ქართველი მებრძოლი საერთაშორისო ლეგიონში და მძიმე ბრძოლები სევეროდონეცკში
რესპონდენტის ინტერესებისა და უსაფრთხოების საკითხების გამო, გამოქვეყნების შემდეგ, სტატია განახლდა. მებრძოლის სახელი და სხვა მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია შეცვლილია.
უკვე 100 დღეზე მეტია დასავლური სამყარო ერთხმად აცხადებს, რომ ევროპის მომავალი უკრაინაში წყდება. ოცდამეერთე საუკუნის ევროპის უდიდეს ომში ბევრი ქვეყანა თამაშობს მნიშვნელოვან როლს. საქართველოს წვლილი ფრონტის ხაზზე მოხალისეების სიმრავლეა.
გიორგი [სახელი შეცვლილია] კონფლიქტის ეპიცენტრში ომის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში ჩავიდა. საერთაშორისო ლეგიონის წევრი გახდა და უკრაინაში საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძვის.
ამბობს, რომ რუსეთი საქართველოსა და უკრაინის საერთო მტერია და მაშინ, როცა აგრესორისთვის სერიოზული წინააღმდეგობის გაწევის და გამარჯვების რეალური შესაძლებლობა არსებობს, შანსი აქვს რუსეთს გადაუხადოს იმის გამო, რაც მის ქვეყანას გაუკეთა.
როცა პირველად ჩავიდა უკრაინაში, რთული სიტუაცია იყო, ვინაიდან რუსები ისევ დედაქალაქის შემოგარენში იყვნენ. კიევი ხალხისგან პრაქტიკულად დაცლილი იყო. ოკუპანტებმა კიევიდან გასვლა რომ დაიწყეს, საქართველოში დაბრუნება მოუწია.
ამბობს, რომ უკრაინაში გარკვეულ ჯგუფებს საჭირო მოწყობილობები არ ჰქონდათ და საქართველოში ყოფნისას მათი შეგროვება დაიწყეს. დროებით სარგებლობა სურდათ, თუმცა რამდენიმე საჩუქრად მიიღეს.
გვიხსნის, რომ ეს დიდი დახმარება იყო, რადგან ტექნიკა საკმაოდ ძვირი ღირს, თან თანადგომა იგრძნო. როგორც იხსენებს, ზოგიერთი იარაღიც გატანებასაც სთავაზობდა, მაგრამ საზღვარზე ვერ წაიღებდნენ.
უკრაინაში დაბრუნება
უკრაინაში მაისის დასაწყისში დაბრუნდნენ. ამბობს, რომ ასაკით ყველაზე პატარა მებრძოლი, ვინც ლეგიონში შეხვედრია, 21 წლის იყო.
მუდმივად ისმენდნენ ცნობებს, რომ სევეროდონეცკში დაძაბული სიტუაცია იყო და მოლოდინი ჰქონდა, ამ მიმართულებით მოუწევდა წასვლა. ასეც მოხდა. მდგომარეობა რთული დახვდათ, ჯგუფმა დანაკარგიც განიცადა.
გვიყვება, რომ სევეროდონეცკში შენობების დიდი ნაწილი ნაწილობრივ დანგრეულია, რადგან ორივე მხრიდან საარტილერიო დუელი მიდის, თუმცა სამოქალაქო პირები ქალაქში არიან.
"ორკების მხარეს გაცილებით მეტი დაიღუპა, მაგრამ ეს ჩვენთვის ჩვენს დანაკარგს არ აბათილებს. ომია, ყველაფერი ხდება. ჯგუფიდან რამდენიმე დაჭრილი და ორი დაღუპული გვყავდა. დაჭრილები კარგად არიან. არცერთის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება".
ოჯახს ომში წასვლის სურვილზე კარგი რეაქცია არ ჰქონდა, მაგრამ იცოდნენ, რომ გადაწყვეტილებას ვერ შეაცვლევინებდნენ.
"ნერვიულობენ, წამოსვლის დროსაც ნერვიულობდნენ, მაგრამ იციან, რომ მაქსიმალურად ფრთხილად ვარ. მიუხედავად დიდი საშიშროებისა, ემოციურად გვერდით მიდგანან და მაგაში გამიმართლა".
