ყველაფერი, რაც მწვავე ალერგიაზე უნდა იცოდეთ
ალერგია ადამიანებში განსხვავებულად ვლინდება. ზოგ ჩვენგანს მსუბუქი სიმპტომები იჩენს თავს და ნაკლებად საშიშია, ზოგში კი ბევრად მწვავე ფორმა აქვს და შესაძლოა, სიცოცხლესაც შეუქმნას საფრთხე.
ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ რეაგირებს ჩვენი სხეული ალერგენებზე, ანუ ალერგიის გამომწვევ ნივთიერებებსა თუ საკვებზე. ასეთია, მაგალითად, ყვავილის მტვერი, ობის სოკოს სპორები და მტვერში არსებული მცირე ზომის ორგანიზმები. რადგან თითოეული მათგანი გარემოში მრავლად გვხვდება, მათ მიმართ ძლიერი ალერგიული ფონი იშვიათია. სამაგიეროდ, ამის გამომწვევი პოტენციური ალერგენებია:
- შინაური ცხოველების კანის ნაწილაკები.
- მწერების ნესტარი.
- კონკრეტული მედიკამენტები.
- საკვები.
საკვებში აღსანიშნავია შემდეგი პროდუქტები:
- მიწისთხილი.
- ხეზე მსხმოიარე თხილეული.
- თევზი.
- მოლუსკი.
- კვერცხი.
- რძე.
- ხორბალი.
- სოია.
სიმპტომები
მართალია, მსუბუქი ალერგიის სიმპტომები საშიში არაა, თუმცა ეს მთელ სხეულზე ახდენს გავლენას. ასეთია:
- გამონაყარი.
- ჭინჭრის ციება.
- გამონადენი ცხვირიდან.
- თვალების ქავილი.
- გულისრევა.
- სპაზმები მუცლის არეში.
მწვავე ალერგია ვლინდება დასივებით, რომელიც ზოგჯერ ყელიდან ფილტვებამდე ვრცელდება და ალერგიულ ასთმას ან ბევრად სერიოზულ გართულებას, ანაფილაქსიას ედება საფუძვლად.
დასივება და სუნთქვის გაძნელება
მსგავსი სიმპტომები მაშინ იჩენს თავს, როცა იმუნური სისტემა ორგანიზმში შემოჭრილი ალერგენების მიმართ ზედმეტად მგრძნობიარეა, რადგან "ჰგონია", რომ ისინი თქვენი ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია. ამ დროს სხეულში სხვადასხვა ნივთიერება გამოიყოფა, მათ შორის ჰისტამინი, ეს კი მწვავე რეაქციით სრულდება.
შედეგად, შეიძლება დასივდეს ტუჩები, ენა, ხელის ან ფეხის თითები და მთლიანი სახე, რაც სუნთქვის გაძნელებას განაპირობებს. თუ დასივება ყელზე გადავიდა, ეს ისეთ პრობლემებს წარმოქმნის, როგორიცაა გართულებული ყლაპვა და სუნთქვა, სუნთქვის უკმარისობა, ხიხინი და ასთმა. მათ გაკონტროლებაში ანტიჰისტამინური საშუალებები და სტეროიდები დაგეხმარებათ.
ალერგიული ასთმა
ასთმას ფილტვების გაღიზიანებისას სასუნთქი გზების შევიწროება და დასივება განაპირობებს. მისი ერთ-ერთი ფორმა ალერგიული ასთმაა, რომელიც სწორედ ალერგენებზე რეაქციის შედეგია.
მისი მკურნალობა ჩვეულებრივი ასთმის მსგავსად მიმდინარეობს. ამაში მოიაზრება ინჰალატორიც, რომელიც ისეთ მედიკამენტს შეიცავს, როგორიც სალბუტამოლია. ის სასუნთქ გზებს აფართოებს და იქ საკმარისი რაოდენობის ჰაერის ჩადინებას უწყობს ხელს. სამწუხაროდ, ანაფილაქსიის შემთხვევაში, ის არაეფექტიანია, რადგან პრეპარატი ფილტვებამდე ვერ აღწევს.
ანაფილაქსია
ანაფილაქსია იმუნური სისტემის უკიდურესი რეაქციაა, რომელიც ყელის იმ დონემდე დასივებას იწვევს, რომ ჰაერი ფილტვებამდე ვეღარ მიდის. ამასთან, შესაძლოა, სისხლის წნევა დაეცეს, გულისცემა კი შესუსტდეს. თუ ეს დიდხანს გაგრძელდება, მოსალოდნელია გონების დაკარგვაც.
მსგავსი სიმპტომებისას დაუყოვნებლივ გამოიყენება ადრენალინის ინიექცია, რაც სუნთქვის საშუალებას გაძლევთ.
დიაგნოსტირება
თუ საეჭვო სიმპტომები გაქვთ, დროულად მიმართეთ სპეციალისტს, კერძოდ, ალერგოლოგს, რომელიც სათანადო კვლევას ჩაგიტარებთ. ამისთვის საჭიროა რამდენიმე ტესტი, რომელიც ალერგენს გამოავლენს. ანაფილაქსიის შემთხვევაში, ექიმი გირჩევთ, ადრენალინის საინიექციო საშუალება მუდმივად თან ატაროთ.
დაიმახსოვრეთ, რომ დიაგნოსტირება აუცილებელია, რათა თქვენს სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს და იცოდეთ, სწრაფად რეაგირებისთვის რა მოიმოქმედოთ.
რუბრიკის სპონსორია ექიმო. ექიმო არის აპლიკაცია, რომელიც სამედიცინო სერვისების მიღებას გიმარტივებთ. მისი გამოყენებით, შეძლებთ სახლში გამოიძახოთ ლაბორატორიული ანალიზები, დაჯავშნოთ ექიმთან ვიზიტი, რიგში დგომის გარეშე მიიღოთ სამედიცინო მომსახურება, მოძებნოთ მედიკამენტები და ელექტრონულად მიიღოთ კვლევებისა და მედიკამენტების დანიშნულებები, დიაგნოზები და სადაზღვევო მიმართვები.
კომენტარები