ლგბტ ორგანიზაციები ინგა გრიგოლიას გადაცემა რეაქციას ბოიკოტს უცხადებენ. ორგანიზაციების აზრით, გრიგოლია და მისი გადაცემა სკანდალსა და ეპატაჟზეა ორიენტირებული, რის გამოც 19 მაისს ჩანიშნულ ეთერში მონაწილეობას არ მიიღებენ:

"19 მაისს ინგა გრიგოლია გადაცემა რეაქციაში კიდევ ერთხელ ისაუბრებს ლგბტ ადამიანებზე და დაუთმობს ეთერს მათ, ვინც სიძულვილსა და ძალადობას ქადაგებენ ლგბტ ადამიანების მისამართით. იმის გამო, რომ ლგბტ ადამიანები კვლავ არ გახდნენ საჯარო თავდასხმისა და სიძულვილის ენის მსხვერპლები, ხელმომწერი ორგანიზაციები უარს ვაცხადებთ გადაცემა რეაქციაში მონაწილეობაზე. ასევე გვინდა მოვუწოდოთ ყველა დამოუკიდებელ ლგბტ აქტივისტსა თუ მეგობარს, არ გახდეს წინასწარგანსაზღვრული ეპატაჟის უნებლიე მონაწილე."

ორგანიზაციების განცხადების თანახმად, იმის მიუხედავად, რომ ლგბტ საკითხების გაშუქების ხარისხი ყოველწლიურად მატულობს, კვლავ პრობლემად რჩება სკანდალზე ორიენტირებული სატელევიზიო გადაცემები და რეპორტაჟები:

"მედიის განვითარების ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ქართულ მედიასივრცეში გავრცელებული დისკრიმინაციული გამოხატვებიდან (868) ყველაზე დიდი წილი 52% (454) ჰომოფობიური ხასიათის იყო. მნიშვნელოვანია მედიის მხრიდან იმის გააზრება, რომ შინაარსისგან დაცლილი და ეპატაჟური სატელევიზიო გადაცემები, ზიანის მომტანია ლგბტ ადამიანებისთვის და კიდევ უფრო ამძლავრებს ჰომოფობიურ განწყობებს საზოგადოებაში."

აღნიშნულ განცხადებას ხელს აწერენ:

  • თანასწორობის მოძრაობა
  • ასოციაცია - თემიდა
  • იდენტობა
  • თანასწორობა 17
  • ახალგაზრდა მწვანეები
  • ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
  • ქალთა ფონდი საქართველოში
  • კავშირი “საფარი”

ტრანსგენდერი ადამიანების საკითხს დაეთმო რეაქცია 3 აპრილს. აღნიშნული გადაცემის გამო, თანასწორობის მოძრაობამ განცხადებით მიმართა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ინგა გრიგოლიას წინააღმდეგ.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებით, ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ ქარტიის მეშვიდე პრინციპი დაარღვია.

ამ პრინციპის თანახმად, "ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით."