გაიცანით გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოს ფინალისტები და გამარჯვებულები
"გემი ყველაზე უსაფრთხოდ პორტშია, თუმცა ის ამისთვის არ აუშენებიათ", — ეს სიტყვები ამერიკელ მეცნიერს, კომპიუტერული მეცნიერების პიონერსა და სამხედრო ადმირალს, გრეის ჰოპერს ეკუთვნის. იგი მრავალი ათწლეულია, მისაბაძ მაგალითად იქცა ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანებისთვის. დღეს კი ჩვენ მისი სახელობის ჯილდოზე გიყვებით, რომელიც უკვე მეორე წელია, საქართველოში დარგის გაძლიერებისთვის მომუშავე ადამიანებს, ორგანიზაციებსა და პროექტებს წარმოაჩენს.
2022 წლის გრეის ჰოპერის სახელობის დაჯილდოება თიბისი კონცეპტის სივრცეში გაიმართა. აქ თავი მოიყარეს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში მომუშავე ადამიანებმა, რომლებიც დარგის მრავალფეროვნებისთვის სხვადასხვა ინიციატივას ახორციელებენ.
პროექტი უკვე მეორედ გაიმართა და, გასული წლის მსგავსად, აღმოაჩინა მომავლის ლიდერი ქალი, ICT სფეროს ჩემპიონი, საუკეთესო ტექნოლოგიური სტარტაპი, ქალების გაძლიერების პროგრამა, მრავალფეროვნების მხარდამჭერი ორგანიზაცია და ICT სექტორში ქალების გაძლიერების ქომაგი.
პროექტი USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, თიბისის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით ჩატარდა, მისი მხარდამჭერები კი საქართველოს პარლამენტთან არსებული გენდერული თანასწორობის საბჭო, Visa, UGT და Majorel Georgia იყვნენ.
ჩვენ გიამბობთ ექვსი კატეგორიის ფინალისტებსა და გამარჯვებულებზე, სპეციალური ჯილდოს მფლობელებზე, მათ მიღწევებსა და საქმიანობაზე.
მომავლის ლიდერი
მომავლის ლიდერის კატეგორიაში ჯილდოვდება 18-დან 30 წლამდე ადამიანი, რომელიც ტექნოლოგიების დახმარებით უკეთესობისკენ ცვლის საზოგადოებას, ამასთან ადრეული ასაკიდან შთამბეჭდავი აკადემიური მიღწევებითა და პროფესიული მისწრაფებებით გამოირჩევა.
მარიამ შარანგია (გამარჯვებული)
მარიამი საინფორმაციო ტექნოლოგიებით 16 წლიდან დაინტერესდა. წარმატებით დაასრულა ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი (UCL), იყო სტარტაპ VIENI-ის ბიზნესის განვითარების და ციფრული მარკეტინგის კოორდინატორი, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს გუნდს შეუერთდა, სადაც საქართველოს სტარტაპ და IT ეკოსისტემის განვითარებაზე დღემდე მუშაობს. მოგვიანებით მარიამმა როჩესტერის ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამის დაფინანსებით ისწავლა. მას მრავალი მიღწევა აქვს დარგში — იყო პროგრამის Women in Tech ლიდი, Forbes Woman Georgia-ში კონტრიბუტორი, გლობალური მეწარმეობის კვირეულის სპიკერი და სხვა.
ნინო გვაზავა (ფინალისტი)
ნინოს სამეცნიერო სფეროსადმი ინტერესი ბავშვობიდან ჰქონდა — დაამთავრა ფიზიკისა და მათემატიკის სკოლა და სწავლა ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით გააგრძელა. მუშაობდა არაერთ ტექნოლოგიურ კომპანიაში, შემდეგ კი High-tech solution-ის მმართველი დირექტორი გახდა და საქართველოში DevOps-ის მიმართულების განვითარება დაიწყო. მას უკავშირდება არაერთი ღონისძიება, პროექტი თუ კონფერენცია, რომელმაც ხელი შეუწყო ამ მიმართულების პოპულარიზაციას. ნინო დევოპსის პროგრამის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში.
სალომე ონიანი (ფინალისტი)
სალომე ალტე უნივერსიტეტში ტექნოლოგიური პროგრამების კოორდინატორია. მან ახლახან მიიღო დოქტორის ხარისხი ინჟინერიისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით და მუდმივადაა ჩართული სამეცნიერო და აკადემიურ საქმიანობაში. სალომე ეხმარება ახალგაზრდებს, გაიღრმაონ ინტერესი ტექნოლოგიების მიმართულებით და ამ მხრივ იგი ჩართულია პროექტში, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით, სკოლებში ხელოვნური ინტელექტის კლუბებს ავითარებს.
მომავლის ლიდერი თიბისის სტრატეგიული კომუნიკაციების ლიდმა, თამთა კუპრაძემ გამოავლინა. მისი თქმით, ეს ნომინაცია თიბისისთვის განსაკუთრებით სიმბოლურია.
ICT სფეროს ჩემპიონი
ICT ჩემპიონი ის ადამიანია, რომელიც ტექნოლოგიების ინდუსტრიაში სხვა ქალებისთვის მისაბაძი მაგალითია, ამასთან, სასიკეთო ცვლილებები მოაქვს საგანმანათლებლო, კერძო, სამთავრობო, საკონსულტაციო ან სხვა მიმართულებებში.
ნანა დიხამინჯია (გამარჯვებული)
ნანა დიხამინჯია ალტე უნივერსიტეტში ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის დირექტორი და Globalize-ის კალიფორნიის გუნდის ხელმძღვანელია. ნანა ტექნოლოგიების დარგში 2001 წლიდან სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს, ავითარებს კომპიუტერული მეცნიერებების, პროგრამულ უზრუნველყოფის, გეოსაინფორმაციო სისტემების, EdTech-ის, IOT-ის, მონაცემთა ანალიზისა და სხვა დარგებს. ნანამ 2014 წელს მოიპოვა დოქტორის ხარისხი გამოყენებით მათემატიკაში, მუშაობდა მისურის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და ვიცე რექტორი ინოვაციებისა და მეცნიერებების მიმართულებით, ასწავლიდა ინჟინერიას სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში და სხვა.
ანა ნაკაშიძე (ფინალისტი)
ანა ნაკაშიძე აზერტელეკომის გენერალური დირექტორია და იგი უკვე 20 წელზე მეტია, ტელეკომის ინდუსტრიაში მუშაობს. აზერბაიჯანში კარიერის გაგრძელებამდე ანა საქართველოში მთავარი ტექნოლოგიური ოფიცერი და მთავარი ტექნოლოგიური ოფიცრის მოადგილე იყო სილქნეტსა და ჯეოსელში; ჩართული იყო არაერთ საერთაშორისო პროექტში, რომელიც საქართველოში ინდუსტრიის განვითარებას ემსახურებოდა. იგი დღეს ტელეკომის დარგში ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა.
ქეთი მეფარიშვილი (ფინალისტი)
ქეთიმ ტექნოლოგიებში მედიისა და მარკეტინგის სფეროდან გადმოინაცვლა და დღეს ფინტექის მიმართულებით სათავეში უდგას ერთ-ერთ მოწინავე კომპანიას. მან ICT მიმართულებით დოქტორის ხარისხი მიიღო უელსის უნივერსიტეტში და გახდა ფინტექ კომპანია Twino-ს რეგიონული მენეჯერი. ამის შემდეგ მან საქართველოში დააარსა IT Hub Twino და მისი ქართველი დეველოპერების გუნდი უკვე მთელი მსოფლიოსთვის ქმნის ფინტექ პროდუქტებს. ქეთი 10 წელია კითხულობს ლექციებს მონაცემთა მეცნიერების, ციფრული მარკეტინგისა და მენეჯმენტის მიმართულებით.
