როგორ გავუმკლავდეთ მზით დამწვრობას? — რჩევები
ზაფხულის დადგომა ბევრი ადამიანისთვის ნანატრ დასვენებასთან, დასვენება კი ზღვასთან ასოცირდება. თუ თქვენც მათ რიცხვში ხართ და სანაპიროზე რუჯის მიღებას გეგმავთ ან უკვე ზღვისპირას იმყოფებით, სასურველია, მზით დამწვრობასთან გამკლავების მეთოდებს წინასწარ გაეცნოთ.
იმის მიუხედავად, რომ ზაფხულში კანის დაცვისკენ უამრავი დერმატოლოგი მოგვიწოდებს, ხშირად მათი რჩევების გათვალისწინება გვავიწყდება ან საკუთარ ჯანმრთელობას კარგ ნამზეურს ვამჯობინებთ ხოლმე. ასეა თუ ისე, ზოგიერთი ადამიანი რუჯის ნაცვლად, შედეგად დამწვრობას იღებს, რომელიც სერიოზულ დისკომფორტს გვიქმნის.
უნდა აღინიშნოს, რომ კანის ასეთი დაზიანების რისკს ქვიშისა და წყლის მიერ არეკლილი მზის სხივები ზრდის, მაგრამ ამ მხრივ, ზამთრის კურორტებიც არ გაზღვევთ, რადგან გამოსხივებას თოვლიც ირეკლავს. დამწვრობა შესაძლოა, სულ რაღაც 15 წუთში მიიღოთ, მაგრამ სიმპტომები მოგვიანებით, 3-5 საათში იჩენს თავს. წინამდებარე სტატიაში სწორედ ამასთან დაკავშირებულ რჩევებს გაგიზიარებთ.
როგორ უნდა მოვიქცეთ მზით დამწვრობისას?
სიმპტომები, როგორც წესი, 24-36 საათში მწვავდება. ტკივილი და სხვა თანმდევი დისკომფორტი შეიძლება 5 ან მეტ დღეს გაგრძელდეს. სამწუხაროდ, დამწვრობას უმალვე ვერ უშველით, რადგან კანს ამისთვის გარკვეული დრო სჭირდება. მდგომარეობის შესამსუბუქებლად:
- მიიღეთ მედიკამენტი — როგორც კი დამწვრობას იგრძნობთ, მზისგან მოფარებულ ადგილზე გადაინაცვლეთ და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული მედიკამენტი მიიღეთ, რომელიც სიწითლის შემცირებაში დაგეხმარებათ, ტკივილსაც გაგიყუჩებთ და მაღალ ტემპერატურასა თუ თავის ტკივილსაც უშველის (პრეპარატი სპეციალისტთან კონსულტაციით შეარჩიეთ).
- დალიეთ წყალი — როდესაც მზეზე დიდ დროს ატარებთ, მნიშვნელოვანია, რომ საკმარისი რაოდენობით წყალი დალიოთ, რათა ორგანიზმი დეჰიდრატაციისგან დაიცვათ. ეს განსაკუთრებულად საჭიროა დამწვრობის პირველი 2-3 დღის განმავლობაში. კარგია სხვა უალკოჰოლო სითხეებიც, როგორიც ნატურალური წვენებია.
- მზეს მოერიდეთ — იმისათვის, რომ კანის უფრო სერიოზული დაზიანებები აიცილოთ თავიდან, ეცადეთ, ჩრდილში იყოთ, ქოლგის ქვეშ, გადახურულ ვერანდაზე ან შენობაში. თუ გარეთ ძალიან ცხელა, ჰაერის კონდიცირების მქონე ნაგებობაში ყოფნა უკეთ გაგრძნობინებთ თავს. სასურველია, მზის სხივებს მსუბუქი სამოსითაც დაემალოთ.
- კანი დაიტენიანეთ — მზისგან დამწვარ კანს დატენიანება სჭირდება. შვებას ისეთი გელები მოგგვრით, როგორიც, მაგალითად, ალოე ვერაა, რომელიც გაგაგრილებთ და წვის შეგრძნებისგანაც გაგათავისუფლებთ.
- გაგრილდით — თუ კანის მხურვალება გაწუხებთ, ცივი კომპრესები გამოიყენეთ ან ცივი წყლით სავსე აბაზანაში ჩაწექით.
როდის უნდა მიმართოთ ექიმს?
არის შემთხვევები, როცა მზით დამწვრობა სერიოზულ ფორმას იღებს და ექიმის ჩარევის აუცილებლობას ქმნის. დაუყოვნებლივ მიმართეთ სპეციალისტს თუ:
- კანი ძალიან გეწვით და წყლულებიც გაქვთ
- სახე გისივდებათ
- სიცხე გაქვთ
- გამცივნებთ
- თავი გტკივათ
- მუცელი გტკივათ
- გონება გებინდებათ
- თავბრუ გეხვევათ ან გული მიგდით
- გაუწყლოებას განიცდით
შეგახსენებთ, რომ ამ ყველაფრის ასარიდებლად და კანისთვის ახალგაზრდა იერის შესანარჩუნებლად, მზისგან დამცავი საშუალებები უნდა გამოიყენოთ, მზეზე ყოფნის დრო და ხანგრძლივობა კი სწორად გასაზღვროთ.
რუბრიკის სპონსორია ექიმო. ექიმო არის აპლიკაცია, რომელიც სამედიცინო სერვისების მიღებას გიმარტივებთ. მისი გამოყენებით, შეძლებთ სახლში გამოიძახოთ ლაბორატორიული ანალიზები, დაჯავშნოთ ექიმთან ვიზიტი, რიგში დგომის გარეშე მიიღოთ სამედიცინო მომსახურება, მოძებნოთ მედიკამენტები და ელექტრონულად მიიღოთ კვლევებისა და მედიკამენტების დანიშნულებები, დიაგნოზები და სადაზღვევო მიმართვები.
კომენტარები