ასტრონომებმა, სავარაუდოდ, გალაქტიკათშორისი წარმოშობის იდუმალი წრიული ობიექტი აღმოაჩინეს
დასავლეთ სიდნეის უნივერსიტეტის მკვლევრებმა, ექსპერტების საერთაშორისო გუნდთან ერთად, ჩვენს მეზობელ გალაქტიკასთან ახლოს იდუმალი "წრიული ბეჭედი" აღმოაჩინეს. ობიექტი, შესაძლოა, 7 000 წლის წინ გალაქტიკათაშორისი ზეახალის აფეთქების ნარჩენის ჩვენთვის ცნობილი პირველი მაგალითი აღმოჩნდეს.
"თაღლითი" ზეახალის ნარჩენად წოდებული ობიექტი — J0624–6948, სავარაუდოდ დიდ მაგელანურ ღრუბელში (LMC) — ირმის ნახტომის თანამგზავრ გალაქტიკაში მდებარეობს, მისი განლაგება კი აქამდე დაუკვირვებელ წარმოშობაზე მიანიშნებს.
მოხსენება ჟურნალ Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ში გამოქვეყნდა. მთავარმა ავტორმა და დასავლეთ სიდნეის უნივერსიტეტის მეცნიერებათა სკოლის პროფესორმა, მიროსლავ ფილიპოვიჩმა განაცხადა, რომ აღმოჩენა ამაღელვებელი იყო და ბევრი პასუხგაუცემელი შეკითხვა წარმოშვა.
"როდესაც ეს თითქმის იდეალური წრის ფორმის ობიექტი პირველად აღმოვაჩინეთ, იგი უცნაური რადიოწრე (ORC) გვეგონა, მაგრამ დამატებითი დაკვირვებებით გაირკვა, რომ ეს ობიექტი, სავარაუდოდ, საერთოდ სხვა რამაა", — განაცხადა პროფესორმა ფილიპოვიჩმა.
მეცნიერების მიერ აღმოჩენილ "ბეჭედს" აქამდე აღმოჩენილი ხუთი ORC-ისგან ბევრი რამ განასხვავებს — შედარებით ბრტყელი რადიო სპექტრული ინდექსი (რადიაციული ნაკადის სიმკვრივის დამოკიდებულება ნაკადის სიხშირეზე) გამოკვეთილი ცენტრალური გალაქტიკის, როგორც სავარაუდო მასპინძლის ნაკლებობა და შედარებით დიდი ზომა. ეს ყველაფერი კი მიანიშნებს, რომ შესაძლოა, იგი საერთოდ სხვა ტიპის ობიექტი იყოს.
"ყველაზე დამაჯერებელი ახსნა ისაა, რომ ობიექტი ინტერგალაქტიკური ზეახლის ნარჩენია, რომელიც დიდ მაგელანურ ღრუბელში ვარსკვლავის აფეთქების შედეგად გაჩნდა. ეს უკანასკნელი ერთჯერადი გადაგვარებადი Ia ტიპის ზეახალი უნდა იყოს, რაც ორი ერთმანეთის გარშემო მბრუნავი ვარსკვლავის აფეთქებას ნიშნავს", — აღნიშნა ფილიპოვიჩმა. "თუმცა, ჩვენ სხვა სცენარებიც განვიხილეთ, როგორებიცაა ის, რომ ეს ობიექტი, შესაძლოა, ახლომდებარე, მზის სისტემიდან მხოლოდ 190 სინათლის წლის დაშორებით მდებარე ვარსკვლავის ზეაფეთქების ნარჩენია. ასევე განვიხილეთ ის სცენარიც, რომ, შესაძლოა, იგი ბევრად დიდი ზომის ORC იყოს".
"ის რაც პოტენციურად აღმოვაჩინეთ, ზეახლის უნიკალური ნარჩენია, რომელიც იშვიათ გალაქტიკათშორის გარემოში გაფართოვდა — გარემოში, რომელშიც ასეთი ობიექტის პოვნას არ ველოდით. ჩვენი შეფასებით, ეს დაახლოებით 2200 — 7100 წლის წინანდელია", — დაამატა მან.
J0624–6948 პირველად Australian Square Kilometre Array Pathfinder (ASKAP) რადიო ტელესკოპით შეამჩნიეს, რომელსაც CISRO მართავს. ეს უკანასკნელი ერთ-ერთია იმ რამდენიმე ახალი თაობის რადიო ტელესკოპებიდან, რომელიც სამყაროს ახალ მახასიათებლებს ავლენს.
"ამ ახალ რადიო ტელესკოპებს შეუძლიათ, სფერული ობიექტების დიაპაზონი აარჩიონ და მაღალი მგრძნობელობის, კარგი სივრცული ნიმუშისა და დაფარვის ფართო არეალის კომბინირებული ეფექტის წყალობით, სამყაროს შესახებ ჩვენი წარმოდგენა გაამდიდრონ", — განაცხადა პროფესორმა.
კომენტარები