მეცნიერებმა ანუსის არმქონე არსების საიდუმლო ამოხსნეს
მეცნიერები იუწყებიან, რომ მათ 500 მილიონი წლის მიკროსკოპული არსების ევოლუციური საიდუმლო ამოხსნეს. ეკლებიან ქმნილებას პირი აქვს, თუმცა ანალური ხვრელი — არა. 2017 წელს მისი აღმოჩენის შემდგომ ვარაუდობდნენ, რომ, შესაძლოა, ზღვის ეს პატარა ურჩხული ადამიანის ყველაზე ადრეული ჩვენთვის ნაცნობი წინაპარი ყოფილიყო.
უძველესი ცხოველი, სახელწოდებით Saccorhytus coronarius, დროებით მეორეულპირიანთა ჯგუფს მიაკუთვნეს. ეს უკანასკნელნი ხერხემლიანების (მათ შორის, ადამიანების) პრიმიტიული წინაპრები არიან. მიუხედავად ამისა, ახალი კვლევა გვთავაზობს, რომ არსება ცხოველთა სრულებით განსხვავებულ ჯგუფში უნდა შევიდეს.
ჩინეთისა და გაერთიანებული სამეფოს მეცნიერებმა არსების განამარხებულ ნიმუშს დეტალური რენტგენული ანალიზი ჩაუტარეს და დაასკვნეს, რომ იგი Ecdysozoa ჯგუფის წარმომადგენლებს (ობობებისა და მწერების წინაპრები) უნდა მიეკუთვნებოდეს.
ევოლუციური კუთხით დაბნეულობის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი ანუსის უქონლობა გახდა — Ecdysozoa ჯგუფის ქმნილებებს, როგორც წესი, ანალური ხვრელი აქვთ.
ერთ-ერთი საინტერესო მოსაზრების თანახმად, მთლიანი ჯგუფის კიდევ უფრო ადრეულ წინაპარს ანალური ხვრელი არ ჰქონდა, Saccorhytus კი ამის შემდეგ განვითარდა. შესაძლოა, სახეობამ იგი სულაც ევოლუციის პროცესში დაკარგა, რადგან არ სჭირდებოდა — ერთ ადგილას იჯდა და ყველაფრისთვის ერთი ხვრელი ჰქონდა.
სახეობის სხვა ჯგუფისათვის მიკუთვნების მთავარი მიზეზი მაინც ისაა, რომ თავდაპირველი გამოკვლევისას პირის გარშემო არსებული ხვრელები ლაყუჩებისათვის განკუთვნილ ფორებად აღიქვეს, ეს კი მეორეულპირიანთა პრიმიტიული მახასიათებელია. როცა მეცნიერებმა 1 მილიმეტრიანი არსების დეტალური შესწავლისთვის რენტგენის სხივები გამოიყენეს, ისინი სინამდვილეში მოტეხილი ეკლების ბაზა აღმოჩნდა.
მეცნიერები, რომლებიც ნიმუშების იკვლევენ, შემდეგ იმასაც ცდილობენ, რომ სახეობებს სიცოცხლის ხეზე თავიანთი ადგილი მიუჩინონ. ეს მათ დაეხმარება გაიგონ, თუ საიდან და როგორ განვითარდა თითოეული სახეობა.
აღსანიშნავია, რომ მკვლევრები ამ კამბრიული ნამარხების შემცველ ქვებს ისევ შეისწავლიან.
კომენტარები