ICT სფეროს ჩემპიონი კავკასიაში Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა, დიანა კიღურაძემ გამოავლინა. მისი თქმით, გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოს ფინალისტების წვლილი ქვეყნის განვითარებაში ძალიან დიდია.
სპეციალური ჯილდო ამ ნომინაციაში გადაეცათ მაგდა მაღრაძეს და ნინო მაჭარაშვილს. ისინი საქართველოში ტექნოლოგიებს სხვადასხვა ღონისძიების, პროექტების თუ კომუნების შექმნით ავითარებენ.
ტექნოლოგიური სტარტაპი
ამ კატეგორიაში გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდო გადაეცემა სტარტაპს, რომლის მმართველი ან დამფუძნებელი ქალია და რომელსაც გამორჩეული მიღწევები აქვს დარგში — იყენებს ინოვაციურ პროდუქტებსა თუ სერვისებს ან ავითარებს ბიზნეს მოდელს საინფორმაციო ტექნოლოგიების დახმარებით.
B2C (გამარჯვებული)
B2C პლატფორმაა, რომელიც ღრუბლოვანი სისტემების დახმარებით მუშაობს და მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, გახსნან ონლაინ მაღაზია, შექმნან კატალოგები, დაამატონ გადახდის სისტემები და ჰქონდეთ წვდომა ყველა იმ ფუნქციონალზე, რომელიც ონლაინ ვაჭრობისთვისაა საჭირო. B2C საქართველოს გარდა მუშაობს აზერბაიჯანში და მისი სამიზნე არეალი სამხრეთ კავკასიის, თურქეთსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს მოიცავს. კომპანიას უკვე 500-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.
CrossCreators (ფინალისტი)
Crosscreators პლატფორმაა გაფართოებული რეალობის კრეატორებისა და ინდუსტრიებისთვის. იგი 1000-ზე მეტ შემოქმედს აერთიანებს და 500-ზე მეტ კომპანიას ემსახურება. სტარტაპმა უკვე მოიზიდა 300 000 დოლარზე მეტი ინვესტიცია და პროდუქტის გაშვებიდან რამდენიმე თვეში შეძლო შემოსავლების გასამმაგება.
Self.ge (ფინალისტი)
ვებპლატფორმა Self.ge დამსაქმებლებს ადამიანური რესურსების მართვაში ეხმარება. სტარტაპს უკვე 200-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, რაც ჯამში 36 ათასზე მეტ თანამშრომელს მოიცავს. Selfge-მ უკვე მოიზიდა 150 000 დოლარზე მეტი ინვესტიცია და მუდმივად ვითარდება, რათა უფრო მოსახერხებელი გახადოს ადამიანური კაპიტალის მართვის საკითხები.
ნომინაციის გამარჯვებული UGT-ის მონაცემთა ცენტრის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ჯახუამ გამოავლინა და სტარტაპს UGT ქლაუდ სერვისებისთვის ფულადი ჯილდოც გადასცა.
ქალების გაძლიერების პროგრამა
ეს ნომინაცია აღიარებს იმ პროგრამას, პროექტს ან საზოგადოებრივ ინიციატივას, რომელიც ტექნოლოგიებში ქალების ჩართულობას უწყობს ხელს უნარების გაძლიერებით, საჯარო კამპანიებით, მენტორობითა და სხვა საშუალებებით.
Charte (გამარჯვებული)
Charte.ge პლატფორმაა, რომლის მიზანია, ინტერნეტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით, საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომი გახდეს მსოფლიო დონის განათლება. ჩართეს დონორების დახმარებით დევნილთა დასახლებესა და სოფლებში მცხოვრებ მოსწავლეებს წვდომა აქვთ ინტერნეტზე, ლეპტოპებზე, საგანმანათლებლო რესურსებზე, ტრენინგებზე მედიაწიგნიერების, ფინანსური და ონლაინ განათლების საკითხებზე. ამ დრომდე პროექტში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სოფლებიდან 1050 გოგო ჩაერთო.
