მეცნიერებმა რვაფეხასა და ადამიანის ტვინებში გენეტიკური მსგავსება გამოავლინეს
უხერხემლო ცხოველებს შორის რვაფეხა ყველაზე გამორჩეულია, რაც რთული სტრუქტურის მქონე ტვინითა და განვითარებული კოგნიტიური შესაძლებლობებითაა განპირობებული. ამით ის ხერხემლიან ორგანიზმებს უფრო მოგვაგონებს, მაგრამ რა არის მიზეზი?
მეცნიერთა ახალი კვლევის თანახმად, არაა გამორიცხული, რომ ყველაფრის სათავე ადამიანის ტვინთან მოლეკულური მსგავსება იყოს. კერძოდ, საუბარია ტრანსპოზონებზე, დნმ-ის უბნებზე, რომლებსაც გენომში გადაადგილების, ანუ ადგილმდებარეობის შეცვლისა და გამრავლების უნარი აქვს. სპეციალისტთა ანალიზმა აჩვენა, რომ ადამიანისა და რვაფეხას ორი სახეობის (ჩვეულებრივი და კალიფორნიული რვაფეხა) წარმომადგენლების ტვინებში ერთი და იმავე ტიპის "მოხტუნავე გენებია" აქტიური.
2001 წელს, ადამიანის გენომის გაშიფვრის შედეგად, ცნობილი გახდა, რომ მისი 45 პროცენტი სწორედ ტრანსპოზონებისგანაა შედგენილი, რომელთა უმეტესობაც მუტაციების გამო უკვე პასიურია ან ორგანიზმზე ხილული გავლენა არ აქვს. სხვები კი უცვლელია, თუმცა სხეულის თავდაცვითი მექანიზმის მიერაა დაბლოკილი.
მათში უნდა გამოვყოთ LINE-ის სახელით ცნობილი ელემენტები, რომელთა აქტივობაც ევოლუციური პროცესებიდან არაა შემორჩენილი, არამედ ტვინის მიერ რეგულირდება. ბევრი მეცნიერი მათ მეხსიერებასა და სწავლის უნარებს უკავშირებს. თანაც, ისინი ჰიპოკამპუსში გვხვდება, ტვინის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილში.
გენომის სეკვენირების თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, ამ ტიპის "მოხტუნავე გენებს" მკვლევრებმა რვაფეხების ნერვულ სისტემაშიც მიაგნეს, ტვინის იმ რეგიონში, რომელიც გონებრივ უნარებზეა პასუხისმგებელი. ამას ავტორები კონვერგენტულ ევოლუციას მიაწერენ, ფენომენს, რომლის დროსაც გენეტიკურად განსხვავებულ სახეობებში ერთნაირი მოლეკულური პროცესები მიმდინარეობს, საერთო საჭიროებებიდან გამომდინარე.
მათი ნაშრომი გამოცემაში BMC Biology გამოქვეყნდა.
კომენტარები