ვენერაზე სიცოცხლის კვალს ვერ მიაგნეს — ახალი კვლევის შედეგები
2020 წელს ვენერა მეცნიერებისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სპეციალისტებმა პლანეტის ატმოსფეროში აირს, სახელად ფოსფინს მიაკვლიეს, რომელიც დედამიწაზე ბიოლოგიური პროცესების შედეგადაც გამოიყოფა. ამან მათ აფიქრებინა, რომ შესაძლოა, ჩვენს მეზობელ ციურ სხეულზე სიცოცხლე არსებულიყო, მიკროორგანიზმების სახით.
გამოითქვა აზრი გოგირდზე დაფუძნებული მეტაბოლიზმის მქონე მიკრობების შესახებაც, რომლებიც ვენერას ღრუბლებში ბინადრობენ. საქმე იმაშია, რომ გოგირდის დიოქსიდი (SO2) ამ პლანეტის ატმოსფეროს ქვედა ფენაში დიდი რაოდენობით გვხვდება, ზედაში კი ნაკლებად, რასაც მკვლევრები ვერ ხსნიან.
ამის შესახებ მეტის გასაგებად ისინი ბოლო 2 წლის განმავლობაში სხვადასხვა შესაძლო ვარიანტს განიხილავდნენ, მათ შორის იყო სიცოცხლეც, რადგან მისი არსებობა ასეთ უჩვეულო ქიმიურ შემადგენლობას, როგორც წესი, კარგად ხსნის. ეს იმიტომ, რომ ცხოველქმედებისას გარემოდან ერთ ელემენტს ვიღებთ, ხოლო მეორეს გამოვყოფთ, როგორც, მაგალითად, სუნთქვისას ხდება. ამ გზით წარმოქმნილი ნაერთები ბიოლოგიური პროცესების კვალია და მისი შემჩნევა ძნელი არაა.
ეს იმას ნიშნავს, რომ, თუ ვენერაზე მიკროორგანიზმები გოგირდის დიოქსიდით იკვებებიან, სანაცვლოდ ატმოსფეროს სხვა ნივთიერებებით უნდა ამდიდრებდნენ. ამის მიუხედავად ქიმიური რეაქციების მოდელირებამ აჩვენა, რომ ატმოსფეროს ზედა ფენაში ნაკლული (ანუ შთანთქმული) SO2-ის ეკვივალენტური რაიმე ნაერთი უბრალოდ არ არსებობს.
შესაბამისად, სიცოცხლე ამ ყველაფრის პოტენციურ მიზეზად ვერ გამოდგება, რაც დიდი პრობლემაა, რადგან ასეთი ქიმიური შემადგენლობის სხვა სარწმუნო ახსნა ჯერჯერობით არ მოგვეპოვება. არაა გამორიცხული, რომ ჩვენთვის უცნობი მეტაბოლური სისტემის მქონე მიკრობებთან გვქონდეს საქმე, მაგრამ ამის დადგენა გაგვიჭირდება. სამაგიეროდ, ეს ცოდნა ეგზოპლანეტების შესწავლაში გამოგვადგება
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature Communications გამოქვეყნდა.
კომენტარები