მამალ თაგვებს ბანანების ეშინიათ — რატომ
ადამიანების მსგავსად, ერთმანეთს სხვა ცხოველებიც ეკონტაქტებიან, თუმცა კომუნიკაციის მათეული გზები ჩვენისაგან ბევრად განსხვავდება — თაგვებზე ჩატარებული ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ყნოსვა სწორედ ერთ-ერთი მათგანია. ნაშრომი ჟურნალში Science Advances გამოქვეყნდა.
კვლევის ფარგლებში მაკგილის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მამალ თაგვებს ბანანების ეშინიათ. ისინი სინამდვილეში იკვლევდნენ, თუ რატომ ეზრდებათ სტრესის დონეები მამრებს მაშინ, როდესაც ფეხმძიმე ან ლაქტაციის პერიოდში მყოფ მდედრებთან არიან ახლოს.
ნაშრომში აღნიშნულია, რომ მამალ თაგვებში ჰორმონალური ცვლილებები დედლის შარდში არსებულ ნაერთს, ნ-პენტილაცეტატს, უკავშირდება, რომელიც ბანანის სპეციფიკურ სუნზეცაა პასუხისმგებელი.
მას შემდეგ, რაც მაკგილის გუნდმა შენიშნა, რომ დედალთა შარდში არსებული ნივთიერება მამალთა სტრესის დონეებს ზრდიდა, ისინი დაინტერესდნენ, გამოიწვევდა თუ არა ანალოგიურ რეაქციას სხვა წყაროებში არსებული ნ-პენტილაცეტატი. ამ შემთხვევაში მათ ადგილობრივი მაღაზიიდან ბანანის ზეთი მოიტანეს და ბამბას დააწვეთეს, შემდეგ კი იგი მამალი თაგვების გალიაში მოათავსეს.
შედეგად თაგვებში სტრესის დონეები შესამჩნევად გაიზარდა. მეცნიერების აზრით, ცვლილება იმ დაძაბულობას უკავშირდება, რომელსაც თაგვი შესაძლო ჩხუბის პირისპირ აღმოჩენისას განიცდის.
როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, სტრესის გაზრდასთან ერთად შარდს ან თუნდაც ბანანის ზეთს ტკივილგამაყუჩებელი მოქმედებაც აქვს და მამრებს ტკივილისადმი მგრძნობელობას უმცირებს. ამტანობა მათში ნ-პენტილაცეტატის შეყნოსვიდან ხუთ წუთში განვითარდა და ერთი საათის შემდეგ გაქრა.
"მღრღნელები და, ადამიანების გარდა, სხვა ძუძუმწოვრები ყნოსვის ორგანოებზე არიან დამოკიდებული", — აცხადებს ჯეფრი მოგილი, კვლევის მთავარი ავტორი და ფსიქოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი მაკგილის უნივერსიტეტში.
მისი თქმით, მამრები მდედრებს არაერთ ყნოსვით შეტყობინებას უგზავნიან, თუმცა მდედრებიდან მამრებში გაგზავნის შედარებით ცოტა მაგალითი არსებობს. ამგვარ შეტყობინებათა უმრავლესობა სექსუალურ ქცევას უკავშირდება, თუმცა ამ შემთხვევაში მდედრები მამრებს იმას ატყობინებენ, რომ მათ პატარა ნაშიერებს არ გაეკარონ.
კომენტარები