ახალი კვლევის თანახმად, შფოთვის მქონე ახალგაზრდები ხშირად მოხუცებივით დადიან
ახალი კვლევით დადგინდა, რომ მშფოთვარე ახალგაზრდები ხშირად მოხუცების მსგავსად დადიან, რაც, შესაძლოა, დიაგნოზის დასასმელად მნიშვნელოვანი საშუალება აღმოჩნდეს.
მეცნიერებმა კვლევის მონაწილეებს განწყობის სტანდარტული ტესტის გაკეთება სთხოვეს, რომელიც მათში შფოთვის დონეს შეაფასებდა, შემდეგ კი ორი წუთის განმავლობაში სასეირნოდ გაუშვეს. შუაში მათ ბალანსის გასაზომადაც გააკეთეს ტესტი. გასათვალისწინებელია, რომ ცდისპირები სიარულისას მობილობის 9 სენსორს ატარებდნენ.
სენსორების საშუალებით მკვლევრებმა კვლევის მონაწილეთა მოძრაობების შესახებ ბევრი ინფორმაცია მიიღეს. მონაცემებიდან ყველაზე გამოსადეგი ადამიანების სიარულს უკავშირდებოდა და არა ბალანსის ტესტს. კერძოდ, იმ ადამიანებისგან განსხვავებით, რომლებიც თავს თავდაჯერებულად გრძნობდნენ, მშფოთვარე ადამიანები გვერდებზე უფრო ხშირად იხედებოდნენ, ვიდრე ზემოთ და ქვემოთ. მსგავსი დეტალების საშუალებით მეცნიერებმა 75 პროცენტიანი სიზუსტით გამოთვალეს, თუ რომელ მონაწილეს აწუხებდა შფოთვა.
მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეთა დიდი ნაწილი ახალგაზრდა და ფიზიკურად შედარებით ჯანმრთელი იყო, მათი მოძრაობები მაინც მოხუცებისას წააგავდა, რომელთაც სიარულისას დაცემისა ეშინიათ. მათ მობრუნება უჭირდათ და საფრთხის ძიებაში აქეთ-იქით ხშირად იყურებოდნენ.
შფოთვის ამ მეთოდით გაზომვა შეიძლება, არასაჭირო გეჩვენოთ, რადგან, ცხოველებისგან განსხვავებით, ადამიანებს თავისითაც შეუძლიათ გვითხრან, შფოთავენ თუ არა. მიუხედავად ამისა, ნაშრომში აღნიშნულია, რომ ამ კითხვაზე პასუხს ნაწილობრივ ადამიანის კულტურა და გენდერული განსხვავებები განსაზღვრავს. კონკრეტულად, ფსიქიკურ პრობლემებთან დაკავშირებული სტიგმის გამო უამრავი ადამიანი იკავებს თავს და არ ამბობს, რომ დახმარება სჭირდება. შესაძლოა, დეპრესიის შემთხვევაში შფოთვის მარტივად ამოსაცნობი ნიშნები არაერთი ინდივიდისათვის აღმოჩნდეს მნიშვნელოვანი.
საგულისხმოა, რომ მეთოდის ეს სიზუსტე ჯერჯერობით საკმარისი არაა, რომ სიარულზე დაკვირვება გახდეს შფოთვის ამოსაცნობი სტანდარტული საშუალება. მეცნიერებს სურთ, კვლევა უფრო ფართო აუდიტორიაზე ჩაატარონ, რადგან ამჟამად იგი მხოლოდ 88 ადამიანს მოიცავდა.
კომენტარები