აღმოჩენილია მსოფლიოში უდიდესი ბაქტერია, რომელსაც შეუიარაღებელი თვალითაც დაინახავთ
მეცნიერებმა კარიბებში მდებარე არქიპელაგ გვადელუპაზე, მანგროს ტყეებში, მსოფლიოში უდიდესი ბაქტერია აღმოაჩინეს, რომლის დანახვაც შეუიარაღებელი თვალითაცაა შესაძლებელი. როგორც წესი, ასეთი ორგანიზმები იმდენად მიკროსკოპულია, რომ მათ სპეციალური მოწყობილობის გარეშე ვერც კი შევამჩნევთ, თუმცა ახლად გამოვლენილი სახეობა უჯრედის ზრდის თეორიულ საზღვრებს უპირობოდ არღვევს.
მას Thiomargarita magnifica ეწოდება, ძაფისებრი ფორმა აქვს და დაახლოებით ადამიანის წამწამის ზომისაა. პირველ ნიმუშებს მკვლევრებმა წყალში ჩაძირულ მანგროს ფოთლებზე, ჯერ კიდევ 2009 წელს მიაგნეს, თუმცა მაშინ არ იცოდნენ, რასთან ჰქონდათ საქმე. ეს გასაკვირი არცაა, რადგან 0.9 სანტიმეტრამდე სიგრძის ბაქტერიის არსებობის შესახებ აქამდე არაფერი იყო ცნობილი. ამას გენეტიკურმა ანალიზმა მოჰფინა ნათელი.
"ეს გასაოცარი აღმოჩენაა, რომელიც კითხვას ბადებს, თუ კიდევ რამდენი გიგანტური ბაქტერია არსებობს. ასევე, გვახსენებს, რომ ბაქტერიები ყოველთვის სათანადოდ უნდა შევაფასოთ", — აცხადებენ მეცნიერები.
Thiomargarita magnifica-ს მათ ფოთლების გარდა, ხამანწკების ნიჟარებზე, ქვებსა და მინის ბოთლებზეც მიაკვლიეს. ამის მიუხედავად, ჯერჯერობით ეს სახეობა ლაბორატორიულ პირობებში არ გაუზრდიათ.
ავტორთა თქმით, ამ ორგანიზმების სტრუქტურა ბაქტერიის კვალობაზე უჩვეულოა. მთავარი განმასხვავებელი მახასიათებელი სხეულის შემადგენელი დიდი ზომის ცენტრალური ნაწილია, რომელსაც ვაკუოლს უწოდებენ. ეს უჯრედული ორგანოიდი საშუალებას იძლევა, რომ კონკრეტული ფუნქციები სწორედ მის ფარგლებში მოექცეს.
მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ასეთი დიდი ზომა შესაძლოა, ადაპტაციის შედეგი იყოს, რომელიც ზემოხსენებულ სახეობას მსხვერპლად ქცევისგან იცავს. მათი ნაშრომი გამოცემაში Science გამოქვეყნდა.
კომენტარები