თურქეთში ფასების ზრდის საკითხი მწვავედ დგას — ინფლაციის წლიურმა მაჩვენებელმა მაისში 73,5%-ს, ხოლო ივნისში 78,6%-ს მიაღწია. თითქმის 80%-იანი ინფლაცია ამ ქვეყნისთვის ბოლო 24 წლის მაქსიმალური მაჩვენებელია.

იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთი რეგიონის მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოთამაშეა, აქ მიმდინარე პროცესები მეზობელ ქვეყნებზეც, მათ შორის ჩვენზეც, აისახება.

ექსპერტთა ნაწილი თურქეთში ფასების უკონტროლო ზრდას ხელისუფლების პოლიტიკას უკავშირებს. ისინი ფიქრობენ, რომ 2023 წლის საყოველთაო არჩევნებში ერდოღანის მთავარი "კონკურენტი" სწორედ ინფლაცია იქნება.

ფინანსთა მინისტრი, ნერედინ ნებატი საზოგადოებასა და პრეზიდენტს ჰპირდება, რომ სამომხმარებლო ფასების ინდექსი კლებას წლის ბოლოსკენ დაიწყებს. ამის პარალელურად, ეკონომისტთა ნაწილი უწყებების მონაცემებს არ ენდობა.

რამდენად სანდოა ოფიციალური მონაცემები

თურქეთში ამბობენ, რომ ქვეყანაში არსებული ინფლაცია ოფიციალურ მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად აღემატება. კვლევითი ორგანიზაციები კონკრეტულ რიცხვებსაც აქვეყნებენ.

თურქეთის დამოუკიდებელ ეკონომისტთა ჯგუფის (ENAG) ანგარიშში ნათქვამია, რომ სამომხმარებლო ფასების ინდექსი ივნისში 175%-ით გაიზარდა. მათივე შეფასებით, მიმდინარე წლის დასაწყისთან შედარებით, ფასები 71,4%-ით არის გაზრდილი.

სტამბოლის სავაჭრო პალატამ კი განაცხადა, რომ ინფლაციამ ქვეყნის ზოგიერთ დიდ ქალაქში 94%-ს მიაღწია.

"რეალურად, არავის სჯერა თურქეთის ოფიციალური მონაცემების" — თქვა ტიმოთი ეშმა, BlueBay Asset Management-ის ეკონომისტმა.

მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერმა, ქემალ კილიჩდაროღლუმ სტატისტიკის სამსახური ტყუილში დაადანაშაულა და მოუწოდა, "შეწყვიტოს დანაშაულის ჩადენა პრეზიდენტ ერდოღანის სასარგებლოდ".

კვლევითი ორგანიზაციის Metropol-ის გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ მოსახლეობის 69%-ს ENAG-ის არაოფიციალური მონაცემების სჯერა, ხოლო მთავრობის მაჩვენებლებს მხოლოდ 24% ენდობა.

რომელი მონაცემიც არ უნდა იყოს რეალური, ერთი რამ ცხადია: ქვეყანა ბოლო ათწლეულების განმავლობაში ფასების ზრდის ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ ზღვარზეა.

რატომ იზრდება ფასები თურქეთში

თურქეთი ევროპის სავალო კრიზისის შედეგად, ჯერ კიდევ 2012 წელს, მნიშვნელოვნად დაზარალდა. ამის შემდეგ ვალუტა დაეცა და 2013-2022 წლებში ლირა ფუნტთან მიმართებით 7-ჯერ გაუფასურდა.

მიმდინარე წლის რეკორდულად მაღალი ინფლაცია კი, უმთავრესად, საკვებსა და ენერგორესურსებზე გლობალურად გაზრდილმა ფასებმა გამოიწვია. ამას ხელი რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრამაც შეუწყო. თუმცა, თურქეთში ფასების ზრდას, სხვა ფაქტორებთან ერთად, პრეზიდენტ ერდოღანის მიერ გატარებულ პოლიტიკასაც უკავშირებენ.

2018 წელს ერდოღანმა "ახალი ეკონომიკური მოდელი" წამოიწყო, რომელიც მზარდი ინფლაციის გვერდის ავლით და ეკონომიკური ზრდის გასაძლიერებლად, სესხებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირებას გულისხმობდა.

მან პრიორიტეტად ეკონომიკური ზრდა და ექსპორტი დაისახა. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში ინფლაცია ანტირეკორდებს ხსნის, 2021 წლის დეკემბრის შემდეგ საპროცენტო განაკვეთი არ გაზრდილა. თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა ბოლო გადაწყვეტილება 23 ივნისს გამოაცხადა და განაკვეთი 14%-ზე დატოვა.

