ბენჯამინ კლემენტაინი — უსახლკარო ქუჩის მუსიკოსი, რომელიც მსოფლიომ აღიარა
როცა საკმარისად ნიჭიერი ხარ, დაბრკოლებები უბრალოდ დროებითი შეჩერებებია წარმატებისკენ მიმავალ გზაზე — ამის დასტური ბენჯამინ კლემენტაინია, რომელიც ღარიბ ოჯახში გაიზარდა, შემდეგ რაღაც პერიოდი უსახლკარო იყო, ბოლოს კი წარმატებულ მუსიკოსად იქცა.
ბრიტანელი მომღერალი, პოეტი, კომპოზიტორი და მსახიობი იმ ადამიანთა სიას მიეკუთვნება, რომელთა შემოქმედებასთან ერთად, ცხოვრებაც საინტერესო და მრავლისმთქმელია. ამ სტატიაში სწორედ ბენჯამინ კლემენტაინის შესახებ გიამბობთ, რომლის მოსმენაც წლევანდელ ROKVA-ს მუსიკალურ ფესტივალზე შეგეძლებათ. მანამდე კი, თუ კლემენტაინის შემოქმედებას უკვე იცნობ, ან მხოლოდ ახლახან აღმოაჩინე, მისი ცხოვრების შესახებ ფაქტები მუსიკოსს კიდევ უფრო შეგაყვარებს.
ბავშვობა
ბენჯამინ კლემენტაინი 5-შვილიან ოჯახში ყველაზე უმცროსი იყო. ის 1988 წელს ლონდონში, საშუალო კლასის ოჯახში დაიბადა.
როგორც მოგვიანებით კლემენტაინი იხსენებს, ის სკოლაში ბულინგის მსხვერპლი ხშირად იყო. გარდა ამისა, მამა აიძულებდა, რომ პროფესიად იურისტობა აერჩია, რადგან ეს შემოსავლიან საქმედ ითვლებოდა. ამ ყველაფრის მიმართ პროტესტმა ბენჯამინი თავის რეალურ სურვილებთან კიდევ უფრო დააახლოვა. ამ პერიოდში კლემენტაინი სკოლას ხშირად აცდენდა, სანაცვლოდ კი მთელ დღეებს ბიბლიოთეკაში ატარებდა, სადაც ინგლისურ ლიტერატურასა და პოეზიას ეცნობოდა.
ბავშვობაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენად ბენჯამინის უფროსი ძმის, ჯოზეფის მიერ ნაყიდი პიანინო შეიძლება ჩავთვალოთ. ინსტრუმენტთან დიდი დროის გატარების შემდეგ მომავალი მუსიკოსი მიხვდა, რომ პოეზიასთან ერთად, მუსიკა მისი ინტერესის კიდევ ერთი სფერო იყო. ოჯახის მხრიდან ამას კიდევ ერთი აკრძალვა მოჰყვა და ბენჯამინის მამა მას დაკვრის უფლებას არ აძლევდა. თუმცა სურვილის გაქრობას აკრძალვები ნამდვილად არ შველის, პირიქით, აძლიერებს კიდეც. შედეგად, ბენჯამინი ინსტრუმენტზე ჩუმად უკრავდა ხოლმე, როცა მისი მშობლები სახლში არ იყვნენ.
დამოუკიდებელი ცხოვრების დასაწყისი და აღიარება
მისაღებ გამოცდებზე ჩაჭრილმა კლემენტაინმა, რომელსაც ამ ფაქტის გამო ოჯახთან კონფლიქტი ჰქონდა, სახლი მიატოვა და მისი უსახლკარობაც ასე დაიწყო. ბევრი ჩვენგანი საკმაოდ გვიან ხვდება, თუ რისი კეთება სურს ცხოვრებაში და სინანულის გარეშე დროს რას დაახარჯავდა. კლემენტაინის შემთხვევა კი რადიკალურად განსხვავებულია. მან ზუსტად იცოდა, რა სურდა, თუმცა ფინანსური და ფსიქოლოგიური პრობლემების გამო სურვილებისა და რეალობის შეთავსება უჭირდა. მოგვიანებით, ოცნებების ასრულების მოლოდინით კლემენტაინი პარიზში გადავიდა საცხოვრებლად და ამ არჩევანში არ შემცდარა.
არც პარიზში ცხოვრების ადრეული წლები ყოფილა მარტივი, თუმცა სხვადასხვა და უცნაური სამუშაოს შემდეგ კლემენტაინმა დაზიანებული და იაფფასიანი გიტარა შეიძინა, საკუთარი კომპოზიციების შექმნა დაიწყო და ქუჩის მუსიკოსად იქცა. ის მეტროში, ქუჩასა და ბარებში უკრავდა. მართალია, ამ დროს ხშირად ღამის გასათევი და ცხოვრებისთვის საჭირო პირობები ნაკლებად ჰქონდა, თუმცა სანაცვლოდ მსმენელის დიდი სიმპათიები დაიმსახურა.
ქუჩის ნიჭიერი მუსიკოსი ერთ საღამოს საჭირო ადამიანმა შენიშნა და მისი ცხოვრებაც სწორედ ამ დღეს შეიცვალა. ერთ დღესაც პარიზის ერთ-ერთ მოედანზე უცნობი მუსიკოსის შესრულება აგენტს მოეწონა, რომელმაც მოგვიანებით მას სხვა ადამიანები გააცნო. ასე მოხვდა ბენჯამინი სხვადასხვა მნიშვნელოვან ფესტივალზე, 2012 წელს კი კანის კინოფესტივალზეც დაუკრა. თურმე შესაძლებელი ყოფილა, ერთ დღეს მეტროში უკრავდე, ძალიან მალე კი კანის კინოფესტივალზე შეკრებილი აუდიტორიის წინაშე წარდგე.
