ნახეთ ციტატები "ომში ჩათრევაზე", რომელთა ჩვენებასაც სამხარაძე ითხოვდა და ამტკიცებდა, თითქოს არ არსებობს
"ვერ მომიტანთ ვერცერთ ციტატას, სადაც ქართული ოცნების პოლიტიკოსი, დეპუტატი ამბობს, რომ ევროკავშირს უნდა საქართველოს ომში ჩათრევა", — უთხრა მმართველი პარტიის დეპუტატმა, ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებს 20 ივლისს. ეს კი იმავე დეპუტატის სიტყვებია არც ისე შორეული წარსულიდან, კერძოდ, 11 ივნისს ნათქვამი: "ზოგს შეიძლება უნდოდეს, რომ საქართველო ომში იყოს ჩართული, მათ შორის ევროპაშიც".
დეპუტატი ცდება ან იტყუება და ამაში დასარწმუნებლად ნებისმიერი მედიის არქივი გამოდგება, სადაც მარტივი საძიებო ფრაზებით "ომში ჩათრევა", "ომში ჩართვა" და "მეორე ფრონტი" შეგიძლიათ იპოვოთ იმ განცხადებების გრძელი სია, რომლითაც მმართველი გუნდი ღიად თუ ფარულად ადანაშაულებდა ევროპასა და ამერიკას. დღეს სწორედ ამ ციტატებს გაგახსენებთ.
ჯერ გავიგოთ, რა "არ ახსოვს" სამხარაძეს
მას შემდეგ რაც საქართველოს ევროპარლამენტის დელეგაცია ეწვია, აქამდე კარგად ნაცნობი ირონიული და აგრესიული რიტორიკა განეიტრალდა. თუკი ადრე მმართველი გუნდის წევრები ომახიანად გვიმტკიცებდნენ, რომ ევროპარლამენტარების აზრი არ აინტერესებთ, ისინი არაფერს წარმოადგენენ და ქვეყნისთვის კარგი არ უნდათ, ახლა ჟურნალისტებს დაგვდეს ბრალი, რომ მათ ინფორმაციას არასწორად ვაწვდით, თითქოს სულაც არ არიან პარტნიორებთან ასეთი უხეშები.
"მე არ ვიცი თარგმნის, ვინ აწვდის ამ განცხადებებს [ევროპარლამენტარებს]. მათაც გვითხრეს, რომ ჩვენ მოგვდის ასეთი ინფორმაცია, რომ თქვენი მხრიდან კეთდება ასეთი განცხადებები. ზუსტად იგივე ვუთხარი, რასაც თქვენ გეუბნებით — ასეთი განცხადებები ჩვენი მხრიდან არ ყოფილა. თუ შეგიძლიათ მომიტანეთ ერთი ციტატა რომელიმე პოლიტიკოსის, რომელმაც თქვა, რომ ევროკავშირი ომში ითრევს საქართველოს. არ არსებობს ასეთი ციტატა და ნუ აბუქებთ თქვენ. სხვათა შორის, თქვენი პასუხისმგებლობაც არის მედიის, რომ ეს განცხადებები ზუსტად ისე გაიტანოთ საზოგადოებასთან, როგორც კეთდება", — განაცხადა დეპუტატმა.
მედიისკენ ხელის გაშვერა და დადანაშაულება მარტივი გზაა, მაგრამ სახარაძე მხოლოდ ამას არ დასჯერდა და იმის მტკიცება სცადა, რომ აქამდე განვითარებულ კონსპირაციის თეორიებში და "გარკვეულ ძალებში" ევროპა და ევროპარლამენტარები არ იგულისხმებოდა.
"ევროპარლამენტარებს საქართველოს ომში ჩართვა ნამდვილად არ უნდათ და არც ევროპარლამენტს არ უნდა და არც ევროკომისიას, არც ევროსაბჭოს, არც ბრიუსელს და არც არავის, არც კელი დეგნანს. თქვენ სად მოგისმენიათ რომელიმე განცხადება ჩემი, გინდაც ჩემი თანაგუნდელების, დასავლეთი [ცდილობს ომში ჩათრევას] ასეთი ფორმულირებით?
