მეცნიერებს 830 მილიონი წლის წინანდელი მინერალიდან პოტენციურად ცოცხალი ორგანიზმების ამოყვანა სურთ
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მეცნიერებმა ავსტრალიის ტერიტორიიდან მოპოვებულ უძველეს ჰალიტში, იგივე ქვამარილში, 830 მილიონი წლის ასაკის წყალმცენარეებისა და პროკარიოტების კვალს მიაგნეს. არაა გამორიცხული, რომ ეს ორგანიზმები ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ, შესაბამისად, სპეციალისტები ახლა აცხადებენ, რომ მათი იქიდან ამოყვანა სურთ.
პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ნატრიუმის ქლორიდისგან ფორმირებულ ასეთ მინერალებში ორგანული მატერია ისე არ ინახება, როგორც, მაგალითად, ქარვაში ან ადრეულ ქანებში, არამედ მათში კრისტალების წარმოქმნისას მცირე რაოდენობით სითხე ხვდება. ამ უკანასკნელში კი მცირე ზომის არსებები შეიძლება ბინადრობდნენ.
სწორედ ასეთია ზემოხსენებული ნიმუში, რომელიც გეოლოგებმა ოპტიკური, არაინვაზიური მეთოდით შეისწავლეს. შედეგად, მათ ქვამარილში გამომწყვდეულ მყარ და თხევად ორგანულ მატერიას მიაკვლიეს, რომელიც პროკარიოტული და ევკარიოტული უჯრედებისგან შედგება. ზოგ მათგანში ორგანული დაშლის კვალი აღინიშნება, ზოგი კი იმის იმედსაც გვაძლევს, რომ ორგანიზმების ნაწილმა სიცოცხლე ამ დრომდე შეინარჩუნა, რაც ასეთი მიკროგარემოს პირობებში შესაძლებელია.
ამის გაგების საუკეთესო გზამ მათი ახლოდან, დეტალურად შესწავლაა, რისთვისაც უჯრედები ჰელიტიდან უნდა განვაცალკეოთ. რა თქმა უნდა, ბევრი ადამიანისთვის ეს გარკვეულ საფრთხეებთან ასოცირდება, მაგრამ ავტორები ასე არ ფიქრობენ.
"ეს მართლაც დაბალი ხარისხის B კატეგორიის ფილმის სიუჟეტივით ჟღერს, მაგრამ, რეალურად, მრავალწლიანი კვლევები მიეძღვნა იმის დადგენას, თუ როგორ შეიძლება ამის ყველაზე უსაფრთხოდ გაკეთება", — ამბობენ ისინი.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ადამიანზე ბევრად ხნიერი არსებებისგან საფრთხე არ მოგველის.
"ორგანიზმს, რომელსაც ადამიანთან შეხება არასდროს ჰქონია, ჩვენს სხეულში შემოღწევისა და დაავადების გამოწვევის მექანიზმი განვითარებული ვერ ექნება. შესაბამისად, პირადად მე, მეცნიერული გადმოსახედიდან, არ მეშინია", — აცხადებს ბიოლოგი ბონი ბაქსტერი.
კომენტარები