ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მრჩეველი პოლიტიკის საკითხებში, დერეკ შოლე ოპოზიციას შეხვდა. როგორც მათ განაცხადეს, ისაუბრეს პოლიტპატიმრებზე — ნიკა მელიასა და მიხეილ სააკაშვილზე. ასევე ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებასა და ევროატლანტიკურ კურსზე.

გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, შეხვედრაზე ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სანქცირების საკითხზე გაამახვილა ყურადღება.

"ჩემი პოზიცია იყო, ეს კაცი [ბიძინა ივანიშვილი] იქ, რომ ცხოვრობს ზემოთ მთაზე, მაინც ამერიკას აბრალებს, თავის ექსპერტების თუ ვიღაცების პირით, ხელის ბიჭების პირით, რომ ამერიკა ხელს უშლის მას შვეიცარიულ ბანკში გადარიცხვებში, ნახატების გამოტანაში, ვერტმფრენის ყიდვაში და რაღაცებში. ჩემი პოზიცია იყო — რატომ არ იზამთ ამას მართლა? მართლა რატომ არ შეუშლით ხელს? სანქციებს ვგულისხმობ, პირდაპირი ტექსტით ვუთხარი", — თქვა მან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ თქვა ისიც, რომ საუბარი შეეხო არა მხოლოდ ივანიშვილის შესაძლო სანქცირებას, არამედ მოსამართლეებისასაც. პარტია დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ კი აღნიშნა, რომ ისაუბრეს, თუ რას ნიშნავს მედიაზე თავდასხმა.

ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით ასევე განიხილეს, ნიკა მელიასა და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა.

"პოლიტიკური პატიმრები არის შედეგი იმ რეჟიმისა, რომელშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება. პოლიტიკური პატიმრობა არასდროს არ დასრულდება. იქნება დაკავებები, დაჭერები, გათავისუფლებები, მერე კვლავ დაჭერები და გათავისუფლებები, თუ არ შეიცვალა მიზეზი ამ მანკიერი პროცესის. მიზეზი რა არის ამ მანკიერების ყველასათვის ცნობილია, მათ შორის, ძალიან კარგად აშშ-სთვის", — აღნიშნა მელიამ.

ლელოს ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით განიხილეს, რომ ხელისუფლების მოქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს უსაფრთხო და დემოკრატიულ მომავალს. პარტია საქართველოსთვის ლიდერის, ნათია მეზვრიშვილის თქმით კი სტრატეგიულ პარტნიორს სთხოვეს, არ დატოვოს ქართველი ხალხი მარტო და დაუდგნენ მათ გვერდით.

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, სახელმწიფო მდივნის მრჩევლის საქართველოში ყოფნა სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან მნიშვნელოვანი გზავნილია. მან აღნიშნა რომ საუბარი შეეხო:

"ესაა მედიაზე თავდასხმა, ესაა პოლიტიკურ პატიმრებს, რეფორმებს, რომელზეც უარს ამბობს ქართული ოცნება. რა თქმა უნდა, ეს არის კითხვარის ფონზე ანტიდასავლური კამპანია", — თქვა მან.

შეხვედრების პარალელურად, ჟურნალისტებმა ქორთიართ მერიოტთან აქცია-პერფორმანსი გამართეს. ოთხი ტელევიზიის ერთობლივი წერილი კი შოლეს ელენე ხოშტარიამ გადასცა.

ოპოზიციამდე შოლე არასამთავრობო ორგანიზაციებსა, ასევე პრემიერმინისტრსა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, შეხვედრისას შოლესთან რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრეს, მათ შორის მართლმსაჯულების სისტემაზე, სასამართლოში არსებულ კლანზე, მთავარი არხის გენერალური დირექტორის დაკავების საქმეზე და ქვეყანაში რუსული გავლენების არსებობაზე.