მეცნიერებმა უსწრაფესად მზარდი შავი ხვრელი აღმოაჩინეს
ასტრონომები თვლიან, რომ ბოლო 9 მილიარდი წლის განმავლობაში ყველაზე სწრაფად მზარდი შავი ხვრელი აღმოაჩინეს. მათი შეფასებით, სუპერმასიური შავი ხვრელი ყოველ წამში მოიხმარს ერთი დედამიწის ეკვივალენტს და აქვს 3 მილიარდი მზის მასა.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს უკიდურესად კაშკაშა კვაზარი, მანათობელი ობიექტი, რომელიც სუპერმასიურ შავ ხვრელთანაა დაკავშირებული. ეს ყველაფერი SkyMapper Southern Sky Survey — 1.3 მეტრიანი ტელესკოპის გამოყენებით Coonabarabran-ში, ახალ სამხრეთ უელსში. კვაზარების გამოსხივების წყაროდ გალაქტიკის ცენტრში მდებარე ზემასიური შავი ხვრელის აკრეციული დისკო მიიჩნევა. არ არის გამორიცხული, რომ კვაზარი განვითარების საწყის ეტაპზე მყოფი გალაქტიკა იყოს, რომელშიც ზემასიური შავი ხვრელი ახლოს მდებარე მატერიას შთანთქავს. ამ ობიექტებს კოლოსალურად დიდი გამონათება აქვთ.
ობიექტი სახელად J114447.77-430859.3, უფრო მოკლედ — J1144 7000-ჯერ უფრო მანათობელია, ვიდრე მთლიანად ირმის ნახტომი.
შემდეგი პოდკასტი: შავი ხვრელები — სამყაროს ყველაზე მისტიკური ობიექტები
რაც შეეხება შავ ხვრელს:
"შუქი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ამ მზარდი შავი ხვრელის მიმდებარე ტერიტორიიდან, ჩვენთან დაახლოებით 7 მილიარდი წელი მოდიოდა. არსებობს სხვა მსგავსი ზომის შავი ხვრელები, მაგრამ ისინი სამყაროს უფრო ადრეულ ისტორიაში არიან, სადაც გალაქტიკებს შორის შერწყმა ბევრად უფრო ხშირი იყო", — თქვა წამყვანმა მკვლევარმა დოქტორმა კრისტოფერ ონკენიმ, ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტიდან.
ცნობისთვის, სამყარო დაახლოებით 13,8 მილიარდი წლისაა.
J1144-ის ასეთი უჩვეულო სიკაშკაშის მიზეზი ჯერ კიდევ გაურკვეველია. ეს შეიძლება ორი დიდი გალაქტიკის შეეჯახება იყოს, რა დროსაც ბევრი გაზი ჩაეშვა შავი ხვრელისკენ.
"მეცნიერები ამ მზარდ შავ ხვრელებს 1960-იანი წლების დასაწყისიდან ეძებენ. ის ფაქტი, რომ რაღაცა ასეთი კაშკაშა გადაურჩა უამრავ ძიებას გასაოცარია", — ამბობენ მკვლევრები.
ის თუ რატომ ვერ ახერხებდნენ J1144-ის აღმოჩენას ამდენი ხანი, შეიძლება ნაწილობრივ განპირობებული იყოს მისი პოზიციით ღამის ცაში. მკვლევრების თქმით, ისინი აქამდე იქ არ ეძებდნენ, სადაც უნდა ეძებნათ.
ასევე: რა არის შავი ხვრელი — ყველაფერი, რაც ამ მისტიკურ ობიექტებზე ვიცით
მიუხედავად იმისა, რომ შავი ხვრელები თავად არ ჩანს — მათი გრავიტაცია იმდენად დიდია, რომ სინათლეც კი ვერ აღწევს მათ თავს — ისინი დაკვირვებადია იმ მატერიის გამო, რომელიც მათ გარშემო ტრიალებს.
"შავი ხვრელები მატერიით იკვებებიან, სანსლავენ მას. ამ დროს ხდება გამოსხივება, კვაზარები კი ამ გამოსხივების განსაკუთრებული ტიპია", — ამბობენ მკვლევრები.
ითვლება, რომ ყოველი გალაქტიკის ცენტრში გიგანტური შავი ხვრელია და ისინი მადას არ უჩივიან. თუმცა, ეს ახლად აღმოჩენილი შავი ხვრელი ამ მხრივაც გამორჩეულია და მისი მადა სხვებთან შედარებით ბევრად პრეტენზიულია. ის ძალიან სწრაფად "იკვებება" და ამით ზომაშიც რეკორდულად იზრდება.
სწორედ ეს მას გამორჩეულს ხდის და მეცნიერები ამ ახლად აღმოჩენილი ობიექტის შესწავლის გაგრძელებას აპირებენ.
კომენტარები