლით, რომელიც უკვე დაგესხათ თავს და ტერიტორიის 20% დაიკავა, ამიტომ, გინდათ, რომ ფრთხილად იყოთ, ეს მესმის. ამავე დროს, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ის, რაც ქართველმა ხალხმა გააკეთა, სოლიდარობისა და თანადგომის გამოხატვა უკრაინელების მიმართ, იმის მიმართ, რასაც ახლა გადიან, რადგან საქართველომ ეს ასევე გამოიარა და ეს უარესია უკრაინელებისთვის, თუნდაც ომის ხანგრძლივობა, სისასტიკე, ეს უარესია.
და ბოლოს, ვფიქრობ, საქართველოს მთავრობამ ვერ მოახერხა კარგი კომუნიკაცია ჰქონოდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა პოზიციაში არიან რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე. რადგან საქართველოში რუსეთის შემოჭრისა და ამაზე პასუხის შედეგად, არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობები, რუსეთში საქართველოს ელჩი არ არის, შეადარეთ ეს ევროკავშირის ქვეყნებს. რუსეთსა და საქართველოს შორის ზოგიერთ სფეროში უკვე არსებობს სანქციები და მაგალითად, საქართველოს ბანკები უკვე იყენებენ დასავლურ სანქციებს, რადგან არ სურთ ტრანზაქციების შემზღუდავ იმ საერთაშორისო სანქციებში მოხვდნენ, რომელიც რუსულ ბიზნესზე ახდენს გავლენას.
ამიტომ საქართველო რეალურად ბევრს აკეთებს, ამაზე არ საუბრობენ და არ მგონია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კომუნიკაცია საუკეთესო იყო. რადგან ვხედავ, რატომ არ გინდათ ამ დროს რუსეთს თვალში მოხვდეთ, მაგრამ მეორე მხრივ, საქართველომ უნდა გააგებინოს თავის დასავლელ პარტნიორებს, რომ: "ჩვენ რუსეთის მხარეს არ ვართ, ჩვენ უბრალოდ ვცდილობთ, რომ გადავრჩეთ".
კომენტარები