ვიდეოკონტენტი — ყველაზე მძლავრი საკომუნიკაციო ინსტრუმენტი
წლიდან წლამდე ვიდეო კონტენტი სულ უფრო მეტად მოთხოვნადი ხდება და მყარდება მოსაზრება, რომ ის კომუნიკაციის საუკეთესო ინსტრუმენტია. საზოგადოების მიერ კონტენტის ამ მიმართულებისადმი დამოკიდებულებას სხვადასხვა პლატფორმის მიერ გამოქვეყნებული შედეგებიც მოწმობს. მაგალითად: 2022 წლის მონაცემებით, Facebook-ზე 500 მილიონი ადამიანი დღეში 4 მილიარდამდე ვიდეოს უყურებს.
გასაკვირი არ არის, რომ კომპანიები ცდილობენ, აქტიურად გამოიყენონ ვიდეო, როგორც მომხმარებელთან დამაკავშირებელი მედიუმი, თუმცა ხშირად საუკეთესო შედეგის მიღება არც ისე მარტივია. Zazzle Media-ს კვლევის თანახმად, კომპანიების 65% პროცენტისთვის ძალიან რთულია ხარისხიანი კონტენტის შექმნა.
ადვილად შესამჩნევია, რომ დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად, საქართველოში წარმოებული ვიდეო კონტენტის მოცულობა საგრძნობლად იზრდება და ხარისხიც იხვეწება. კომპანიები სულ უფრო აქტიურად თანამშრომლობენ სააგენტოებთან, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ეფექტური ვიდეო კომუნიკაციის განხორციელებისა და მიზნების მიღწევის შესაძლებლობას.
ქართულ ბაზარზე კონტენტის ამ მიმართულების შექმნაზე, მისი წარმოების პროცესში სააგენტოს როლზე, სააგენტოსა და კლიენტს შორის წარმატებულ თანამშრომლობასა და სხვა დეტალებზე, საქართველოში პირველი ვიდეო კონტენტ სააგენტო CONTACT-ის დამფუძნებელი და კრეატიული ხელმძღვანელი — გოგიტა ჩიკვაიძე გვიყვება.
რა განსაკუთრებული ღირებულება აქვს ვიდეოს კონტენტის სხვა მიმართულებებთან შედარებით?
შეიძლება ითქვას, რომ კერძო სექტორის ძირითადი ნაწილის შედეგიანი კომუნიკაციისთვის, განვითარებისა და წარმატებისათვის ვიდეო კონტენტი აუცილებელი გახდა. ამას ადასტურებს Wyzowl-ის გამოქვეყნებული განახლებული სტატისტიკა, რომელიც ამბობს, რომ ბიზნესის 84% იყენებს ვიდეოს, როგორც მარკეტინგულ ინსტრუმენტს.
"ვიდეოკონტენტს ახლა იმაზე მეტი ღირებულება აქვს, ვიდრე ოდესმე ჰქონია და მისი ფუნქცია მხოლოდ პროდუქტის ხალხისთვის გაცნობით არ განისაზღვრება. არსებობს 15-მდე გავრცელებული მიმართულება და ყველას საკუთარი წესები აქვს. ვიდეო შესაძლებლობას იძლევა, საუკეთესოდ გადმოსცე სათქმელი და მიიტანო ემოცია მომხმარებლამდე, რადგან კონტენტის დანარჩენი მიმართულებებისგან განსხვავებით, ის ადამიანის სხვადასხვა გრძნობის ჩართულობას მოითხოვს. მოძრავი და არა სტატიკური კადრი, ხმა/მუსიკა, ვიზუალურად და არა მხოლოდ ტექსტით მოყოლილი ამბავი — ეს ყველაფერი უზრუნველყოფს, რომ ვიდეოკონტენტი იყოს სავსე მეტად ემოციური და რაც მთავარია, უდიდესი შესაძლებლობებით", — ამბობს გოგიტა
ვიდეო ბიზნესს ეხმარება, ნათლად ახსნას, თუ როგორ მუშაობს მათი პროდუქტი, რა მიზნებს ემსახურება კომპანია თუ რას სთავაზობს მომხმარებელს. თუმცა, ამასთან, ტენდენცია მკაფიოდ მიანიშნებს, რომ ადამიანებს უყვართ ვიდეოების ყურება, მომხმარებელს კი უნდა მიაწოდო ის, რასაც სიამოვნებით მოიხმარს.
