ჩინელმა მეცნიერებმა უზარმაზარ ღრმულში უძველესი ტყე აღმოაჩინეს
მათი აზრით, შესაძლოა, აქ მცენარეთა და ცხოველთა ჯერაც აღმოუჩენელი სახეობები არსებობდეს.
ჩინეთში, ლეის ოლქში, მეცნიერებმა უზარმაზარი ღრმულის ფსკერზე უძველესი ტყე აღმოაჩინეს, რომელშიც ხეები 40 მეტრამდეც კი იზრდება. მკვლევართა აზრით, შესაძლოა, აქ მცენარეთა და ცხოველთა ჯერაც აღმოუჩენელი სახეობები არსებობდეს.
სამხრეთ-ჩინეთში, კუანგსის რეგიონში, გამოქვაბულთა მკვლევრებმა ლეის ოლქის მასშტაბით (აქ 30 ასეთი ფოსო გვხვდება) ყველაზე დიდი ღრმული აღმოაჩინეს — 306 მეტრი სიგრძის, 150 მეტრი სიგანისა და 192 მეტრი სიღრმის. ჭანგ იუენჰაის, კარსტული გეოლოგიის ინსტიტუტის უფროსი ინჟინრის, თქმით, ადგილის კიდეებზე სამი გამოქვაბული, ძირში კი კარგად შემონახული პრიმიტიული ტყე მდებარეობს.
მეცნიერებს ღრმულის ფსკერამდე მისაღწევად საათები დასჭირდათ. როგორც ჩენ ლისინმა, ექსპედიციის წინამძღოლმა, მოგვიგო, ხეებთან ერთად ადგილზე მჭიდრო ჯაგნარიც იყო, რომელიც მას მხრებამდე სწვდებოდა.
"არ გამიკვირდებოდა, ამ გამოქვაბულებში აღმოეჩინათ სახეობები, რომლებიც მეცნიერებას აქამდე არასოდეს აღუწერია", — თქვა მან.
ღრმულებით სავსე ლანდშაფტს კარსტული ლანდშაფტი ეწოდება, რომელიც ძირითადად ქვენაფენი ქანის გრუნტის წყლით დაშლის შედეგად წარმოიქმნება. შესაბამისად, არეალში თვალშისაცემი ღრმულები და გამოქვაბულები ჩნდება. ახლახან აღმოჩენილი ფოსო საკმაოდ ღრმაა, თუმცა ისეთი ფორმა აქვს, რომ სინათლე მაინც აღწევს, შესაბამისად, დიდი ხეები იზრდება.
კომენტარები