რა განსხვავებაა ხილსა და ბოსტნეულს შორის — რატომაა პომიდორი ხილი?
ხშირად, როცა ხილისა და ბოსტნეულის ერთმანეთისაგან გამიჯვნას ვცდილობთ, საკმაოდ მარტივ ინდიკატორს, გემოს, ვეყრდნობით ხოლმე: თუ იგი მარწყვივით ტკბილია, მაშ, ხილი ყოფილა, ხოლო თუ შედარებით ნეიტრალური გემო აქვს — ბოსტნეული.
მართალია, კულინარიაში სწორედ ამ მიდგომას იყენებენ, თუმცა, ბოტანიკოსს თუ შეეკითხებით, არც იმის გაგება უნდა გაგიკვირდეთ, რომ პომიდორი ხილია.
შესაბამისად, ყოველდღიურ ცხოვრებაში ხილისა და ბოსტნეულის სხვადასხვაგვარი კლასიფიკაცია არსებობს, სტატიაში კი მასზე მოქმედ ფაქტორებსა და სამეცნიერო თვალსაზრისს გაგაცნობთ.
უმეტესობა საკითხს კულინარიულად უდგება, ამ შემთხვევაში კი ხილსა და ბოსტნეულს მათი გემოსა და არომატის მიხედვით მიჯნავენ. ამ თვალსაზრისით, ხილი მჟავე ან ტკბილია, ბოსტნეულს კი უფრო მლაშე, ცხარე ან ნეიტრალური გემო აქვს. ამ ორ კატეგორიას, შესაბამისად, სხვადასხვანაირად გამოიყენებენ: ხილს ძირითადად დესერტებსა და წვენებში, ბოსტნეულს კი — სალათებსა თუ ძირითად სადილში.
მიუხედავად ამისა, ბოტანიკოსის გადმოსახედიდან ეს საკითხი სრულიად განსხვავებულად გამოიყურება: წიგნზე "Postharvest Physiology and Biochemistry of Fruits" დაყრდნობით, ხილი თესლების მატარებელი სტრუქტურაა, რომელიც აყვავებული მცენარის ნასკვიდან წარმოიქმნება. შესაბამისად, პომიდორი, კიტრი, წიწაკა, გოგრა, ბადრიჯანი, სიმინდი, ლობიო და ბარდა სინამდვილეში ხილია და არა ბოსტნეული.
მეორე მხრივ, ბოსტნეულია მცენარის ყველა ის ნაწილი, რომელიც, წინა განმარტების მიხედვით, ხილი არ გამოდის: ფოთლები (ისპანახი, სალათის ფოთლები, კომბოსტო), ფესვები (სტაფილო, ჭარხალი, ტურნეფსი), ღერო (ბაღის სატაცური), გორგლი (კარტოფილი), ბოლქვი (ხახვი) და ყვავილები (ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო).
ის, თუ რას აღიქვამთ ხილად და რას — ბოსტნეულად, ნაწილობრივ თქვენს წარმომავლობასა და სასაუბრო ენაზეცაა დამოკიდებული. ამას 2011 წელს ჟურნალში Public Health Nutrition გამოქვეყნებული გამოკითხვაც მოწმობს.
კვლევის ფარგლებში აშშ-ის ზრდასრულ რესპონდენტთა 20% ბრინჯს ბოსტნეულად მიიჩნევდა. ინგლისურ ენაზე მოსაუბრეებს თუ შევადარებთ, ესპანურ ენაზე მოლაპარაკენი მას ბოსტნეულს უფრო ხშირად უწოდებდნენ, ხოლო ჩინურად მოსაუბრენი ამას ნაკლებად აკეთებდნენ. აზრი გაიყო ლობიოს შემთხვევაშიც, რომელიც ხშირად ბოსტნეულადაა მიჩნეული — ესპანურად მოსაუბრეებთან შედარებით, ინგლისურ ენაზე მოლაპარაკე ხალხი მას ბოსტნეულს უფრო ხშირად უწოდებდა.
ზოგჯერ ხილსა და ბოსტნეულს შორის არსებული განსხვავებები იმდენად დიდ დებატებში იზრდება, რომ კანონის ჩარევაც კი ხდება ხოლმე საჭირო. 1893 წელს აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ერთსულოვნად დააწესა, რომ იმპორტირებული პომიდვრისათვის გადასახადი იმდენივე უნდა ყოფილიყო, რამდენიც ბოსტნეულისათვის (ანუ ხილისაზე მეტი). მათ აღიარეს, რომ ბოტანიკური თვალსაზრისით პომიდორი ხილია, თუმცა მაინც ჩვეულებრივი, სამზარეულოში გამოყენებული, პრინციპით ისარგებლეს.
შესაბამისად, რა ხილია და რა — ბოსტნეული, ბოტანიკოსისა და მზარეულის გადმოსახედიდან განსხვავდება ხოლმე. სწორედ ამიტომ, შესაძლოა, ზოგჯერ სიტუაციურად სხვადასხვა განმარტებით სარგებლობაც მოგიხდეთ, თუმცა მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ერთმანეთისაგან მათ გასამიჯნად სამეცნიერო კლასიფიკაციაც არსებობს.
კომენტარები