"თანამედროვე სამყაროში, თუ ბიზნესი ვიდეოთი არ ესაუბრება საზოგადოებას, ის ხელიდან უშვებს შანსს, ყველაზე პოპულარული და ეფექტური გზით დაამყაროს კომუნიკაცია. კომპანიებს ეს მშვენივრად ესმით— მარკეტერების 94% ამბობს, რომ ვიდეო კონტენტის გამოყენებამ ხელი შეუწყო მომხმარებლამდე პროდუქტისა ან სერვისის შესახებ ინფორმაციის მიტანას. ბოლო წლების განმავლობაში ვიდეო უდავო ლიდერია კონტენტის მიმართულებებს შორის. მნიშვნელოვანია, რომ ის ისტორიის დაარქივების საუკეთესო საშუალებაც გახდა", — ამატებს გოგიტა.
როგორი უნდა იყოს ვიდეოკონტენტ სააგენტოს ღირებულებები და მუშაობის მექანიკა?
ვიდეოკონტენტზე მუშაობა უამრავი დეტალის გათვალისწინებას ითხოვს, ამიტომ ეს შრომატევადი პროცესია, რაც საქმის სიყვარულის გარეშე არ გამოდის. გოგიტა ჩიკვაიძე სარეკლამო ინდუსტრიაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე, იმ მთავარ მახასიათებლებს გამოყოფს, რაც თანამედროვე, გამართულ სააგენტოს სხვებისგან გამოარჩევს.
"ვიდეოკონტენტ სააგენტო, პირველ რიგში, მოქნილი უნდა იყოს და მუდმივად გათვლილი ქონდეს ის რისკები, რომელიც სამუშაოს შესრულებისას შეიძლება წამოიჭრას. წინაღობების ნაწილში გასათვალისწინებელია გარემო პირობები და ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური მოვლენები, რადგან ხშირად, განსაკუთრებით არასტაბილურ გარემოში, ამ ფაქტორების უგულებელყოფამ შეიძლება საფრთხის წინაშე დააყენოს პროექტის წარმატება. კონტენტის შემქმნელი ვიდეოს მაყურებლის თვალით უნდა აფასებდეს, რადგან ამ გზით ბევრად მარტივად განსაზღვრავს, რა დააინტერესებს აუდიტორიას. ასევე მნიშვნელოვანია კლიენტის მხარეს მუშაობის გამოცდილება. კონტენტის წარმოებისას, საკითხისთვის სამივე პოზიციიდან შეხედვა 3D გამოსახულებით ყურებას ჰგავს, რაც ბევრად უკეთეს შედეგს იძლევა, ვიდრე ერთი კუთხიდან, სიბრტყეზე ყურება”, — ამბობს გოგიტა.
არ აქვს მნიშვნელობა, დიდია თუ მცირე სააგენტოს გუნდი, აქ სხვადასხვა ტიპის სამუშაოს სხვადასხვა სპეციალობის და გამოცდილების მქონე ადამიანები ასრულებენ. გუნდს კრეატიული დირექტორი ხელმძღვანელობს, აჯერებს დამკვეთის საჭიროებებს, რის შემდეგაც ვიდეოკონტენტზე მუშაობა იწყება.
"ვფიქრობ, სააგენტოს მთავარი საწვავი და ენერგია სწორედ გუნდია. ცხადია, უდიდესი ღირებულება აქვს თანამშრომლების გამოცდილებასა და ცოდნას, თუმცა, გარდა ამისა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქმისადმი სიყვარული და პატივისცემა. სააგენტოს გუნდი სხვადასხვა ფუნქციების პროფესიონალების შედგება: რეჟისორი, პროდიუსერი, ოპერატორი, ქოფირაითერი და სხვ. თითოეული მათგანის ჩართულობით უნდა იქმნებოდეს საერთო მუხტი, რომელიც საქმის საუკეთესოდ შესრულებაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. აუცილებელია განვითარების სწრაფი და მუდმივი ტემპი, რაც ერთი მხრივ თანამშრომლის მოტივაციაზე, მეორე მხრივ კი სააგენტოს მენეჯმენტზე და შექმნილ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული", — აღნიშნავს გოგიტა.
რა განსხვავებაა ვიდეოკონტენტ სააგენტოსა და ფროდაქშენ კომპანიას შორის?
საზოგადოების ნაწილისთვის ჯერ კიდევ რჩება კითხვები ვიდეოკონტენტ სააგენტოსა და ფროდაქშენ კომპანიების მუშაობის მექანიკასთან დაკავშირებით. გოგიტას მრავალწლიანი გამოცდილება ფროდაქშენის მიმართულებით შესაძლებლობას აძლევს, მარტივად ახსნას ამ ორ საქმიანობას შორის არსებული მთავარი განმასხვავებელი პრინციპები.
