ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფი ქართველი ემიგრანტები კომპანია Meta-ს სათავო ოფისთან შეიკრიბნენ.

კალიფორნიაში მდებარე მენლო პარკში ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისადმი მეტი ყურადღება მოითხოვეს. მათი თქმით, ეს საკითხი კომპანიის პოლიტიკის სამართლიანი და დროული აღსრულებისთვის განსაკუთრებულ მოდერაციასა და დამატებით რესურსებს საჭიროებს.

ემიგრანტებმა Meta-ს 4 ძირითადი მოთხოვნა წაუყენეს:

  1. სოციალურ ქსელში დაფიქსირებული დარღვევების დროული მანუალური გამოძიებისთვის საქართველოსთვის დამატებითი ადამიანური რესურსის გამოყოფა;
  2. იმ კოორდინირებული ჯგუფების გამოძიება, რომლებიც საზოგადოებრივ აზრზე მიზანმიმართულად მანიპულირებენ;
  3. არაავთენტური ანგარიშების გაძლიერებული მონიტორინგი და ყალბი მომხმარებლების გამოვლენისადმი მეტი ყურადღება;
  4. ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან წამების დოკუმენტირებული შემთხვევების გათვალისწინება სამომავლო თანამშრომლობისთვის.

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები იმედოვნებენ, რომ Meta ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს გაითვალისწინებს. ამის შედეგად ქართულ საზოგადოებას საშუალება ექნება, რომ Facebook-ში პოლიტიკური დისკუსია სამართლიანად და თავისუფლად წარმართონ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.