მსოფლიოში პირველად, გულის გადანერგვის ოპერაცია აივ ინფექციის მქონე 2 პაციენტს შორის ჩატარდა
"რბილად ნათქვამი იქნება, რომ გვეამაყება, რამდენს ნიშნავს ეს პაციენტებისა და სამედიცინო საზოგადოებისათვის", — პაციენტის კარდიოლოგი ომარ საიდი.
მსოფლიოში პირველად, აივ ინფექციის მქონე ერთი პაციენტის გული ასევე ინფიცირებულ მეორე პაციენტს გადაუნერგეს. მიღწევა მონტეფიორის სამედიცინო ცენტრის (ბრონქსი, ნიუ იორკი) ექიმებს ეკუთვნით. ინფორმაციას თავად საავადმყოფო ავრცელებს.
როგორც ირკვევა, ორგანოს მიმღები ქალი 60 წელს გადაცილებული გახლდათ და გულის მწვავე უკმარისობით იტანჯებოდა. მან გულისა და თირკმლის ტრანსპლანტატი გაზაფხულის დასაწყისში მიიღო. ოპერაცია ოთხ საათს გაგრძელდა.
აღსანიშნავია, რომ შეერთებულ შტატებში მონტეფიორი ერთ-ერთია იმ 25 ცენტრიდან, რომლებსაც ამ კომპლექსური ოპერაციის შემოთავაზება შეუძლია. საავადმყოფომ სახელი ინოვაციური მეთოდების (მათ შორის, დაღუპული დონორისგან გულის გადანერგვის ოპერაციის) ინიციირებით გაითქვა სახელი.
კანონი, რომელიც აივ ინფექციის მქონე პირებს სხვა ინფიცირებული პაციენტებისათვის ორგანოების გადანერგვის საშუალებას აძლევს, ჯერ კიდევ 2013 წელს მიიღეს. მიუხედავად ამისა, ოპერაციის ჩატარება თითქმის 10 წლის შემდეგ მოხერხდა.
"მნიშვნელოვანი სამედიცინო წინსვლის წყალობით აივ ინფექციის მქონე ადამიანები იმდენად კარგად მართავენ მდგომარეობას, რომ ახლა უკვე ამ დაავადების მქონე სხვა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენასაც შეძლებენ. ჩატარებული ოპერაცია ორგანოთა გადანერგვის ისტორიაში ნიშანსვეტია და ახალ იმედს სთავაზობს ადამიანებს, რომელთაც ერთ დროს გამოსავალი არ ჰქონდათ", — განაცხადა ულრიხ პ. ჟორდემ, ალბერტ აინშტაინის სამედიცინო კოლეჯის პროფესორმა.
შესაძლოა, ახალი პროცედურა არაერთ ადამიანს დაეხმაროს — ჯერ მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი გული 60-100 ათას ადამიანს ესაჭიროება, თუმცა 2021 წელს გადანერგვის მხოლოდ დაახლოებით 3800 ოპერაცია ჩატარდა.
"ეს რთული შემთხვევა და კარდიოლოგიის, ქირურგიის, ნეფროლოგიის, ინფექციური დაავადებების, ინტენსიური თერაპიისა და იმუნოლოგიის ნამდვილი მულტიდისციპლინური ბრძოლა იყო", — განაცხადა პაციენტის კარდიოლოგმა და აინშტაინის სამედიცინო კოლეჯის ასისტენტ-პროფესორმა ომარ საიდმა — "აივ ინფექციის მქონე პირებისათვის ამ ვარიანტის ხელმისაწვდომობა დონორების საერთო ფონდს გაზრდის, რაც ნიშნავს, რომ სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ორგანო მეტი ადამიანისთვის იქნება უფრო სწრაფად ხელმისაწვდომი, ინფექციის მქონენი იქნებიან ისინი თუ არმქონენი. რბილად ნათქვამი იქნება, რომ გვეამაყება, რამდენს ნიშნავს ეს პაციენტებისა და სამედიცინო საზოგადოებისათვის".
კომენტარები