"კლიენტი ფროდაქშენ კომპანიებს მიმართავს მომზადებული სცენარით და მათგან მოითხოვს აღსრულებას — ვიდეოს გადაღებას. ვიდეოკონტენტ სააგენტოში კი კლიენტი მიდის კონკრეტული ამოცანის გადაჭრის მიზნით. საბოლოოდ, სააგენტო დიდწილად არის ჩართული არა მხოლოდ გადაღების, არამედ გადაღებამდე არსებულ პროცესებში. სააგენტო და კლიენტი ერთობლივად მსჯელობენ, რა გაკეთდეს და როგორ, შესაბამისად, დეველოპმენტის ნაწილში ორივე მხარეა ჩართული. შემდეგ ეტაპზე სააგენტო თავადვე გადადის ფროდაქშენში, რაც საკმაოდ ხელსაყრელია, რადგან გუნდის წევრებმა იციან მთავარი ჩანაფიქრი და მიზანი და აღსრულებაც ყველაზე უკეთ მათ გამოუვათ. კონტენტ სააგენტო ბოლომდე მიყვება, იყვარებს და გულშემატკივრობს საბოლოო პროდუქტს, რომელიც კლიენტისთვის იქმნება", — აღნიშნავს გოგიტა.
რაზეა დამოკიდებული კლიენტსა და სააგენტოს შორის წარმატებული თანამშრომლობის ჩამოყალიბება? როგორია CONTACT-ის მიდგომა?
კლიენტსა და სააგენტოს შორის ჰარმონიული პარტნიორული ურთიერთობა ხშირად ხდება წარმატებული პროექტების წინაპირობა. თუმცა, მსგავსი კოლაბორაცია მრავალ ფაქტორზე, მათ შორის ორივე მხარის ჩართულობაზეა დამოკიდებული.
"ვფიქრობ, კლიენტსა და სააგენტოს შორის წარმატებული ურთიერთობისთვის, ნდობა და ურთიერთპატივისცემა მთავარია. ხშირად ორი განსხვავებული მხარე განსხვავებულად ხედავს პრობლემის კონკრეტულ გადაწყვეტას. ასეთ დროს მნიშვნელოვანია არა საკუთარი პოზიციის ცალსახად დაცვა, არამედ მსჯელობა და ღირებული უკუკავშირი, რომელიც ხსნის კონკრეტულ პოზიციას. კლიენტთან ურთიერთობისას ვცდილობთ, ჩვენი გამოცდილება და ცოდნა გავუზიაროთ, თუ როგორი უნდა იყოს ეფექტური ვიდეოკონტენტი. არსებობს ცოდნა, რომელსაც საგანმანათლებლო სივრცეში ვერ მიიღებ, ეს მხოლოდ მუშაობის პროცესში ისწავლება. შესაბამისად, ჩვენი სააგენტო მიმართულია, რომ მიიღოს და გასცეს ცოდნა — გაიზარდოს კლიენტთან და მომხმარებელთან ერთად. ჩვენთვის ბევრ კლიენტს უთქვამს, რომ ვიდეოს გადაღება არ უყვარს, რადგან დამღლელი პროცესია, თუმცა პარტნიორობის შემდეგ აღუნიშნავთ, რომ ეს სასიამოვნო გამოცდილებად გადაიქცა. კარგი სააგენტო კლიენტს ვიდეოზე მუშაობის პროცესს აყვარებს", — ამბობს გოგიტა.
სააგენტოსა და კლიენტს შორის თანამშრომლობის სიხშირე და პერმანენტულობა მნიშვნელოვნად აისახება პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე. ასეთ დროს ორივე მხარე ერთად გეგმავს გრძელვადიან კომუნიკაციას.
"CONTACT-ი ყოველთვის ცდილობს ინდივიდუალურად მიუდგეს თითოეულ პროექტს და კლიენტს. პირველ რიგში, ვიგებთ რა არის ვიდეო კონტენტის შექმნის მიზანი და რა პრობლების გადაჭრა სურს დამკვეთს. შემდეგ უკვე იწყება იდეის დამუშავება და ბიუჯეტის შედგენა. ხშირად ხდება პირიქით, პარტნიორისგან ვიღებთ კონკრეტულ ბიუჯეტს და მისი გათვალისწინებით ვმსჯელობთ საუკეთესო გადაწყვეტაზე, რომ მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ არსებული რესურსი და მივიტანოთ მომხმარებლამდე სათქმელი. ჩვენ ვქმნით გამოცდილებას, რომელიც ამტკიცებს, რომ ამ კომპონენტების შესრულება შესაძლებელია კომპრომისის გარეშე, შეთანხმებულ ვადებსა და ხარისხში", — აღნიშნავს გოგიტა ჩიკვაიძე.
კომენტარები