თბილისის საკრებულოს დეპუტატი, გივი ჩხარტიშვილი გუშინ საქართველოში შემოსულ რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით გაკეთებულ საკუთარ განცხადებას გამოეხმაურა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ჩხარტიშვილმა საკრებულოს სხდომაზე მოუწოდა ყველას, რომ სტუმარ-მასპინძლობა და თავმდაბლობა გამოიჩინონ.

დეტალები: დეპუტატი საკუთარ განცხადებას ვაჟა-ფშაველას სტუმარ-მასპინძლიდან მოყვანილი ციტატით განმარტავს — "დღეს სტუმარია ეგ ჩემი, თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა".

  • მისი თქმით, რუსეთს ქართველების სისხლი მართებს, მაგრამ ამის გამო ქართული სტუმართმოყვარეობა ეჭვქვეშ არასდროს დამდგარა.
  • დეპუტატი ოპოზიციას და კრიტიკულ ტელევიზიებს პროვოკაციაში და "ფეიკ ამბების" გავრცელებაში ადანაშაულებს.
  • "ვწუხვარ ჩემი ოპონენტების გამო, რომლებიც ასე, მცირე-მცირე პროვოკაციებით და ტყუილებით ცდილობენ დიდი ზვავის აგორებას და ისე დააბრმავა პოლიტკურმა სიბრაზემ და უმწეობამ, მიდიან ყველაფერზე, თუნდაც ამ ზვავმა მთელი ქვეყანა დაიტანოს", — წერს ის.

არქივიდან: უმრავლესობის დეპუტატმა სხდომაზე განაცხადა, რომ სირცხვილიას მხრიდან პროვოკაციული პერფორმანსები ეწყობა.

  • მისი თქმით, ეს ხდება იქიდან გამომდინარე, რომ "ნაციონალური მოძრაობის მზაკვრული გეგმები ქვეყნის წინააღმდეგ ყველა მიმართულებით ჩავარდა".
  • ჩხარტიშვილი ამბობს, რომ ენმ ცდილობს შექმნას ისეთი ფონი, თითქოს რუსეთის მოქალაქეები ქვეყანაში რჩებიან.
  • "ჩვენი სტუმარ-მასპინძლობა, ჩვენი თავმდაბლობა აუცილებლად, ერის წინაშე მაქვს საუბარი, გამოვიჩინოთ და შესაბამისად მივყვეთ ჩვენი ქალაქის განვითარებას", — თქვა მან.

ფართო სურათი: მხოლოდ 2022 წლის ივლისში საქართველოში რუსეთის 156 737 მოქალაქე შემოვიდა.

  • ამასთან, გასულ კვირაში დედაენის ბარი, რომელსაც ანტიოკუპაციური მიდგომა და რუსი მომხმარებლებისთვის სპეციალური წესები აქვს, ასევე, ღიად უჭერს უკრაინას მხარს, კიბერთავდასხმის სამიზნე გახდა.
  • ასევე, რუსეთის მოქალაქეებმა ბარის სოციალურ ქსელებში მუქარისშემცველი კომენტარები დაწერეს.