იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად აქტიურად ვიყენებთ ჩვენს ტელეფონებს, გასაკვირი არაა, რომ დროთა განმავლობაში მის USB პორტში გარკვეული რაოდენობის მტვერი და ჭუჭყი გროვდება. თუ თქვენი USB-C პორტი აღარ მუშაობს, ან არც ისე სუფთად გამოიყურება, ამ სტატიაში გასწავლით, როგორ უნდა გაასუფთაოთ იგი.

გაითვალისწინეთ:

  • მტვერმა და ჭუჭყმა, შესაძლოა, თქვენი USB-C პორტის გამართულად მუშაობას შეუშალოს ხელი;

  • USB პორტის გასაწმენდად ყველაზე უსაფრთხო საშუალება შეკუმშული ჰაერის ქილაა;

  • პორტის გასაწმენდად სითხე არ გამოიყენოთ.

საუკეთესო გზა ტელეფონის USB პორტის გასაწმენდად

USB პორტი ტელეფონის მყიფე ნაწილია, ასე რომ, იგი უხეშად არ უნდა გაწმინდოთ. ამისთვის ყველაზე უსაფრთხო საშუალება, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შეკუმშული ჰაერია. ჰაერის ნაკადი ჭუჭყს გარეთ გამოყრის და პორტის გასუფთავებას მასში რაიმეს მოთავსების გარეშე შეძლებთ.

ფოტო: Comp-U-Charge

აქვე, ჰაერის ქილა ყოველთვის ვერტიკალურ მდგომარეობაში შეინახეთ. გაწმენდის დროს იგი ტელეფონიდან მოკლე მანძილის დაშორებით დაიჭირეთ და პორტში ჩამჯდარი მტვრისა და ჭუჭყის გამოსადევნად პორტისკენ ჰაერის მოკლე ნაკადები მიმართეთ.

ჯიუტად ჩამჯდარი ჭუჭყის მოცილება USB პორტიდან

თუ გასუფთავების შემდეგ USB პორტში მაინც დარჩა ჭუჭყი, მაშინ სხვა მეთოდის გამოყენება მოგიწევთ. თუმცა, აქვე გაფრთხილებთ, რომ USB პორტში ნებისმიერი საწმენდი იარაღის მოთავსება სარისკოა და ნივთი მაქსიმალურად დელიკატურად უნდა გამოიყენოთ. იმ შემთხვევაში, თუ იარაღს არასწორი კუთხით მიმართავთ, შესაძლოა, დამაკავშირებლები მოხაროთ, ან დააზოანოთ. ამიტომ, თუ ამ საქმეში თქვენს თავს არ ენდობით, ჯობს ტელეფონი პროფესიონალთან მიიტანოთ.

თუ მაინც გადაწყვიტეთ, USB პორტი თვითონვე გაასუფთაოთ, მაშინ, შეგიძლიათ, ტელეფონის გასაწმენდი იარაღები გამოიწეროთ, ან კბილის ჩხირი ან ვიწრო პლასტმასის ჩხირი მოიმარჯვოთ. ქინძისთავის, ან რაიმე სხვა ლითონის გამოყენება რეკომენდებული არაა. ასევე, USB პორტში არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩატენოთ რამე.

ფოტო: XDA Developers

თქვენ მიერ არჩეული ხელსაწყოთი ძალიან ფრთხილად დაიწყეთ ცენტრალური ნაწილის გასუფთავება. გახსოვდეთ, რომ თქვენი მიზანი ჭუჭყის მოცილებაა, ასე რომ, ეცადეთ, იგი უფრო ღრმად არ შეიტანოთ. დელიკატურობისთვის, თუ რაიმე წინაღობას გადააწყდებით, მეტი ძალდატანების ნაცვლად, სხვანაირი მოძრაობით სცადეთ ჭუჭყის გამოტანა. საბოლოოდ, კიდევ ერთხელ მიმართეთ USB პორტისკენ შეკუმშული ჰაერი, რათა მასში ჩარჩენილი ნაწილაკები გამოდევნოთ.

როგორ დავიცვათ USB პორტი გაჭუჭყიანებისგან

თუ მტვრიან გარემოში გიწევთ ყოფნა, ან რეგულარულად ატარებთ ტელეფონს ჯიბით ან ჩანთით, მაშინ ნამდვილად ღირს მტვრის საწინააღმდეგო საცობებში, ან ჩაშენებული პორტის საფარის მქონე ტელეფონის ჩასადებში ინვესტირება. ეს თქვენი ტელეფონის USB პორტს გაჭუჭყიანებისგან დაიცავს და მისი გაწმენდა ხშირად აღარ მოგიწევთ. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ტელეფონის დატენვა უსადენოდაც შეიძლება, მაშინ, მტვრის საწინააღმდეგო საცობებთან ერთად, დატენვის ეს მეთოდიც დაგეხმარებათ USB პორტის გაჭუჭყიანების თავიდან აცილებაში.

ბოლოს კი, იმედი გვაქვს, ეს სტატია დაგეხმარებათ, თუმცა თუ პორტის დაზიანების გეშინიათ, ან ფიქრობთ, რომ ამ საქმეს დელიკატურად ვერ გაართმევთ თავს, ჯობს, პროფესიონალს დაუკავშირდეთ.