ჩინეთ-ტაივანის კონფლიქტი ნახევარგამტარების კატასტროფულ დეფიციტს გამოიწვევს — რა უნდა ვიცოდეთ
აშშ-ს საზღვაო ძალებმა ოთხი სამხედრო ხომალდი განათავსეს ტაივანის აღმოსავლეთით. ეს მაშინ, როცა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი გაემგზავრა ტაივანის მოსანახულებლად. Reuters-ის ცნობით, ჩინეთმა განაცხადა, რომ თუ პელოსი ტაივანს ეწვეოდა ეს სიტუაციას მნიშვნელოვნად გაამძაფრებდა.
იმ შემთხვევაში თუ ჩინეთსა და ტაივანს შორის სამხედრო კონფლიქტი დაიწყება ეს საშინლად აისახება ნახევარგამტარებზე. ექსპერტების თქმით, ეს მსოფლიო ეკონომიკაზეც მასიურ გავლენას იქონიებს.
ასევე: რატომ ძვირდება ტექნიკა ყოველდღიურად — ნახევარგამტარების დეფიციტის სათავეებთან
მსოფლიო დამოკიდებულება ტაივანის ნახევარგამტარებზე
გასულ წელს ჩიპების გლობალურმა დეფიციტმა ხაზი გაუსვა თუ როგორაა დამოკიდებული მსოფლიო ეკონომიკა ტაივანზე. ნახევარგამტარების დეფიციტმა მასიური დამღუპველი გავლენა იქონია ავტო ინდუსტრიაზე, მაგალითად, აიძულა ბევრი მსხვილი ფირმა შეეჩერებინა წარმოება.
Taiwan Semiconductor Manufacturing Co. (TSMC) არის მსოფლიოში უმსხვილესი ჩიპების მწარმოებელი კომპანია და ის არის Apple-ის მთავარი მიმწოდებელიც. პოლიტიკოსებმა აშშ-სა და ევროპაში განიხილეს გადაუდებელი აუცილებლობა, გააძლიერონ ან შექმნან საკუთარი ჩიპების ინდუსტრია, რათა შეამცირონ TSMC-ის წარმოებაზე დამოკიდებულება.
სინგაპურის DBS ბანკის პოდკასტში, დენ ვანგმა, კვლევითი ფირმა Gavekal-ის ტექნოლოგიის ანალიტიკოსმა, ხაზი გაუსვა მსოფლიოს დიდ დამოკიდებულებაზე ტაივანის ნახევარგამტარებზე.
"თუ თქვენ გადახედავთ ბაზრის წილს, ნახავთ, რომ TSMC მთელ მსოფლიოში ნახევარგამტარების დაახლოებით 50 პროცენტს აწარმოებს. და ვფიქრობ, ეს ჯერ კიდევ არ ასახავს რამდენად მნიშვნელოვანად ვართ მასზე დამოკიდებული", — თქვა ვანგმა.
კონფლიქტის ამჟამინდელი გაზრდილი რისკი დასავლეთის მთავრობებს უბიძგებს დახარჯონ მილიარდობით დოლარი თავიანთი შიდა ჩიპების წარმოების შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად. მაგალითად, აშშ-ს კონგრესმა ახლახან მიიღო 52 მილიარდი დოლარის დაფინანსების კანონპროექტი, რომელიც დაეხმარება Intel Corporation-სა და TSMC-ს განავითარონ თავიანთი წარმოება ამერიკაში.
ომი ყველა მხარისთვის წამგებიანი იქნება
ცხადია, რომ ომის საშინელება ბევრად გადაწონის ჩიპების დეფიციტთან დაკავშირებულ პრობლემებს, თუ ჩინეთი ტაივანში შეიჭრება. TSMC-ის ხელმძღვანელმა, დოქტორმა მარკ ლიუმ ისაუბრა ამ თემაზე და ასევე ხაზი გაუსვა იმ როლს, რომელიც შეიძლება შეასრულოს ასეთმა შედეგმა გლობალურ ეკონომიკაში.
CNN-თან ბოლო ინტერვიუში დოქტორმა ლიუმ აღნიშნა, რომ "ომს შეუძლია პრობლემები შეუქმნას სამ მხარეს, ანუ ყველა მხარეს. ჩვენ უნდა მოვემზადოთ უარესისთვის, მაგრამ უნდა ვიმედოვნოთ უკეთესი. ამით ყველა მხარე წააგებს".
ჩიპების ინდუსტრია ტაივანს ეკონომიკურ ბერკეტს აძლევს აშშ-სა და ჩინეთს შორის გაზრდილი დაძაბულობის ფონზე. ექსპერტის ნაწილს მიაჩნია, რომ ეს ფაქტი ხელს შეუშლის ჩინეთს დაძაბულობის შემდგომი ესკალაციისგან, რადგან ქვეყანამ იცის ტაივანის მნიშვნელობა მსოფლიოსთვის.
კომენტარები