გვიყვება, რომ სევეროდონეცკის შემოგარენში რუსები უმრავლესობაში არიან, მას შემდეგ კი, რაც საერთაშორისო ლეგიონი შევიდა, ოკუპანტებმა სხვა ჯარებიც დაამატეს. პრაქტიკულად ყველა მაღალი დონის მებრძოლის კონცენტრაცია ახლა სწორედ ამ ქალაქისკენაა. მისივე თქმით, რეგულარულ ჯართან ერთად კადიროველები და რუსული სპეციალური დანიშნულების რაზმებიც იქ არიან, ამიტომ არის დიდი საარტილერიო დუელები და ინტენსიური ბრძოლები.
"მგონია, რომ უკრაინელები სევეროდონეცკის დაბრუნებას შეძლებენ, ცალკე საკითხია, რის ფასად მოხდება ეს, თუმცა სევეროდონეცკის დაცვა საკმაოდ რთული ამოცანა იქნება უკრაინული ძალებისთვის".
ქართველი მებრძოლი ამ ეტაპზე ყველაზე დიდ საფრთხეს სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის ალყაში ხედავს, რადგან იქ ბევრი უკრაინელი სამხედროა და შეიძლება, გზის გაკვალვა ბრძოლით მოუწიოთ. ამბობს, რომ თუ უკრაინა შორ მანძილზე მოქმედ სისტემებს მიიღებს, საქმე ბევრად გაუადვილდებათ და ზუსტი დამიზნების ჭურვებით რუსული ძალის განადგურებას უფრო მარტივად შეძლებენ.
"ბევრი საბრძოლო მასალა იხარჯება. ზელენსკის განცხადებები იმაზე, რომ მეტი იარაღი გვჭირდება, გასაკვირი არ არის. ძირითადად საუბარია ხოლმე მაინც მძიმე იარაღებზე, თვითმავალ ჰაუბიცებზე, საარტილერიო დანადგარებზე და ა.შ. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ თუ მსგავსი ტიპის შეიარაღება არ ექნებათ, მაშინ არტილერიის საქმის კეთება შეიძლება ქვეითებს მოუწიოთ, რაც მეტ მსხვერპლს გამოიწვევს.
ამით საშუალება ექნებათ შორ მანძილზე გაანადგურონ ოკუპანტები და შემდეგ შევიდნენ გარკვეული დანაყოფი წმენდაზე. ეს უკრაინელების დანაკარგს შეამცირებს. ამიტომ იძახიან, რომ სჭირდებათ. მართლა სჭირდებათ".
მიუხედავად იმისა, რომ ომი უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, ამბობს, რომ იდეა, სულისკვეთება არ შეცვლილა და ყველამ, ვინც იქ წავიდა, იცოდა სად და რატომ მიდიოდა.
გვიყვება, რომ როდესაც უკრაინელები ხედავენ, თანამებრძოლები ეღუპებათ, უფრო ბრაზდებიან და ნაკლებ ფანჯარას ტოვებენ ნებისმიერი სახის მოლაპარაკებებისთვის.
"მართლა ძალიან რთულია, როცა ბევრ მეგობარს კარგავ. რამდენი უკრაინელიც შემხვედრია, ყველას ჰყავს ვინმე დაღუპული. ან ფრონტის ხაზზე ყველას ჰყავს ვინმე, ვინც რთული დრო გამოიარა, ან ეს რთული დრო თავად აქვთ გავლილი".
დაღლილობა და სურვილი, რომ ყველაფერი მალე დასრულდეს ბუნებრივია. წინასწარ ვერ გეგმავს, როდის დაბრუნდება საქართველოში.
"ვიცი აქ რისთვისაც ჩამოვედი, არაფერს ვამბობ. ვნახე ძალიან მაღალი დონის მებრძოლები, რომლებიც არაერთ ცხელ წერტილში იყვნენ, მაგრამ სევეროდონეცკის შემდეგ ზოგმა, უბრალოდ, გადაწყვიტა, რომ ძალიან ბევრი იყო და სახლში წავიდა.
არ იცი რისი გამოვლა მოგიწევს და როგორ იმოქმედებს შენზე. ზოგი შეიძლება იმდენად დემორალიზებული გახდეს რაღაც მომენტის შემდეგ, რომ იმის ბრძოლის ველზე დაბრუნებას, მართლა სახლში წასვლა სჯობდეს".
ომში დაგეგმილად შეიძლება, არაფერი მოხდეს. ზუსტად ვერ ამბობს, დაბრუნდება თუ არა საერთოდ ომის დასრულებამდე. ზუსტად მხოლოდ ის იცის, რისთვის იბრძვის და რატომ.
კომენტარები