ოკეანეების 7 საიდუმლო, რომელიც მეცნიერებს ჯერ არ ამოუხსნიათ
ჩვენი დედამიწა, უმეტესწილად, წყლის სამყაროს წარმოადგენს — პლანეტის ზედაპირის 70%-ზე მეტი ოკეანეებითაა დაფარული. მიუხედავად ამისა, ამ იდუმალებით მოცული ადგილების შესახებ ჯერ კიდევ ძალიან ცოტა რამ ვიცით.
მსოფლიო ოკეანე ერთგვარი უცხოპლანეტური სამყაროა, რომელიც ჩვენს პლანეტაზე მდებარეობს. აქ მობინადრე ქმნილებების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ აღმოუჩენელი და შეუსწავლელია. მეცნიერებისთვის დღემდე ამოუხსნელი რჩევა მათი დიდი ნაწილის ქცევა და შემგუებლობის მექანიზმები. შეიძლება ითქვას, რომ დედამიწელებმა მარსის ზედაპირზე უფრო მეტი ვიცით, ვიდრე იმაზე, თუ რა ხდება, ჩვენი პლანეტის ოკეანეების ფსკერზე.
წყლის სამყაროს შესწავლა დაგვეხმარება, ფუნდამენტურ დონეზე გავერკვეთ დედამიწაზე მიმდინარე პროცესებში. "ამ წყალქვეშა სამყაროში ძალიან ბევრი რამ იმალება ჩვენი პლანეტის მუშაობის მექანიზმების შესახებ", — განუცხადა Vox-ს ვიკი ფერინიმ, კოლუმბიის უნივერსიტეტის უფროსმა მეცნიერ მკვლევარმა.
თუმცა, წყალქვეშა სამყარო არამხოლოდ იდუმალი არსებების სამყოფელი, საინტერესო თავგადასავლების წყაროცაა. ოკეანეებში მყვინთავებს არაერთხელ უნახავთ ისეთი შემზარავი არსებები, როგორიც გიგანტური კალმარია. აქ ჩაუტარებიათ ექსპერტიზები ადამიანების ამოუხსნელი სიკვდილის მიზეზების დასადგენად და რვაფეხების ქალაქებიც უნახავთ.
ამ სტატიაში ოკეანის შვიდ საიდუმლოზე მოგიყვებით, რომლებიც ჯერ კიდევ ამოუხსნელია და რომლებიც წყლის ზედაპირიდან მის უკიდეგანო სიღრმეებამდე იმალება.
1. როგორ ხვდება ოკეანეში პლასტმასი და სად უჩინარდება იგი
ხმელეთზე ადამიანები ყოველწლიურად ტონობით პლასტმასს აწარმოებენ. მისი ნარჩენების ძალიან დიდი ნაწილი ზღვებსა და ოკენაეებში ხვდება, თუმცა მეცბიერებმა ჯერ კიდევ არ იციან ყველა იმ კუთხე-კუნჭულის შესახებ, სადაც ეს მასალა აღწევს.
"პლასტმასის ნარჩენების 99% სადღაც ქრება", — ამბობს ოკეანოგრაფი ერიკ ვან სებილი. "როგორც ასტრონომებს აქვთ ბნელი ენერგია და ბნელი მატერია, ასევე გვაქვს ჩვენ ბნელი პლასტმასი და წარმოდგენა არ გვაქვს, ოკეანეებში მოხვედრის შემდეგ სად უჩინარდება იგი".
სებილი და სხვა მკვლევრები ცდილობენ დაადგინონ, სად მიდის პლასტმასა და რა ეფექტი აქვს მას ზღვის ეკოსისტემებზე, რა ზიანს აყენებს წყალქვეშა სიცოცხლეს და შეიძლება თუ არა ამ ზიანის გამოსწორება.
2. რატომ გამოდიან ვეშაპები პლაჟებზე? ამაშიც ადამიანია დამნაშავე?
ყოველწლიურად ათასობით ზღვის ძუძუმწოვარი, როგორიც ვეშაპია, პლაჟზე ან ზღვის მახლობლად მეჩხერ წყლებში რჩება. ზოგიერთი კვლევის მიხედვით, ეს მაჩვენებელი დროთა განმავლობაში იზრდება. თუმცა, ჯერ არავინ იცის, რატომ "იკლავენ თავს" ეს ცხოველები და არც ის ვიცით, ესეც ჩვენი ბრალია თუ არა.
