ილონ მასკმა განაცხადა, რომ ტვიტერთან $44 მილიარდიანი გარიგების ჩაშლას ცდილობს. ბუნებრივია, ეს განცხადება კომპანიის აქციების ფასზე სწრაფადვე აისახა.

ორშაბათის ეგრეთ წოდებულ პრემარკეტზე სოციალური მედიის გიგანტის აქციები დაახლოებით 9%-ით დაეცა. ამის შედეგად, კომპანიამ საბაზრო კაპიტალიზაციიდან 2,2 მილიარდი დაკარგა. ამასთან, 5%-ით შემცირდა ტესლას აქციებიც, რომლის აღმასრულებელი დირექტორიც ილონ მასკია.

პრემარკეტი ერთგვარი წინასავაჭრო პერიოდია, რომელიც ბაზრის სესიის დაწყებამდე იხსნება. როგორც წესი, ეს დილის 8-დან 9:30-საათამდე პერიოდს მოიცავს. ბევრი ინვესტორი პრემარკეტს თვალს ადევნებს, რათა განსაზღვროს, როგორი სავაჭრო სესია იქნება იმ დღეს.

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ადვოკატმა Twitter-ის საბჭოს გარიგების შეწყვეტის შესახებ ჯერ კიდევ პარასკევს აცნობა. მილიარდერი ამის მიზეზად პლატფორმაზე ბოტებისა და ყალბი ანგარიშების რაოდენობას ასახელებს. მისივე თქმით, კომპანიისგან ყალბი ანგარიშების შესახებ ინფორმაცია ვერ მიიღო.

მეორეს მხრივ, Twitter-მა განაცხადა, რომ მან მასკს ყველა საჭირო ინფორმაცია მიაწოდა. კომპანიაში ამბობენ, რომ პლატფორმაზე სპამ-ანგარიშები ყოველდღიურად აქტიური მომხმარებლების მხოლოდ 5%-ს შეადგენენ.

Twitter-ის ბორდის ხელმძღვანელმა, ბრეტ ტეილორმა თქვა, რომ კომპანია სასამართლოში ჩივილს აპირებს. მასკმა ამას ტვიტერზევე გამოქვეყნებული მიმით უპასუხა.

იურისტების თქმით, სავარაუდოდ, ორივე მხარე გრძელვადიან სასამართლო დავაში ჩართვას აპირებს. მათივე შეფასებით, შესაძლებელია, მასკს გარიგებიდან გასვლისთვის $1 მილიარდის გადახდა დაეკისროს.

თავად მასკი Twitter-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მომხმარებელია. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანს ამ პლატფორმაზე 100 მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს.

კვლევითი კომპანიის, Radio Free Mobile-ის დამფუძნებელმა, რიჩარდ ვინდსორმა თქვა, რომ მასკის გარიგებიდან გასვლის რეალური მიზეზი კომპანიის აქციების ფასია. გარიგებისას მასკი ერთი აქციის სანაცვლოდ 54,2 დოლარის გადახდას დასთანხმდა, თუმცა პარასკევის მდგომარეობით კომპანიის ფასიანი ქაღალდების ღირებულება ამ თანხასთან შედარებით 32%-იყო გაუფასურებული.

აქციებით ვაჭრობა ახლა უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკით არის შესაძლებელი. ესტუმრე მობილბანკს, რომლის საშუალებითაც ისეთი საერთაშორისო კომპანიების ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას შეძლებ, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა. თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები, სადაც გაიგებ მეტს, თუ როგორ ივაჭრო აქციებით.

ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.