სოციალური მედიის გამოყენებისას დისოციაციურ მდგომარეობაში გადავდივართ — კვლევა
დღესდღეობით სოციალური მედია ადამიანთა უმრავლესობის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. შესაძლოა, სხვადასხვა ასეთი პლატფორმის შიგთავსი საათების განმავლობაში ვათვალიეროთ ისე, რომ დროის გასვლა საერთოდ ვერ შევნიშნოთ, რაც, ალბათ, ბევრ თქვენგანს ერთხელ მაინც გამოუცდია.
ამას ცხადყოფს ვაშინგტონის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერთა ახალი კვლევა, რომელიც გვიჩვენებს, რომ სოციალური მედიის გამოყენებისას ერთგვარ დისოციაციურ მდგომარეობაში გადავდივართ. ეს ნიშნავს, რომ რეალობას ვეთიშებით, მაგრამ ეს, ჩვეულებრივი შემთხვევებისგან განსხვავებით, რაიმე ფსიქოლოგიურ ტრავმას არ უკავშირდება.
სპეციალისტებმა ხსენებულ საკითხზე მეტის გასაგებად აპლიკაცია, სახელად Chirp შექმნეს, რომლითაც ტვიტერის მომხმარებლებს უნდა ესარგებლათ. მისი მეშვეობით მონაწილეებს 3 და 15-წუთიანი ინტერვალებით ეკითხებოდნენ, ახსოვდათ თუ არა, რა წაიკითხეს ახლახან.
აპლიკაცია მათ სთხოვდა, შეეფასებინათ, რამდენად ეთანხმებოდნენ წინადადებას: "მე ახლა Chirp-ს ვიყენებ ისე, რომ ყურადღებას არ ვაქცევ, რას ვაკეთებ". მონაწილეთა 42 პროცენტის განცხადებით, მათ სულ მცირე ერთხელ მაინც მონიშნეს მყარი თანხმობა, 16-მა პროცენტმა კი თქვა, რომ ამ დროს დისოციაციას განიცდიდა.
ასევე, Chirp მათ სხვა სახის შეტყობინებებსაც უგზავნიდა. მაგალითად, გამოწერილი ანგარიშების სიასა და აპლიკაციის გამოყენების ხანგრძლივობას დღის განმავლობაში. მას თან ახლდა კითხვა, უნდოდათ თუ არა ასე გაგრძელება. ცდისპირთა ინფორმაციით, ეს მათ კონცენტრაციაში ეხმარებოდა.
ახალი კვლევა სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულების უკეთ გაგებაში შეგვიწყობს ხელს. შედეგები მეცნიერებმა ახლახან CHI-ის კონფერენციაზე წარადგინეს.
კომენტარები