იუპიტერის თანამგზავრ ევროპაზე შესაძლოა, წყალქვეშ პირუკუ, ქვემოდან ზემოთ თოვდეს
მზის სისტემის აირის გიგანტად წოდებული იუპიტერის თანამგზავრი ევროპა არამიწიერი სიცოცხლის საძიებლად დედამიწის სამეზობლოში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ციური სხეულია. მისი სქელი ყინულოვანი გარეთა ფენის ქვეშ უზარმაზარი ოკეანეა, რომლის სიღრმეც 60-150 კილომეტრამდე აღწევს და შესაძლოა, ჩვენს პლანეტაზე არსებულ წყალზე ორჯერ მეტს შეიცავდეს.
მის შესასწავლად 2024 წელს ორბიტერ Europa Clipper-ის გაშვება იგეგმება, რომელიც შეეცდება დაადგინოს, რამდენადაა იქაური გარემო სიცოცხლისთვის თავსებადი. ამისთვის აპარატი რადარით იქნება აღჭურვილი და მისი მეშვეობით ყინულის ფენის მიღმა არსებულ მიდამოს გამოიკვლევს.
მანამდე მეცნიერების მიზანია, გაიგონ, როგორია თავად ყინულის სტრუქტურა, რისთვისაც დედამიწას, როგორც ანალოგს განიხილავენ. კერძოდ, ანტარქტიდას, სადაც ყინული, ძირითადად, ორგვარად ფორმირდება. ის ან შელფური მყინვარების ზედაპირზე წარმოიქმნება, ან კრისტალების მყიფე ერთობლიობის, თოვლის მაგვარი სახით ცივ წყალში ჩნდება, ქვემოდან ზემოთ ადის და ყინულის საფარს უერთდება.
ევროპაზე, ანტარქტიდის მსგავსად, სიღრმესთან ერთად ტემპერატურა მცირედით იცვლება, რაც ასეთ პირუკუ თოვას უნდა უწყობდეს ხელს. თუ მკვლევართა ვარაუდი სიმართლეს შეესაბამება, მაშინ იუპიტერის თანამგზავრზე ნაკლებად მარილიანი ყინული იქნება, რაც მნიშვნელოვანია როგორც მის სტრუქტურაში გასარკვევად, ასევე, Europa Clipper-ის რადარის ეფექტიანობის განსასაზღვრად.
უკანასკნელმა მიგნებამ შესაძლოა, მისიისთვის სხვაგვარად მომზადების საჭიროება გამოკვეთოს და ევროპას მსგავსი ციური სხეულების შესასწავლად ახალი გზები მოგვაძებნინოს.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Astrobiology გამოქვეყნდა.
კომენტარები