Tech Girls (ფინალისტი)
Tech Girls-ს ახმეტის ინოვაციების ცენტრი პარტნიორებთან ერთად ახორციელებს. ინიციატივის მიზანია, ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ გოგოებს ჰქონდეთ შესაძლებლობა და შთაგონება, დაუმეგობრდნენ პროგრამირებას და ტექნოლოგიებს. კლუბი ახმეტის მრავალეთნიკური გარემოდან აერთიანებს 54 გოგოს, რომელიც ხშირ შემთხვევაში შესაძლებლობების მიღმა რჩება.
We-Tech (ფინალისტი)
We-Tech ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისა და მისი პარტნიორების მიერ განხორციელებული ინიციატივაა, რომლის მიზანია ნებისმიერი ასაკის ქალს მისცეს საშუალება, შეიცვალოს პროფესია და შეისწავლოს ახალი სპეციალობა ტექნოლოგიების დარგში. პროექტის ფარგლებში გადამზადება უკვე 50-ზე მეტმა ქალმა გაიარა და 25-ზე მეტმა მეწარმე ქალმა ციფრული უნარები შეიძინა.
პროექტ ჩართეს პარლამენტთან არსებული გენდერული საბჭოს წარმომადგენელმა, მარიამ ლაშხმა თამარ მეფის საკოლექციო მონეტა გადასცა.
ჩემთვის ძალიან ემოციური იყო აპლიკაციების წაკითხვა და გამარჯვებულის გამოვლენა. იმ მოკლე ვადაში, როცა ინოვაციების რეფორმა განხორციელდა, ასეთი წარმატება და მიღწევები ძალიან შთამბეჭდავია. ჩვენ მზად ვართ, საპარლამენტო, კანონშემოქმედებით ნაწილში, კიდევ უფრო წავახალისოთ ტექნოლოგიების სფერო. გენდერის საბჭოს მხრიდან კი ქალთა გაძლიერება ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია,
ფოტო: მაიკო გაგუა / On.ge
მრავალფეროვნების მხარდამჭერი ორგანიზაცია
ნომინაციაში იმ გამორჩეულ ორგანიზაციას აჯილდოებენ, რომელიც თანასწორობას, მრავალფეროვნებას და ტექნოლოგიებში ლიდერულ პოზიციებზე ქალების წინსვლას ემსახურება
Sweeft (გამარჯვებული)
მრავალფეროვნების მხარდამჭერი ორგანიზაცია წელს Sweeft-ი გახდა. Sweeft ციფრული სააგენტოა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით წამყვან კომპანიებს დეველოპერულ და ციფრული მარკეტინგის სერვისებს სთავაზობს. მისი გუნდი დღეს 400-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. Sweeft-მა მაღალი დონის განათლებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, აქსელერაციის პროგრამა წამოიწყო, რომელიც ახალგაზრდებს წარმატებული კარიერის შექმნაში უწყობს ხელს.
ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოს და Swift-ის ღირებულებები, მიზნები და პრიორიტეტები თანხვედრაშია ერთმანეთთან. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ და მომავალშიც ვეცდებით, გავაძლიეროთ ქალთა როლი ტექნოლოგიებში,
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) (ფინალისტი)
GAU 2005 წლიდან საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, განსაკუთრებით ქალებისთვის ინჟინერიისა და ტექნოლოგიურ მიმართულებებს ავითარებს. იგი მრავალფეროვან გარემოს ქმნის ორგანიზაციის შიგნითაც, რაც მმართველ პოზიციებზე ქალების მაღალი წილითაც გამოიხატება.
