გვწვავს, მაგრამ არ გვრუჯავს — ლეღვის ნახარში
უკვე თერთმეტი წელია, რაც ქართულ საზოგადოებაში ახალმა ტრადიციამ იჩინა თავი: გარუჯვის მიზნით ადამიანები სხეულზე ლეღვის ფოთლების ნახარშს ივლებენ, შემდეგ კი მზეზე წვებიან. მართალია, მომენტალურად კანი მიმზიდველ ყავისფერ შეფერილობას იძენს, თუმცა მცდელობა ყოველთვის, ვიმეორებ, ყ ო ვ ე ლ თ ვ ი ს დამწვრობით სრულდება.
რეალურად, ზემოხსენებული ნახარშის ამგვარ დანიშნულებაზე არცერთი სამეცნიერო მონაცემი არ მიგვანიშნებს და ლოგიკურია, რომ ჯერჯერობით ლეღვის ნახარშით გარუჯულიც არავინ გვინახავს. მიუხედავად ამისა, დამწვრობის ცენტრში შემდეგი მიზეზით ჯერაც ყოველწლიურად ხვდებიან.
ასევე იხილეთ: წელს ლეღვის ნახარშით დამწვრობის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
არსებობს მოსაზრება, რომ დამწვრობას ნახარშის არასწორი წესით მომზადება ანდა მზეზე დიდხანს დარჩენა იწვევს, თუმცა პასუხი ამაში სულაც არ იმალება — ლეღვის ფოთლები ორგანულ ნაერთებს, ფურანოკუმარინებს, შეიცავს, რომელთაც მზის სხივების ზემოქმედებით კანის დაზიანება შეუძლია გამოიწვიოს. შესაბამისად, რამდენადაც არ უნდა ეცადოთ, ეს ყველაფერი კარგად მაინც არ დასრულდება.
ფურანოკუმარინები + მზის სხივები = ფიტოფოტოდერმატიტი
ფურანოკუმარინები, იგივე ფუროკუმარინები, ორგანულ ნაერთთა ერთ-ერთი კლასია. ეს ნივთიერებები არაერთ მცენარეში წარმოიქმნება, ყველაზე დიდი რაოდენობით კი აყვავებულ მცენარეებში, ხილსა და მომწიფებულ თესლებში გვხვდება. გამონაკლისი ლეღვის მცენარე გახლავთ — აქ ფურანოკუმარინები უპირატესად ფოთლებისა და ღივების რძიან წვენშია თავმოყრილი.
ნახარშის დამზადებისას ფოთლებიდან სითხეში ფურანოკუმარინები თავისუფლდება. კანზე მოხვედრისას ეს ნივთიერებები ეპითელიუმის უჯრედების ბირთვში აღწევს. იმ შემთხვევაში, თუკი ნახარშის წასმის შემდეგ მზის სხივებს მიეფიცხებით, ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედების ქვეშ ფურანოკუმარინები დნმ-თან ბმას დაამყარებს, შედეგად კი უჯრედი დაზიანდება და მოკვდება. მდგომარეობას, რომელიც კანზე მცენარის კომპონენტებისა და მზის სხივების ურთიერთქმედების შედეგად იწყება, ფიტოფოტოდერმატიტი ეწოდება.
ამრიგად, თუკი სხეულზე ლეღვის ნახარშს წაისვამთ, მაგრამ მზის სხივები არ მოგხვდებათ, არაფერი დაგიშავდებათ. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ფურანოკუმარინებს ციტრუსებიც ჭარბად შეიცავს, შესაძლოა, კანზე მათი წვენის მოხვედრისა და მზეზე გასვლის შემდეგაც ანალოგიური შედეგი მივიღოთ.
მიჩნეულია, რომ ფურანოკუმარინების დანიშნულება მცენარეების მტაცებლებისგან (მწერები, ძუძუმწოვრები...) დაცვაა — ამ ჯგუფის მრავალი ნაერთი მომწამლავია. შესაბამისად, არც თეორიასა და არც პრაქტიკაში არ მოიპოვება იმის არანაირი მტკიცებულება, რომ ლეღვის ფოთლების ნახარშით გარუჯვა შესაძლებელი და მიზანშეწონილია.
ფიტოფოტოდერმატიტი
Healthline-ის მიხედვით, ფიტოფოტოდერმატიტი (ფიტო — მცენარეს ნიშნავს, ფოტო — მზის სინათლეს, დერმატიტი კი — კანის ანთებას) კონტაქტური დერმატიტის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც კანზე მცენარის კომპონენტებისა და მზის ზემოქმედების შედეგად ჩნდება.
მისი სიმპტომები შეიძლება იყოს:
- კანის შეწითლება და წვა;
- წყლულების გაჩენა;
- ქავილი;
- შესივება;
- ტკივილი;
- ტემპერატურის მომატება;
- გულისრევა.
როგორც წესი, წყლულებსა და ლაქებს უსწორმასწორო ფორმები აქვს. ისინი კანზე იმ ადგილას ჩნდება, სადაც ნახარში და მზის სხივები მოხვდა. დაახლოებით 1-2 კვირაში დაზიანება მოშუშებას თავად დაიწყებს, შემდეგ კი შესაძლოა, კანი გამუქდეს (ჰიპერპიგმენტაცია) და კვირების ანდა თვეების განმავლობაში დარჩეს ასე.
უარესი ზიანის თავიდან ასაცილებლად უმჯობესია, მზეს მოერიდოთ. დისკომფორტის შესამცირებლად შეგიძლიათ, დაზიანებული ადგილი მოიბანოთ, შემდეგ კი რაიმე ცივი დაიდოთ. მართალია, ფიტოფოტოდერმატიტის მსუბუქი შემთხვევები დროსთან ერთად თავადაც გაივლის, თუმცა სერიოზული დაზიანებისა და დისკომფორტის შემთხვევაში ექიმს აუცილებლად უნდა მიმართოთ.
და ჰო, რა მიზანიც არ უნდა გამოძრავებდეთ, ლეღვის ნახარშის კანზე წასმა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.
ასევე იხილეთ: რა ხდება გარუჯვის დროს ჩვენს ორგანიზმში — რა სარგებელი და ზიანი ახლავს რუჯს
კომენტარები