"გარკვეული ძალები" სხვა რამეა. ამომიღეთ ერთი ციტატა ქართული ოცნების დეპუტატის ან პოლიტიკოსის, რომელსაც ნათქვამი აქვს, რომ ევროკავშირი ცდილობს საქართველოს ომში ჩათრევას. აი, ეს ციტატა ამომიღეთ, მომიტანეთ და კი ბატონო, გაგცემთ ყველა კითხვაზე პასუხს".
სამხარაძე ჟურნალისტებს იმდენად მოწადინებული უმტკიცებდა იმას, რომ მსგავსი რამ არ უკადრიათ, არაერთხელ გაიმეორა: "არ არსებობს, გამორიცხულია და ვერ მოიტანთ ასეთ ციტატას".
აი, ის ციტატები
მმართველი გუნდი ღიად ანტიდასავლურ რიტორიკას უკე რამდენიმე თვეა ინარჩუნებს. პირველი სამიზნე, ტრადიციულად, ოპოზიცია იყო და სწორედ მათ დააბრალეს ომში ჩათრევის მცდელობა. შემდეგ წრე გაფართოვდა და უკრაინის მაღალჩინოსნებამდე გაიზარდა, დროთა განმავლობაში კი ანტიევროპული რიტორიკის ზრდასთან ერთად, ისრები ჩვენი ევროპელი პარტნიორებისკენ მიმართეს.
10 მაისს მმართველი პარტიის თავმჯდომარე შვეიცარიული ბანკის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის გადარიცხვების შეფერხებით იყო უკმაყოფილო და ამაშიც კი ომში ჩართვის მცდელობა დაინახა.
"თუ ვინმეს აქვს ასეთი მცდელობა, რომ ბიძინა ივანიშვილი მისი ნების წინააღმდეგ შემოაბრუნოს ქართულ პოლიტიკაში იმისთვის, რომ ქვეყანა ომში ჩაერთოს, მე მგონია, რომ ეს მინიმუმ მიუღებელი და არასწორია და თუ ვინმეს ასეთი მცდელობა აქვს, მე ვფიქრობ, რომ ის ბიძინა ივანიშვილს კარგად არ იცნობს", — განაცხადა კობახიძემ.
დაზუსტებით ვერ ვიტყვით, ვინ იგულისხმა კობახიძემ ევროკავშირი, ევროპარლამენტი, ევროკომისია, "რადიკალური ოპოზიცია", თუ უკრაინის ხელისუფლება. მაგრამ ჯერ კიდევ მაისში ამტკიცებდა იმას, თითქოს ვიღაცას აქვს საკმარისი გავლენა, შვეიცარიულ ბანკზე ზეწოლა მოახდინოს და ივანიშვილისთვის დისკომფორტის შექმნით ქვეყანა ომში ჩართოს. აშშ-ის ელჩმა აღნიშნა, რომ ეს კომენტარი დამაბნეველი და დეზინფორმაციის მსგავსი იყო.
მოგვიანებით, 10 ივნისს პარტიის გენერალური მდივანი და ქალაქის მერი უკმაყოფილო იყო ევროპარლამენტის რეზოლუციით, რომელშიც ივანიშვილის სანქცირებაზე იყო ლაპარაკი და გვეუბნებოდა, რომ არცერთ სიტყვას არ ეთანხმება. აქვე ატარებდა ღიად ანტიდასავლურ ნარატივს, რომ სტატუსზე რეკომენდაციის არმოცემით გვჩაგვარენ და ეს იმის გამო ხდება, რომ ქვეყანა ომში არ ჩაერთო.
გარდა ამისა, კალაძემ სცადა ისე წარმოეჩინა, ვითომ სანქციებზე საუბარი ევროპარლამენტის მხრიდან იყო ბიძგი ომისკენ. მანვე "საქართველოს ვითომ მეგობრებს" მოუწოდა, თავისი ქვეყნები ჩაერთოთ ომში.