GEO STQB (ფინალისტი)
საქართველოს პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერების საბჭო საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელია საქართველოში. იგი ერთ-ერთი პირველი ორგანიზაციაა, რომელმაც საქართველოში ტესტერების ინდუსტრიის განვითარება დაიწყო და განსაკუთრებით დიდი როლი აქვს ამ მიმართულებით ქალების გაძლიერებაში.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი, ანა ფაშალიშვილი აღნიშნავს, რომ მრავალფეროვნების მხარდამჭერი ეს ორგანიზაციები გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერნი არიან. "ჩვენთვის ერთდროულად საამაყო და საპასუხისმგებლოა, რომ ვთანამშრომლობთ ამ კომპანიებთან და ერთად ვამაღლებთ ცნობიერებას ქალთა გაძლიერების საკითხებზე”, — ამბობს ანა.
აღსანიშნავია, რომ ამ კატეგორიაში სპეციალური ჯილდო გადაეცა კომპანიას Soplidan.ge, რომელმაც სოფლად მცხოვრებ ქალებს მისცა საშუალება, საკუთარი პროდუქტი ციფრული არხების საშუალებით გაყიდონ.
ICT სფეროში ქალების გაძლიერების ქომაგი
ეს ნომინაცია სქესის მიუხედავად იმ ადამიანს აჯილდოებს, რომელიც ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში გენდერულ თანასწორობას უწყობს ხელს და მისაბაძ მაგალითს წარმოადგენს სხვებისთვის.
თამთა კაპანაძე (გამარჯვებული)
ფოტო: მაიკო გაგუა / On.ge
თამთა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. ის Google Developer Group ქუთაისის დამფუძნებელი და თანაორგანიზატორი, Women Techmakers-ის ამბასადორი და Women in Tech from Georgia ჯგუფის თანადამფუძნებელია.
ტექნოლოგიების სფერო მე სამი წლის წინ, გაეროს ქალთა ფონდის ერთ-ერთ ღონისძიებაზე აღმოვაჩინე. იქ გაცნობილმა ადამიანებმა მიმახვედრეს, რომ შეიძლება იყო წარმატებული, მაგრამ მაშინ ხარ ღირებული სპეციალისტი, როცა სხვებს ეხმარები განვითარებასა და ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაში. ბოლო სამი წელია მე ამ პრინციპით ვცხოვრობ და ვაპირებ, ასე გავაგრძელო. ეს ჯილდო კი დასტურია იმისა, რომ რაღაცას სწორად ვაკეთებ,
გიორგი ჩაჩუა (ფინალისტი)
გიორგი 15 წელია, მასწავლებლებს, მოსწავლეებს, ახალგაზრდებს ეხმარება, რომ აიმაღლონ ციფრული უნარები, დაეუფლონ ტექნოლოგიურ პროფესიებს და ჩაერთონ ციფრულ ეკონომიკაში. გიორგი ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფაბლაბის ხელმძღვანელია და რეგიონებში არაერთ ტექნოლოგიურ პროექტს ახორციელებს.
ფოტო: მაიკო გაგუა / On.ge
ნათია სირბილაძე (ფინალისტი)
ნათია Geo STQB-ის თანადამფუძნებელი და დირექტორია. მას მრავალფეროვანი კარიერა აქვს ტექნოლოგიებში — იყო მთავარი IT ანალიტიკოსი საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, მუშაობდა UNDP-ის IT ბიზნეს კონსულტანტად, იყო თიბისის IT პროექტების მენეჯერი და სხვა. იგი აქტიურად მუშაობს Software ტესტერების პროფესიის პოპულარიზაციის და ამ დარგში ქალების როლის ზრდის კუთხით.
თამთა კაპანაძე კომპანია Majorel Georgia-ს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თეა რომანოვამ დააჯილდოვა და მას პორტუგალიაში უმსხვილეს ტექ კონფერენციაზე მოსაწვევი გადასცა.
გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდო ღირებული პროექტია საქართველოსთვის და მიხარია, რომ კომპანია Majorel ამ ინიციატივის წევრია. დარწმუნებული ვარ, ისტორიები, რომლებიც მოვისმინეთ, იქნება ბიძგის მიმცემი სხვა გოგოებისთვის, რათა კარიერა ტექნოლოგიებში გააგრძელონ,
ფოტო: მაიკო გაგუა / On.ge
განსაკუთრებული ჯილდო ამ ნომინაციაში გადაეცათ ლიკა მოშიაშვილს და ჰაიკ ასრიანცს.
გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდო — ორგანიზატორები და მომავალი
როგორც ნინუცა ნინიტაშვილი, პროგრამის კონსულტანტი ამბობს, პროექტის გამარჯვებულები არიან მაგალითები იმისა, რომ ტექნოლოგიების სფერო არის ყველასთვის.
"მადლობა ყველა პარტნიორს და მხარდამჭერს, რომელთა წყალობით შესაძლებელი გახდა პროექტის ჩატარება და ვიმედოვნებ, რომ ეს გახდება ტრადიციული ღონისძიება, რომლისთვისაც ადამიანები ყოველწლიურად მოემზადებიან. ვფიქრობ, გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდო იქნება ერთგვარი ხარისხის მაჩვენებელი და შთაგონების წყარო ტექნოლოგიების დარგში მომუშავე ადამიანებისთვის", — აღნიშნავს ნინუცა.
თიბისის რისკების მართვის დირექტორის, ნინო მასურაშვილის თქმით, გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდო თიბისის სტრატეგიასთან თანხვედრაშია და პროექტს მომავალშიც დაუჭერენ მხარს.
"ჩვენი მიზანი ტექნოლოგიების პოპულარიზაცია და ქალების მხარდაჭერაა, სწორედ ამას ემსახურება გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოც. სწორედ ამიტომაც, ჩვენ უკვე მეორე წელია, პროექტის აქტიური მხარდამჭერი ვართ USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან ერთად.
თიბისი ლიდერი ტექნოლოგიური კომპანიაა. 2019 წელს ჩვენ დავაარსეთ IT აკადემია, რომლის კურსდამთავრებულთა 22% ქალია. ამასთან მოწინავე ტექნოლოგიური პოზიციების დიდი წილი თიბისიში ქალებს უჭირავთ. ეს სასიხარულოა, რადგან წლების წინ ეს მაჩვენებლები ნულთან ახლოს იყო. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ სხვადასხვა ინიციატივითა და ძალისხმევით ეს რიცხვი მომავალშიც გაიზრდება, რადგან ქალების შემოყვანა ტექნოლოგიების კონკურენტულ სფეროში, გრძელვადიან პერიოდში, ქვეყნის სოციალურ ეკონომიკურ განვითარებაზე დადებითი ეფექტის მომტანია", — აღნიშნავს ნინო მასურაშვილი.
USAID-ის სტრატეგიისა და პროგრამების ოფისის დირექტორი, კლერ ბესონი კი აღნიშნავს, რომ გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდო კარგი შესაძლებლობაა ქალებისთვის და ეს არის საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის წარმატებული შედეგი.
საქართველოს აქვს პოტენციალი, გადეს ICT სექტორის ჰაბი, თუმცა ამისათვის საჭიროა, რომ უფრო ხშირად ვხედავდეთ ტექნოლოგიების სფეროში ლიდერულ პოზიციებზე განათლებულ ქართველ ქალებს",
გრეის ჰოპერის სახელობის დაჯილდოება 2023 წელსაც ჩატარდება და კვლავაც გამოავლენს ტექნოლოგიების სფეროში ყველაზე წარმატებულ, მოტივირებულ და სამაგალითო მოთამაშეებს. ჯილდოს შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებსაიტს www.ictwomen.ge
კომენტარები