ზვიგენები დინოზავრებზე ადრე არსებობდნენ — რა არის მათი წარმატების საიდუმლო?
ზვიგენები საკმაოდ გამძლე არსებები არიან. როგორც სახეობა, ისინი მინიმუმ 450 მილიონი წელია რაც არსებობენ. ზვიგენები გადაურჩნენ ოთხ მასობრივ გადაშენებას. მათ შორის კატასტროფას, რომელმაც 66 მილიონი წლის წინ დინოზავრების განადგურება გამოიწვია.
შესაბამისად, ზვიგენები უფრო ადრე იყვნენ ვიდრე დინოზავრები. შედარებისთვის დინოზავრები დაახლოებით 240 მილიონი წლის წინ გაჩნდნენ. მეტიც, ხეები დედამიწაზე 390 მილიონი წლის წინ განვითარდნენ. რაც შეეხება ზვიგენებს, ისინი პლანეტაზე 450 წლის წინაც იყვნენ.
მაშ, როგორ გადარჩნენ ზვიგენები ამდენი ხნის განმავლობაში? რა არის მათი წარმატების საიდუმლო?
ერთი ახსნა შეიძლება იყოს ის, რომ ზვიგენებს შეუძლიათ შეცვალონ თავიანთი ფიზიოლოგია გარემო პირობების საპასუხოდ. ეს შეიძლება იყოს ზომის შემცირება ტემპერატურის ზრდისას. ამ შესაძლებლობით სახეობას ეკოლოგიურ ცვლილებებზე ადაპტირება შეუძლია.
ზვიგენები სკატებისა და ქიმერების ახლო ნათესავები არიან, ისინი მიეკუთვნებიან თევზის ჯგუფს, რომელიც ცნობილია როგორც chondrrichthyes. ეს ჯგუფი განსხვავდება იმით, რომ მათი ჩონჩხის უმეტესობა შედგება ხრტილისგან და არა ძვლისგან.
სკატებზე გენის გამოკვლევებმა აჩვენა მათი ადაპტირების შესაძლებლობები, როდესაც წყლის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით იცვლებოდა. მაგალითად, კანადაში, სენტ-ლოურენსის სამხრეთ ყურეში მცხოვრებ ზამთრის სკატებზე დაკვირვებამ გამოავლინა, რომ 7 000 წლის განმავლობაში წყლის ტემპერატურის ზრდამ არსებების სხეულის ზომის მკვეთრად შემცირება გამოიწვია — საუბარია 45%-ზე.
ევოლუციური თვალსაზრისით, 7000 წელი მოკლე დროა. ამან მეცნიერებს აფიქრებინა, რომ ზამთრის სკატების ზომების სწრაფი ცვლილება ეპიგენეტიკური პასუხით იყო გამოწვეული, რომლის დროსაც გენის გამოხატულება იცვლება გარემო ფაქტორების გამო, ვიდრე ბუნებრივი გადარჩევის თანდათანობითი შერჩევით.
კრისტოფერ ლოუმ, საზღვაო ბიოლოგიის პროფესორმა განუცხადა Live Science-ს, რომ ზოგიერთ ზვიგენს ძალიან დიდი გენომი აქვს. ეს ნიშნავს, რომ ზვიგენები შეიცავენ გენებს, რომლებიც ახლა არ არის სასარგებლო, მაგრამ ოდესღაც სწორედ ასე გაუძლეს რთულ კლიმატურ პირობებს.
გარდა ამისა, ზვიგენების გარკვეულ ნაწილს მტკნარი და მარილიანი წყლის გარემოს შორის გადაადგილებაც შეუძლია. ეს უზარმაზარი ფიზიოლოგიური უპირატესობაა. ცნობილი აგრესიული ხარის ზვიგენი (Carcharhinus leucas) არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ზვიგენი, რომელსაც შეუძლია ცხოვრება სუფთა და მარილიანი წყლის გარემოში ერთდროულად.
ეს უნარი ზვიგენებს ტემპერატურისა და გარემოს ცვლილებების დროს გადარჩენაში ეხმარებოდა. იყო პერიოდები, როდესაც ყინული მასიურად დნებოდა და მტკნარი წყალი მიედინებოდა ოკეანეებში.
მაგალითად, ზვიგენი გვხვდება წყლის სხვადასხვა ნაწილში. ისინი ცხოვრობენ ღრმა ოკეანეებში, არა ღრმა ზღვებში და მდინარეებშიც კი. ისინი მრავალფეროვნად იკვებებიან კიდევაც: შეუძლიათ მიიღონ პლანქტონი, თევზი, კიბორჩხალა, სელაპები და ვეშაპებიც კი.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ზვიგენებმა შეძლეს თავიდან აეცილებინათ წინა მასობრივი გადაშენება, ისინი ამჟამად უპრეცედენტო გამოწვევის წინაშე დგანან: ეს გამოწვევა ადამიანია.
"ზვიგენებს წარსულში საკმაოდ კარგად შეეძლოთ გამკლავებოდნენ კლიმატურ ცვლილებებს, მაგრამ დღეს მათთვის მთავარი გამოწვევა გადაჭარბებული თევზაობაა. ამ მხრივ ზვიგენებს გადარჩენისთვის საჭირო ევოლუციური პირობები არ გააჩნიათ", — ამბობენ ექსპერტები.
ზვიგენების როლი ოკეანის მთლიან ეკოსისტემაში უმნიშვნელოვანესია. ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ კვებით ჯაჭვში. ამ ეკოსისტემაზეა აწყობილი საბოლოოდ მთლიანად სიცოცხლე პლანეტაზე.
"თუ თქვენ ამოიღებთ მტაცებლებს, ეს არღვევს მთელს ბალანსს და შეიძლება გამოიწვიოს ყველა სახის ცვლილება სისტემაში", — ამბობენ ექსპერტები.
კომენტარები