ასტრონავტების სისხლში დნმ-ის მუტაციების კვალს მიაგნეს
ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა NASA-ს პროგრამა სფეის შატლში მონაწილე ასტრონავტების სისხლის ღეროვან უჯრედებში დნმ-ის მუტაციები აღმოაჩინეს. სპეციალისტები მათ ბიოლოგიურ მასალას 20 წლის განმავლობაში ინახავდნენ.
აღსანიშნავია, რომ მუტაციები, ასტრონავტების ასაკის გათვალისწინებით, საკმაოდ მრავლად იყო, თუმცა სახიფათო ზღვარს დაბლა. ავტორები ამბობენ, რომ მათ პერიოდულად გამოკვლევები უნდა ჩაუტარდეთ, რათა ჯანმრთელობის გართულებები აიცილონ თავიდან. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ხანგრძლივი კოსმოსური მოგზაურობის შემთხვევაში, მაგალითად, მთვარის ან მარსის მისიების დროს.
მეცნიერებმა კვლევის ჩატარება კოსმოსური ტურიზმისადმი და ღრმა კოსმოსის შესწავლისადმი გაზრდილი ინტერესის გამო გადაწყვიტეს, რადგან ამასთან დაკავშირებული რისკები შეეფასებინათ. საქმე იმაშია, რომ დედამიწაზე მავნე რადიაციისგან ატმოსფერო გვიცავს, მის გარეთ კი, მითუმეტეს იქ, სადაც ჩვენი პლანეტის მაგნიტური ველი არ ვრცელდება, დიდხანს ყოფნა სერიოზული დასხივების საშიშროებას გვიქმნის.
შედეგად, 14 ასტრონავტის გენებში სომატური მუტაციები გამოვლინდა. ისინი 1998-2001 წლებს შორის პერიოდში მონაწილეობდნენ შატლის მისიებში, რომელთა საშუალო ხანგრძლივობაც 12 დღე გახლდათ. მათი 85% კაცი იყო, 6 ინდივიდს კი კოსმოსში ფრენის დებიუტი ჰქონდა.
სპეციალისტებმა მათ სისხლი 2-ჯერ აუღეს, გამგზავრებამდე 10 დღით ადრე და დედამიწაზე დაბრუნების დღეს, ხოლო სისხლის თეთრი უჯრედების ნიმუშები 1-ხელ — დაშვებიდან მესამე დღეს. ბიოლოგიური მასალა -80 გრადუს ტემპერატურაზე 20 წელი ინახებოდა.
სომატური მუტაციები 2%-ზე ნაკლები იყო, თუმცა ეს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და სიმსივნის განვითარების რისკთანაა დაკავშირებული, რაც შესაძლოა, სწორედ ხანგრძლივი მისიების დროს მოხდეს.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature Communications Biology გამოქვეყნდა.
კომენტარები