ძაღლებს შესაძლოა, პატრონთან შეგებებისას თვალები სიხარულის ცრემლებით ევსებოდეთ
უკვე დიდი ხანია, მიიჩნევა, რომ სიხარულის ან სევდის თანმდევი ცრემლები ადამიანისთვის უნიკალურია და ეს სხვა არცერთ არსებას ახასიათებს. ამის მიუხედავად, ახალი კვლევის ფარგლებში ძაღლების მონაწილეობით ჩატარებული ექსპერიმენტების საფუძველზე მეცნიერებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ შესაძლოა, იგივე თვისება ჩვენს ოთხფეხა მეგობრებსაც ჰქონდეთ.
კერძოდ, არაა გამორიცხული, რომ პატრონთან შეგებებისას ისინი მხოლოდ კუდის ქიცინს ან სიხარულის გამომხატველ წკმუტუნს არ სჯერდებოდნენ და ბედნიერებისგან თვალები ცრემლებითაც ევსებოდეთ. ცდის განმავლობაში სპეციალისტებმა 18 ძაღლში ცრემლების მოცულობის 10-პროცენტიანი ზრდა შენიშნეს, რაც უბრალოდ ნაცნობი ადამიანის დანახვისას არ ხდებოდა, არამედ სწორედ ოჯახის წევრთან შეხვედრისას.
ეს მკვლევრებმა შეწოვის უნარის მქონე ქაღალდის გამოყენებით გაზომეს, რომელიც ცხოველთა ქუთუთოების შიგნით 60 წამის განმავლობაში მოათავსეს. ადამიანისთვის ამ სეკრეტის მოცულობა ემოციის სიძლიერის პარალელურად იზრდება და შესაძლოა, ჩვენს ოთხფეხა მეგობრებშიც ასეთი მექანიზმი მუშაობდეს.
როცა სხვა ექსპერიმენტის დროს მეცნიერებმა "სიყვარულის ჰორმონ" ოქსიტოცინის (ის ნდობასა და ემპათიასაც უკავშირდება) შემცველი ხსნარი 22 ძაღლს თვალში ჩააწვეთეს, უფრო მეტი ცრემლი გამოიყო, რაც ამ პროცესში მის პოტენციურ როლზე მიანიშნებს და ზემოხსენებულ ვარაუდს განამტკიცებს.
აღსანიშნავია, რომ ამაში ყველა მეცნიერი არაა დარწმუნებული. ზოგ მათგანს მიაჩნია, რომ ოქსიტოცინის დამატებისას სეკრეცია თვალის გაღიზიანებამ განაპირობა. თუმცა, ავტორთა თქმით, სხვა ხსნარის გამოყენებისას ცრემლის მოცულობა არ გაზრდილა, რაც საინტერესო კონტრარგუმენტია,
მეტი კვლევის ჩატარებაა საჭირო იმის გასარკვევად, თუ რამდენადაა ჩვენი ოთხფეხა მეგობრების სიხარულის ცრემლები ადამიანთან ურთიერთობასთან ადაპტაციის შედეგი, ანუ რამდენად ცდილობენ ისინი ამით პატრონების გულის მოგებას. საქმე იმაშია, რომ როცა მეცნიერებმა 74 ადამიანს ძაღლების 10 სურათი აჩვენეს, მათში მზრუნველობის განცდა უფრო მეტად "წყლიანი" თვალების მქონე ცხოველების ფოტოებმა აღძრა.
იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ და ძაღლები უკვე ათასობით წელია, ბედნიერად თანავცხოვრობთ, გამორიცხული არაფერია. ფაქტია, რომ მათზე ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Current Biology გამოქვეყნდა.
კომენტარები