როგორც წესი, ინფლაციის შესაკავებლად ეროვნული ბანკები სესხების საპროცენტო განაკვეთს ზრდიან და ამით "ფულს აძვირებენ". თეორიულად, ეს ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობას ართულებს, რაც ამცირებს საერთო მოთხოვნას და ხელს უშლის ინფლაციის ზრდას. თუმცა, ყოველივე ეს ეკონომიკური ზრდის ხელის შემშლელიც არის — სწორედ ამაზე თქვა უარი ერდოღანმა.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის შემდეგ პრეზიდენტმა ცენტრალური ბანკის სამი ხელმძღვანელი გაათავისუფლა. ამის პარალელურად, მხოლოდ მიმდინარე წელს თურქული ლირა დოლართან მიმართებით 32%-ით გაუფასურდა. ინფლაციამ, რომელიც 2021 წლის დასაწყისში 15% იყო, ახლა 1998 წლის შემდეგ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. თურქეთში ამბობენ, რომ ერდოღანის ხელისუფლებაში მოსვლას სწორედ 1998 წლის კრიზისმა შეუწყო ხელი.

"ჩვენ ინფლაციის პრობლემა არ გვაქვს. ჩვენ არსებობისთვის საჭირო ხარჯების პრობლემა გვაქვს" — ამბობს ერდოღანი.

რატომ უნდა გვადარდებდეს ეს

თურქეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია. ყოველთვიურად ყველაზე მეტი საიმპორტო საქონელი სწორედ თურქეთიდან შემოგვაქვს. შესაბამისად, შესაძლებელია ითქვას, რომ ამ ქვეყნიდან საქართველოზე ინფლაციის გადმოცემის რისკი დიდია. ყველა ის საიმპორტო საქონელი, რომელიც თურქეთში ძვირდება — ძვირდება საქართველოშიც.

სტატისტიკა ასეთია: 2022 წლის იანვარ-ივნისში უცხოეთიდან საქართველოში 5,9 მილიარდი დოლარის იმპორტი განხორციელდა, რომლის ყველაზე დიდი წილი — 17,6% თურქეთზე მოდის. მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში თურქეთისგან 1 მილიარდის საქონელი ვიყიდეთ.

ამავე პერიოდში თურქეთიდან საქართველოში იმპორტირებული ტოპ-5 პროდუქტის ჩამონათვალი ასეთია:

  1. მსუბუქი ავტომობილები — $53,2 მლნ;
  2. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული — $32,9 მლნ;
  3. მზა ნაწარმი სხვა, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით — $24,8 მლნ;
  4. შავი ლითონების მილები, მილაკები და ღრუ პროფილები — $21,3 მლნ;
  5. შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციები და მათი ნაწილები — $20,9 მლნ.

გარდა იმპორტისა, თურქეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორია. უფრო კონკრეტულად, 2022 წლის იანვარ-ივნისში თურქეთი ექსპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალში მე-4 ადგილზე იყო. ოფიციალური წყაროების მიხედვით, პირველი ექვსი თვის მდგომარეობით, თურქეთზე საქართველოს ექსპორტის 9,9% მოდის ($254,1 მლნ).

რა ხდება საქართველოში

უკვე მეორე წელია, რაც საქართველოში მაღალი ინფლაციაა. ივნისის მდგომარეობით, ფასების საშუალო დონე წლიურად 12,8%-ით არის გაზრდილი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოშიც ინფლაციის მაჩვენებელზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათისა და ტრანსპორტის გაძვირებამ მოახდინა. საქსტატის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის ჭრილში სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში პროდუქცია 21,8%-ით არის გაძვირებული, ხოლო ტრანსპორტი 19,4%-ით.

მაღალი ინფლაციის საპასუხოდ, საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას გამკაცრებულ რეჟიმში ტოვებს, რაც რეფინანსირების განაკვეთის 11%-ზე შენარჩუნებით გამოიხატება.

ბუნებრივია, თურქეთში მიმდინარე პროცესები საქართველოში არსებულ ინფლაციაზე მოქმედ ფაქტორებს შორის ერთ-ერთია. ეროვნულ ბანკში ამბობენ, რომ ფასების დონის ზრდა მსოფლიო ბაზრებზე საკვები პროდუქტების, ნედლეულისა და ენერგორესურსების მნიშვნელოვნად გაძვირებამ გამოიწვია. ამის უმთავრეს მიზეზად მიწოდების შეფერხება სახელდება, რაც, თავის მხრივ, უკრაინის მიმართ აგრესიის საპასუხოდ, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შედეგია.

სებ-ში ამბობენ, რომ მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული დარჩება მანამ, სანამ ფასების ზრდასთან დაკავშირებული რისკები არ შერბილდება. ეროვნული ბანკის მიზანია, საქართველოში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს, 3%-ს დაუახლოოს.


დიდი ალბათობით, თურქეთი საქართველოს მთავარ საიმპორტო ბაზრებს შორის სამომავლოდაც დარჩება. შესაბამისად, ამ ქვეყნის ინფლაციური გარემო საქართველოში ფასების დონის ცვლილებაზე მუდმივად მოახდენს გავლენას.

რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე პროგნოზების გაკეთება მარტივი არ არის. ისიც რთული სათქმელია, როგორ მონეტარულ პოლიტიკას გაატარებს მეზობელი ქვეყანა წლის ბოლომდე. არსებული მონაცემებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2022 წელს თურქეთში 60,5%-იან ინფლაციას ელოდება.