"თითოეულ ჩვენგანს, რომ სანქციები დაუწესონ, ქვეყანა ომში არ ჩაერთვება. ქვეყანაში იქნება მშვიდობა, მოხდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. პირველ რიგში, აი, ის ვითომ ქვეყნის მეგობრებად რომ გვევლინებიან, თავიანთი ქვეყნები ჩართონ ომში. ჩვენზე ძლიერი ეკონომიკა აქვთ, ჩვენზე ძლიერი ჯარი ჰყავთ, ფინანსურადაც უფრო მაგრები არიან, ხალხის რაოდენობითაც უფრო მეტნი ცხოვრობენ საკუთარი ქვეყნებში და საკუთარი ქვეყნები ჩართონ ომში", — თქვა კალაძემ.
11 ივნისს თავად ნიკოლოზ სამხარაძემ ეს კონსპირაციები განავრცო, როცა თქვა, რომ "მათ შორის ევროპაშიც" შეიძლება ვინმეს უნდოდეს, საქართველო ომში იყოს ჩართული, თან ისიც დაამატა, რომ მსგავსი არასაჯარო საუბრები ყოფილა.
"სხვადასხვა ძალას შეიძლება სხვადასხვა მიზანი ამოძრავებდეს, ზოგს შეიძლება, საქართველოს ევროპული პერსპექტივა არ უნდოდეს, ზოგს შეიძლება, საქართველოში სტაბილურობა და სიმშვიდე არ უნდოდეს, ზოგს შეიძლება უნდოდეს, რომ საქართველო ომში იყოს ჩართული, მათ შორის ევროპაშიც.
სხვათა შორის, ყოფილა ასეთი საუბრებიც, რომ საქართველოს თურმე, მორალური უფლება არ ჰქონდა, შეეტანა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, იმიტომ რომ საკმარისი სისხლი არ არის დაღვრილი და ა.შ. ეს საჯარო განცხადებები არაა და ძალიან რთულია ამაზე საუბარი, მაგრამ როდესაც ასეთი მინიშნებაც კი კეთდება, აქ ბევრი რაღაც ეჭვებს აჩენს", — თქვა სამხარაძემ.
ამას დაემატა ტროლების, ბოტების და პრორუსების ერთიანი ძალისხმევა და საბოლოოდ, რიტორიკამ იმდენად საშიში ფორმა მიიღო, რომ 13 ივნისს კელი დეგნანმა თქვა, რომ განცხადებები, თითქოს აშშ-ს საქართველოს ომში ჩათრევა ან მეორე ფრონტის ხაზის გახსნა სურს, 100%-ით რუსული დეზინფორმაციაა.
14 ივნისს ელჩის პასუხად დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ სიტუაცია უფრო გაართულა და ახალი თეორიები განავრცო. კერძოდ, ელჩს უთხრა, რომ ომში ჩართვაზე მოწოდებები უკრაინიდან მოდიოდა და იკითხა ვინ დგას უკრაინის უკან, რითიც, სავარაუდოდ, იმაზე მიანიშნა, რომ ამ ქვეყანას მხარს ევროპა და აშშ უჭერს.
"მინდა გამოვეხმაურო ქალბატონი დეგნანის განცხადებას, რაც გუშინ გააკეთა, რომ ომთან მიმართებაში ეს არის რუსული პროპაგანდა. მე მაშინ მინდა შევახსენო ქალბატონ დეგნანს, ჩვენ ეს თემა ჰაერიდან არ მოგვიტანია, ჩვენ ამისკენ მოგვიწოდებდა უკრაინის სადაზვერვო სამმართველოს უფროსი, რომელმაც მოგვიწოდა, რომ მეორე ფრონტი უნდა გაიხსნას.
