ჩინელმა მეცნიერებმა შექმნეს ლაზერი, რომლითაც სიტყვების ჰაერში დაწერაა შესაძლებელი
ჩინეთის ქალაქ უხანში მდებარე ჰონტუოს ერთობლივ ლაბორატორიაში მომუშავე მეცნიერებმა შექმნეს ლაზერული ტექნოლოგია, რომლის მეშვეობითაც ჰაერში სიტყვების დაწერაა შესაძლებელი. ინოვაციური მოწყობილობის დემონსტრაცია ახლახან შედგა.
ადგილობრივი გამოცემის, South China Morning Post-ის თანახმად, სპეციალისტები ამისთვის ძალიან მოკლე ლაზერულ პულსებს იყენებენ. მისი საშუალებით ისინი ჰაერის შემადგენელი მოლეკულებიდან ელექტრონებს აცალკევებენ და მათ პლაზმად, ანუ იონიზებულ აირად გარდაქმნიან, რომელიც ენერგიას სინათლის სახით გამოყოფს.
შედეგად ვიღებთ ჰაერში "გამოკიდებულ" გამოსახულებებს, კერძოდ, ჩინურ ლოგოგრამებს, რომელთა დანახვაც ნებისმიერი კუთხიდანაა შესაძლებელი და ერთგვარ შუამავლად მტვერს ან ღრუბლებს არ საჭიროებს.
"ახალი მოწყობილობით ჰაერში დაწერა ქაღალდისა და მელნის გარეშე შეგვიძლია", — აცხადებს ლაბორატორიის წამყვანი მეცნიერი, ჩაო შანდონგი.
ავტორების თქმით, გამოსახულებების შესაქმნელად მათ სამგანზომილებიანი სკანირების მეთოდს მიმართეს, რათა პიქსელების შესაბამისი წერტილები სივრცეში სათანადოდ გადაენაწილებინათ. თავად ლაზერის პულსები მხოლოდ რამდენიმე ფემტოწამის განმავლობაში გრძელდება, რაც წამის ერთი მეკვადრილიონედის ეკვივალენტურია, თუმცა მათი სიმძლავრე მილიონ მეგავატამდე აღწევს. ამის მიუხედავად, ხანმოკლე პულსების გამო, დანადგარი მხოლოდ მცირე რესურსს მოიხმარს.
გუნდი იმედოვნებს, რომ ახალ მეთოდს მომავალში კვანტურ კომპიუტერებში, ტვინის სკანირებაში, ჰოლოგრამებსა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიაში გამოიყენებენ.
კომენტარები