ამ კითხვაზე პასუხის პოვნა წარმოუდგენლად რთულია. განსაკუთრებით ძნელია იმის ანალიზი, თუ რა გავლენას ახდენს ადამიანების საქმიანობა წყალქვეშ მობინადრე ცალკეულ სახეობებზე. თუმცა, ამის განსაზღვრა ზღვის ცხოველების დასაცავად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
3. ადამიანს და რვაფეხას მართლა შეუძლიათ ერთმანეთთან მეგობრობა?
2020 წელს დოკუმენტურმა ფილმმა My Octopus Teacher შესანიშნავი კითხვა გაგვიჩინა: შეიძლება თუ არა, მზრუნველი ურთიერთობის ჩამოყალიბება ადამიანსა და ისეთ ზღვის ცხოველს შორის, როგორიც რვაფეხაა? არავინ იცის, დოკუმენტურ ფილმში ადამიანისა და რვაფეხას მეგობრობა ამ ცხოველის გადმოსახედიდან გულწრფელი იყო, თუ არა.
4. რამდენი თევზი ცხოვრობს ოკეანის იდუმალებით მოცულ "ბინდის ზონაში"?
სიღრმის მატებასთან ერთად, უფრო და უფრო ნაკლები მზის სინათლე აღწევს ოკეანეში. ზედაპირიდან დაახლოებით 200 მეტრის სიღრმეზე "ბინდის ზონა იწყება", სადაც ჩვენი სისტემის ვარსკვლავის სხივები თითქმის საერთოდ ვერ აღწევს და ძალიან ბნელა. ასეთი სიღრმეების შესახებ ადამიანებმა ძალიან ცოტა რამ ვიცით.
"ამ ზონაზის დახასიათება თითქმის უფრო ადვილია იმაზე საუბრით, რაც მასზე არ ვიცით, ვიდრე იმაზე საუბრით, რაც ვიცით", — ამბობს ანდონე ლეივერი, ოკეანოგრაფი ვუდს ჰოლის ოკეანოგრაფიის ინსტიტუტიდან.
მიუხედავად ამისა, ოკეანის ამ ნაწილის შესწავლა ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებით ვერ ვიტყვით, თუმცა, შესაძლოა, ბინდის ზონაში იმაზე მეტი თევზი ბინადრობდეს, ვიდრე მთლიან ოკეანეში და ეს არსებები დიდ როლს თამაშობდნენ კლიმატის სისტემების რეგულირებაში.
5. რატომ ანათებს ზღვის არსებების დიდი ნაწილი?
მართალი არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ოკეანის სიღრმეებში სინათლე საერთოდ არაა. სინათლე იქაც ანათებს, თუმცა მის წყაროს არა მზე, არამედ ბიოლუმინესცენტური ქმნილებები წარმოადგენენ. აღსანიშნავია, რომ ღრმა წყლებში მობინადრე თითქმის ყველა არსება ანათებს რაღაც გზით.
"როდესაც ამ სიღრმეზე ჩაყვინთავ, შენ ამ სანახაობას შორიდან კი არ აკვირდები, პირდაპირ მის ცენტრში ექცევი და მეტიც, მისი ნაწილიც ხდები, რადგან შენი ნებისმიერი მოძრაობა გარშემო ნათებას იწვევს", — ამბობს ზღვის ბიოლოგი ედი ვაიდერი.
6. ოკეანის ფსკერის მხოლოდ 20%-ია რუკაზე აღნიშნული. დანარჩენ ნაწილზე რა ხდება?
ამჟამად ოკეანის ფსკერის მხოლოდ 20%-ია რუკაზე აღნიშნული, რაც ამ ადგილს, მთვარისა და მარსის ზედაპირთან შედარებით, კიდევ უფრო მისტიკურს ხდის.
7. შეგვიძლია თუ არა, ზღვის ფსკერი იმდენად ღრმად გავთხაროთ, რომ დედამიწის მანტიამდე მივიდეთ?
მეცნიერების ცნობისმოყვარეობა ზღვის ფსკერთან არ სრულდება. მათ იმის გაგებაც უნდათ, თუ რა იმალება ფსკერის ქვემოთ.
60 წლის წინ, გეოლოგები ეცადნენ, ზღვის ფსკერი გაეთხარათ და დედამიწის მანტიიდან აეღოთ ნიმუში. მანტია დედამიწის ქერქის ქვეშ მდებარე ფენაა, რომელზეც პირდაპირი დაკვირვებები არასდროს ჩატარებულა. მისია ისე არ წარიმართა, როგორც გეგმავდნენ, მაგრამ ამან მეცნიერების ახალი დარგის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი, რაც მკლევრებს არამხოლოდ პლანეტის ისტორიის გადაწერის, ასევე სიცოცხლის განსაზღვრების გადააზრების საჭიროებაც დააყენა.
კომენტარები