მათ შორის, ზელენსკის ადმინისტრაციის მრჩეველები, რომლებიც ამბობდნენ, რომ რა ცუდია, რომ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა არ არიან ხელისუფლებაში საქართველოში, იმიტომ, რომ მეორე ფრონტი გახსნილი იქნებოდა. მაშინ, ეს რა არის? ანუ, ისინი რუსულ ინტერესებს ასახიერებენ? ანუ, მათ უკად დგას რუსეთი?" — თქვა ზარქუამ.
17 ივნისს კობახიძე გვიმტკიცებდა, რომ კანდიდატის სტატუსი ქვეყანას არავითარ ფინანსურ თუ სხვა მატერიალურ პრივილეგიას არ ანიჭებს, მაგრამ გულდასაწყვეტია, რომ არ მოგვცეს. ამის მიზეზად კი ისევ და ისევ ომის არარსებობა დაასახელა. მეტიც, ისე წარმოაჩინა, თითქოს ევროინტეგრაციას მსხერპლი სჭირდება.
"გვესმის, რომ საქართველოს უკრაინისა და თუნდაც მოლდოვისგან განსხვავებით ამ სტატუსის მისაღებად აუცილებელი მსხვერპლი დღეს არ გაუღია. გვესმის, რომ 14 და მით უმეტეს 30 წლის წინ გაღებულ მსხვერპლსა და დაღვრილ სისხლს და 300 000 დევნილს დღეს ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის უკვე აქტუალობა აქვს დაკარგული", — განაცხადა მან.
20 ივნისს პრემიერმინისტრი უკვე პირდაპირ აცხადებდა, რომ უკრაინა სტატუსს იღებდა იმიტომ, რომ ომშია და ამას "ევროპელი კოლეგები ეუბნებოდნენ". მსგავსი განცხადებებით მმართველი გუნდი ცდილობდა გადაეფარა ის, რომ ევროკომისია და ევროპული საბჭო რეფორმების შესრულებისკენ მოგვიწოდებდა და სტატუსის ვერმიღების მიზეზად მხოლოდ ამას წარმოაჩენდა.
"თქვენ ნახეთ რამდენიმე დღის წინ, ევროპელი ლიდერები უკვე საჯაროდ ადასტურებენ ამ ფაქტს, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს იმიტომ, რომ უკრაინა არის ომში და ჩემთან პირად საუბრებშიც უთქვამთ, რომ მოლდოვაც არის მძიმე მდგომარეობაში. ასე რომ, ნამდვილად არ მშურს არც უკრაინის, არც მოლდოვის", — თქვა პრემიერმა.
22 ივნისს ღარიბაშვილმა ჩამოთვალა რა დანაკრები გვაქვს "NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის იდეისთვის" და იკითხა: "ამ ყველაფრის მიუხედავად, ესე იგი, თურმე საქართველო უნდა დაისაჯოს იმის გამო, რომ ომი არ არის დღეს საქართველოში? როგორ გავიგოთ ეს, მეგობრებო?".
დღეს ამტკიცებენ, რომ ევროკავშირისკენ ხელი არ გაუშვერიათ, მაგრამ ფაქტია, რომ მაშინაც და ახლაც მსგავსი ფრაზები ევროპელმა კოლეგებმა სხვანაირად აღიქვეს. მაგალითად, 22-23 ივნისს რამდენიმე ევროპარლამენტარმა პირდაპირ განაცხადა, რომ ევროკავშირი არ სჯის ქართველ ხალხს და საქართველოს არა ომში ჩართვას, არამედ რეფორმების გატარებას თხოვენ.
- მარკეტა გრეგოროვა: "თუ ქართულ ოცნებას სურს კანდიდატის სტატუსი, რუსეთის წინააღმდეგ ომი კი არ უნდა აწარმოოს, არამედ დემოკრატიული რეფორმები გაატაროს".
- მარინა კალიურანდი: "აბსოლუტურად არანაირი მოწოდება არ არის ომში ჩართვის. ევროპარლამენტში არავის სურს, რომ საქართველოში ომი იყოს".
