სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრებს გოეთეს ინსტიტუტის დირექტორი, ბარბარა მიუნჰაუზენი, ოფიციალურად შეუერთდა.

საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო არის უნივერსიტეტის უმაღლესი წარმომადგენლობითი, დამოუკიდებელი მმართველი ორგანო, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის ეფექტურ მართვასა და განვითარებას.

"ჩემთვის პატივია, ვიყო სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრი და ვიმედოვნებ, შევძლებ ჩემი გამოცდილების გაზიარებას, რომელიც ბოლო 19 წლის განმავლობაში გოეთეს ინსტიტუტის დირექტორად ყოფნის დროს მივიღე ბელარუსში, ბერლინში, ალმათიში და ახლა უკვე საქართველოშიც", — აღნიშნავს ბარბარა მიუნჰაუზენი, — "სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტში დაგროვებული გამოცდილების გათვალისწინებით, შემიძლია ვთქვა, რომ რამდენიმე ძირითად პრინციპს ემყარება საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს არსებობა: მხარდაჭერა, რჩევა, დახმარება. და სწორედ ამ ძირითადი ელემენტებით ვხელმძღვანელობთ ერთობლივი მუშაობის დროს".

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში სტუმრობისას ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა პროფესიონალმა პერსონალმა და პრაქტიკაზე ორიენტირებულმა სასწავლო კურსებმა, პროგრამების მრავალფეროვნებამ, სტუდენტებისადმი მიდგომამ და კომფორტულმა გარემომ.

ბარბარა მიუნჰაუზენი, გოეთეს ინსტიტუტის დირექტორი,

როგორც მიუნჰაუზენმა აღნიშნა, გოეთეს ინსტიტუტსა და სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტს შორის ურთიერთობის გაღრმავებას გეგმავს, აგრძელებს კულტურული აქტივობებისა და ევროკავშირის პროექტების განხორციელებას.

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის 14-წევრიანი საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო იტალიის, საფრანგეთის, გერმანიის, ირლანდიის, ავსტრიისა და ამერიკის ქვეყნების წარმომადგენლებს აერთიანებს.