მუსიკალური შემოქმედება
პოეტი, მსახიობი და მუსიკოსი, რომელიც სიმღერის ტექსტებსაც თავად წერს და ასრულებს, ჟანრის მხრივაც მრავალფეროვნებით გამოირჩევა. როცა საქმე ბენჯამინ კლემენტაინის მუსიკას ეხება, საკმაოდ რთული სათქმელია, რა ჟანრს მიეკუთვნება მისი მუსიკა.
კრიტიკოსების ნაწილი მის შემოქმედებას ავანგარდიზმის, ექსპერიმენტულ პოპსა და თანამედროვე კლასიკას უკავშირებს, თუმცა მისი ერთგული მსმენელები დაეთანხმებიან იმ მოსაზრებას, რომ კლემენტაინის შემოქმედება მეტია, ვიდრე უბრალოდ სასიამოვნოდ მოსასმენი მუსიკა.
თავდაპირველი აღიარების შემდეგ კლემენტაინს სხვადასხვა ფესტივალზე იწვევდნენ და მისთვის დამახასიათებელი შემოქმედება თუ ჩაცმულობის განსაკუთრებული სტილი მალე მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. პირველი ალბომის, სახელად At Least for Now, გამოსვლის დროს ბენჯამინი ერთი უბრალო ქუჩის მუსიკოსი აღარ იყო, თუმცა ამ დებიუტმა მომღერალი კიდევ უფრო წარმატებული გახადა. ალბომი გამოსვლიდან ერთ თვეში იტალიის, შვეიცარიის, ბელგიის და ევროპის რამდენიმე ქვეყნის მუსიკალურ ტოპ-ათეულებში შედიოდა. რაც შეეხება ინგლისს, ბენჯამინმა ამ ალბომისთვის პრესტიჟული ჯილდო Mercury Music Prize მიიღო. 2017 წელს კლემენტაინმა ბრიტანულ ბენდ Gorillaz-თან ერთად სიმღერა Hallelujah Money ჩაწერა, ვიდეოკლიპში კი თავად მიიღო მონაწილეობა.
"მე მაქვს საკუთარი გზა, რათა ხალხს ჩემი რწმენა გაუჩნდეს", — ამბობს კლემენტაინი და აშკარაა, რომ ეს მართლაც კარგად გამოსდის. გარდა მსმენელისა, კრიტიკოსებიც კი აღიარებენ ბენჯამინის განსაკუთრებულ სტილს, რომელიც ტრადიციული სიმღერის სტრუქტურისგან თავისუფალია. ამასთანავე, მსმენელისთვის მელოდიის გარდა, მუსიკოსის სიმღერის ტექსტებიც საინტერესოა. ბენჯამინი მისთვის დამახასიათებელი სტილით გვიყვება სიყვარულის, სევდის, მელანქოლიისა და იმ გამოცდილების შესახებ, რომელიც თავად გამოუვლია. მსმენელებისთვის მისი ემოციების გაზიარება კი რთული ნამდვილად არ არის.
პოეზია
რაც შეეხება პოეზიას, კლემენტაინს ამ ბავშვობის ინტერესზე არც მუსიკალური კარიერის პერიოდში უთქვამს უარი. უფრო მეტიც, ის სიმღერის ტექსტებს თავად წერს. მუსიკოსის თქმით, როცა პოეზიის კითხვა დაიწყო, ყველაზე დიდი გავლენა მასზე სილვია პლათმა, იულიამ ბლეიკმა და კეროლ ენ დაფმა მოახდინეს. ფრანგული კულტურის გაცნობის შემდეგ კი, შარლ ბოდლერისა და პოლ ვერლენის შემოქმედებით მოიხიბლა.
აშკარაა, რომ პოეზიის ნიჭი და მელოდიების შექმნის სინთეზი კლემენტაინის შემოქმედებაზე ბევრს ამბობს. "პოეზია თავად არის მუსიკა. მე უბრალოდ გამიმართლა, რომ პოეზიის მუსიკად გარდაქმნა შემიძლია", — ამბობს კლემენტაინი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გარდა პოეტობისა და მუსიკოსობისა, ბენჯამინმა სამსახიობო კარიერაშიც სცადა ბედი. მაყურებელმა ის დენი ვილნევის 6 გზის ოსკაროსან ფილმ Dune-ში ნახა, რომელშიც ბენჯამინი ცვლილებების მაცნის როლს თამაშობს.
ბენჯამინ კლემენტაინი ამ წელს საქართველოს სტუმრობს და თუ მისი შემოქმედების გულშემატკივარი ხარ, ან ამ მუსიკოსის გაცნობა გსურს, ეს ნამდვილად კარგი შესაძლებლობაა. კლემენტაინი სიმღერებს ROKVA-ს ყოველწლიურ ფესტივალზე შეასრულებს, რომელიც 29-31 ივლისს შოვში გაიმართება.
ფესტივალი, რომელიც ელექტრონული მუსიკისა და ალტერნატიული როკის მსმენელებს განსაკუთრებით მოსწონს, დამსწრეებს წელსაც საინტერესო საღამოებს ჰპირდება. წლევანდელ ფესტივალზე ბენჯამინ კლემენტაინის გარდა, მაყურებელი სცენაზე სხვადასხვა ქართველ და უცხოელ შემსრულებელს იხილავს, მათ შორის არიან Nouvelle Vague, მიშელ გურევიჩი, Bedford Falls, Mellow, Eko & Vinda Folio, არა, Tamada, ბაჩო ჯიქიძე, ლექსო რატიანი, კოლექტივი და სხვა.
კომენტარები