4-წუთიანი საუბრით ადამიანის ხასიათზე მნიშვნელოვანი დეტალების გაგება შეგიძლიათ — კვლევა
უხერხულობის დასაფარად ამინდსა თუ სხვა უმნიშვნელო საკითხებზე საუბარი (ე.წ. small talk) დიდად არავის გვიყვარს. ზოგი ამას დროისა და ძალისხმევის უაზრო ხარჯვადაც მიიჩნევს, თუმცა, გამოცემაში PLoS ONE გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით, მხოლოდ 4-წუთიან საუბარსაც კი შეუძლია, თქვენი ხასიათის შესახებ რამდენიმე ასპექტი გამოამჟღავნოს.
კვლევის ავტორების აზრით, ამ ტიპის საუბრები გვეხმარება, სხვების პიროვნულ თვისებებში გავერკვეთ, ასე კი მომავალში მათი ქცევის წინასწარმეტყველებასაც უკეთ შევძლებთ.
მკვლევრებმა 338 მონაწილე შეკრიბეს და ხასიათისა და ინტელექტის განმსაზღვრელი ტესტების შევსება სთხოვეს. სანამ ცდისპირები ერთმანეთს შეხვდებოდნენ, ისინი ორ ჯგუფად დაყვეს, თითოეულ გუნდში კი მონაწილეები დააწყვილეს. პირველი ჯგუფის წევრებს თავიანთ მეწყვილეებთან 4-წუთიანი ტექსტური საუბარი დაევალათ, მეორეებს კი პარტნიორებთან კონტაქტი სულაც არ ჰქონიათ.
ამის შემდეგ მონაწილეებს თავიანთი მეწყვილეების ხასიათის სხვადასხვა ასპექტი უნდა გამოეცნოთ (მაგალითად, ექსტრავერსიის ხარისხი) და წინასწარ განეჭვრიტათ, ითანამშრომლებდნენ თუ ეგოისტურად მოიქცეოდნენ ისინი სტრატეგიულ თამაშებში.
შედეგად დადგინდა, რომ ისინი, ვინც მეწყვილეს ესაუბრებოდნენ, მის IQ-სა და ხასიათის ტესტზე გაცემულ პასუხებს უკეთესად იცნობდნენ. მიუხედავად ამისა, ეს კატეგორია საკუთარ პიროვნულ თავისებურებებს უფრო ხშირად მიაწერდა პარტნიორს.
"საუბრის დაწყებიდან რამდენიმე წუთშიც კი თანამოსაუბრის მენტალური მოდელის შექმნას ვიწყებთ: ინტროვერტია იგი თუ ექსტრავერტი, მხნე თუ პესიმისტური, თანამშრომლობის მოყვარული თუ პირიქით? ამ ტიპის შთაბეჭდილებები უნაკლო არა, თუმცა მაინც გამოსადეგი იქნება", — განაცხადა კვლევის თანაავტორმა, უორვიკის უნივერსიტეტის პროფესორმა დანიელ სგროიმ.
შემდეგ ეტაპზე მონაწილეები ერთმანეთს პირადად შეხვდნენ და თავიანთ პარტნიორებთან (მეორე ჯგუფის შემთხვევაში უცნობთან, რომელთანაც კონტაქტი არ ჰქონიათ) ერთად ითამაშეს, რისი საშუალებითაც მეცნიერებმა ცდისპირთა ტაქტიკებზე წინმსწრები ბაასის გავლენა შეაფასეს.
მკვლევრებმა კოგნიტიური ექსპერიმენტი ჩაატარეს — თითოეულს 20-20 ევრო დაურიგეს და პარტნიორთან საზიარო ჯამში მისი ჩაგდება სთხოვეს.
ის ჯგუფი, რომელთა წევრებიც პარტნიორებს ეკონტაქტებოდნენ, მათ შემოწირულებას უფრო ხშირად პროგნოზირებდნენ სწორად. ამასთანავე, ისინი, ვინც წინასწარ ერთმანეთში საუბრობდნენ, 30%-ით მეტ თანხას გასცემდნენ, ვიდრე ის პარტნიორები, რომელთაც ერთმანეთთან ურთიერთობა საერთოდ არ ჰქონიათ — მკვლევართა აზრით, ეს სწორედ მოკლე საუბრით ჩამოყალიბებული ურთიერთობის დამსახურებაა.
"მათ, ვინც პარტნიორს ცოტა ხნით ესაუბრნენ, მისი ხასიათი უკეთ ესმოდათ — მისი თავისებურებები უკეთ გამოიცნეს და ამან ქცევის პროგნოზირების საშუალებაც მისცა", — განაცხადა სგროიმ — "დასკვნა ისაა, რომ მათ უკეთესი პერფორმანსი აჩვენეს და იმაზე მეტი ფულიც აიღეს, ვიდრე იმ მონაწილეებმა, რომელთაც კომუნიკაციის შანსი არ ჰქონიათ".
ჯორჯ ნაითნგოლის, Trigger Conversations-ის დამფუძნებლის, თქმით, უმნიშვნელო საუბრები სამუშაო ადგილას ერთობლივი მუშაობის გაადვილებაშიც შეიძლება დაგვეხმაროს: "სასაცილოა, სამსახურში როგორ ვატარებთ ცხოვრებას ისე, რომ თანამშრომლებს კარგად არც კი ვიცნობთ".
"ადამიანებს მოკლე, უმნიშვნელო საუბარი უჭირთ, რადგან თითქოს იგი არასდროს დასრულდებაო. საჭირო ინფორმაციის მიღების შემდეგ შესაძლოა, იგი უხერხული და უაზრო მოგეჩვენოთ. მაგრამ თუ ამას შესაძლებლობად აღიქვამთ და ადამიანებს დამატებით შეკითხვებს დაუსვამთ, შესაძლოა, ეს მათთან საერთო ენის გამონახვაში დაგეხმაროთ. თუ სასაუბროდ ამინდის თემა წამოიჭრა, იფიქრეთ, როგორ განავრცოთ იგი ამის იქით", — განაცხადა მან — "ადამიანებს გაზიარების სურვილი მაშინ უფრო აქვთ, თუ დაინტერესებას გამოიჩენთ. ჩემი რჩევა იქნება: გულწრფელად ცნობისმოყვარენი იყავით".
კომენტარები