- ანდრიუს კუბილიუსი: "არავინ არავის სთხოვს ომში ჩართვას, საჭიროა საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის ინსტიტუტებს ბოდიში მოუხადოს, რადგან ბრალდებები სრული სიცრუეა".
ამის შემდეგ რიტორიკა არ შერბილებულა, ივნისის ბოლოს ქართული ოცნება 3-მა დეპუტატმა დატოვა. მიზეზად ის დაასახელეს, რომ უფრო მეტის საუბარი უნდათ, ვიდრე მმართველი გუნდის პირობებში ახერხებდნენ. პირდაპირ განაცხადეს, რომ ქართულ ოცნებას არ ემიჯნებიან და ასევე პირდაპირ გაავრცელეს ანტიდასავლური კონსპირაციებიც. თქვეს, რომ ერთადერთი, რისთვისაც კანდიდატის თემა გახდა საჭირო, ხელისუფლებისთვის პოლიტიკური ფონის დამძიმება და რევოლუციური მუხტის შექმნა იყო, თან ისე წარმოაჩინეს, თითქოს ეს ევროპას სურდა.
- წასულები: კანდიდატის თემა იყო "სათაგური", რომელშიც ხელისუფლებას თავი შეაყოფინეს
- წასულები: დეკემბერში მისაღები გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და წლის ბოლოს საქართველოს კანდიდატის სტატუსს არავინ მიანიჭებს
6 ივლისს კობახიძე უკვე იმაზე კი არ ლაპარაკობდა, რომ სტატუსი ომში არჩართვის გამო არ მოგვცეს, არამედ უფრო ღიად კრემლისტური ნარატივით გვითხრა, რომ თუ ომში ჩავერთვებოდით, სტატუსი გარანტირებული გვქონდა.
"იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ უკრაინაში ომი დეკემბრის ბოლომდე მაინც დასრულდება. ღმერთმა დაგვიფაროს და თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი. თუმცა დამეთანხმებით, ასეთი კანდიდატის სტატუსის მიღება არ ღირს", — თქვა მან.
თითქოს ანტიევროპული რიტორიკა საკმარისი არ იყო, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდა თავდასხმები ელჩ კელი დეგნანზე. კობახიძემ განაცხადა, რომ ძალიან დამაფიქრებელი და შემაშფოთებელია დუმილი ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის საელჩოს პროგრამიდან მოხსნაზე და მოითხოვა, ელჩმა ფაქტი უარყოს ან პასუხისმგებლობა აიღოს.
გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ ლაგოდეხის, გორის და კიდევ რამდენიმე საკრებულოს წევრებმა ქართული ოცნება პირველი სამეულის მიზეზით დატოვეს, რომ "მეტი ეთქვათ" და დეგნანი აკრიტიკეს. ყაველაშვილმა კი ელჩს დიპლომატიკა დაუწუნა. შედეგად ის მივიღეთ, რომ სტრატეგიული პარტნიორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტრიბუნიდან, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა პირდაპირ გვითხრა: "დეზინფორმაცია და პერსონალური თავდასხმები არ შეესაბამება იმას, თუ როგორ ურთიერთობენ პარტნიორები ერთმანეთთან".
პრაისმა ისიც აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის ბოლოდროინდელი რიტორიკა "როგორც ჩანს, მიზნად ისახავს მოსახლეობის ჩამოშორებას ევროკავშირში გაწევრიანების მიზნიდან".
იმის ფონზე, როცა ხელისუფლება დუმილის რეჟიმშია ოკუპანტი ქვეყნის მიმართ, დამატებით ეჭებს ბადებს, რატომ ესხმიან ასე ღიად თავს დასავლელ პარტნიორებს. მიუხედავად იმისა ნიკოლოზ სამხარაძეს ახსოვს თუ არა, მარტივი შესამჩნევია, რომ ბოლო რამდენიმე თვეა მმართველი გუნდის რიტორიკა დასავლური ინსტიტუტებისადმი ნდობას არყევს.
კომენტარები