შექმნეს ნანობოტების "არმია", რომელიც კბილებში არსებულ ბაქტერიებს ებრძვის
კბილის ტკივილი, ალბათ, ბევრ თქვენგანს გამოუცდია, რაც, დამეთანხმებით, საკმაოდ შემაწუხებელი რამაა. საბედნიეროდ, მეცნიერები ამ პრობლემის მოგვარებას ხელოვნური მინანქრითა თუ სხვა ინოვაციური მეთოდებით აქტიურად ცდილობენ.
მათ რიცხვში არიან ინდოეთის მეცნიერებათა ინსტიტუტში მომუშავე სპეციალისტები, რომლებმაც, სტარტაპ Theranautilus-თან თანამშრომლობით, კბილის პულპის, ანუ ფესვის ღრუში არსებული რბილობის მკურნალობის ახალ ხერხს მიაკვლიეს. მათ უმცირესი ზომის რობოტების, ნანობოტების "არმია" შექმნეს, რომელიც ძნელად მისადგომ არხებში აღწევს და იქ მობინადრე ბაქტერიებს ცხელი ზედაპირით უპირისპირდება. მაღალი ტემპერატურა მიკრობებს ხოცავს.
ეს უჩვეულო "არმია" სილიციუმის დიოქსიდისგანაა დამზადებული და რკინის გარსითაა დაფარული, რომელიც დაბალი ინტენსივობის მაგნიტური ველით კონტროლდება. ამ უკანასკნელის საშუალებით, მკვლევრები ნანობოტებს 2 000 მიკრომეტრამდე სიღრმეში ჩასვლისკენ უბიძგებენ, სადაც მათში სითბო გამომუშავდება, რომელიც ბაქტერიებისკენაა მიმართული.
საქმე იმაშია, რომ დღესდღეობით არსებული ტექნოლოგია ასე ღრმად ჩასვლის საშუალებას არ იძლევა, ლაზერებისა და ულტრაბგერითი მოწყობილობების ლიმიტი დაახლოებით 800 მიკრომეტრია, ასე კი მიკრობები სრულად ვერ ნადგურდება. ნაკლებად ეფექტიანია ანტიბიოტიკებიც, რადგან ზოგიერთი სახეობა, მაგალითად Enterococcus faecalis, ამგვარი პრეპარატების მიმართ რეზისტენტულია.
ამ მხრივ ნანობოტები კარგი გამოსავალია. პროცედურის დასრულების შემდგომ, მათ კბილის არხებიდან ისევ მაგნიტური ველის დახმარებით ამოიყვანენ. აღსანიშნავია, რომ ისინი თაგვის მოდელზე უკვე გამოცადეს, რამაც დადებითი შედეგი აჩვენა.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Advanced Healthcare Materials გამოქვეყნდა.
კომენტარები