My Brilliant Friend — ქალების მეგობრობა, როგორც რევოლუცია
სტატია ეძღვნება ჩემს შესანიშნავ მეგობრებს — მერის, ნინოს და თამარს, რომლებთან ერთად დაუღალავად განმიხილავს ეს სერიალი.
ქალების მეგობრობაზე გადაღებული რამდენი ფილმი ან სერიალი გინახავთ? ან წიგნი თუ წაგიკითხავთ? ხელოვნების ქმნილებებიდან რამდენი ასეთი ისტორიის გახსენებას შეძლებთ — ცალი ხელის თითები გეყოფათ თუ მეორე ხელსაც მოიშველიებთ? და რამდენი მათგანია ნამდვილად ღირებული, განცდილი ემოციები დიდხანს რომ გაგყვათ და ვერ დაივიწყეთ? თქვენი არ ვიცი და ჩემს თავს რომ დავუსვი იგივე კითხვა, ძალიან გამიჭირდა ჩამოთვლა. თითქოს ბოლო დროს გაიზარდა ქალ პერსონაჟებზე შექმნილი ფილმების, სერიალებისა და წიგნების რაოდენობა, ხშირად ვაწყდებით მათი სიყვარულის, ჩაგვრის, გათავისუფლებისთვის ბრძოლის, კარიერული წარმატების ისტორიებს, მაგრამ იშვიათად ვხედავთ მათი მეგობრობის მაგალითებს. ამის ერთი ახსნა ისაა, რომ ზოგადად მეგობრობაზე იშვიათად იქმნება ხელოვნების ნიმუშები, უფრო ხშირად სიყვარული გადაწონის ხოლმე, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ პატრიარქალური კულტურა ყოველთვის ცდილობდა შეექმნა მითი, რომ ქალებს ერთმანეთთან მეგობრობა არ შეუძლიათ: ისინი ყოველთვის ერთმანეთის კონკურენტებად ჰყავს წარმოდგენილი, რომლებმაც საუკეთესო გარეგნობის, საუკეთესო პარტნიორი კაცისა და საუკეთესო ოჯახისთვის უნდა აჯობონ ერთმანეთს.
მე კი, ვისაც კაცებისთვის სუფრის გაშლისას სამზარეულოში ერთმანეთს მიშველებული ქალების საუბრები მომისმენია და ჯერ კიდევ სკოლაში თანაკლასელი გოგოების მეგობრობა მინახავს, ბავშვობიდან არ მჯეროდა ამის. მერე რა, თუ გოგო მეგობრები ჯგუფურად არ დაეხეტებიან ქუჩებში სხვა გოგოების საცემად ან კაცებში არ მიდიან ერთად პირველი სექსისთვის — შესაძლოა, მათი მეგობრობა ნაკლებად ხილული და ხმაურიანია, მაგრამ მჯერა, რომ არავის მეგობრობაზე ნაკლებად მყარი და საიმედო არაა. ამის თქმის უფლებას თავს ჩემი მეგობრების გამოც ვაძლევ.
სწორედ ამის გამო განსაკუთრებულად მოულოდნელი, სასიამოვნო და საკვირველი იყო, როცა ისეთ სერიალს გადავაწყდი, რომლის მთავარი სიუჟეტური ხაზიც ორი მეგობარი გოგოს ირგვლივ ვითარდება. და რაც მთავარია, კარგი, ძალიან კარგი სერიალი აღმოჩნდა, რომელსაც ჯერ კიდევ რატომღაც სათანადოდ არ გავარდნია სახელი მაყურებლებში.
My Brilliant Friend (ჩემი შესანიშნავი მეგობარი) თანამედროვეობის ალბათ ყველაზე პოპულარული იტალიელი ავტორის, ელენა ფერანტეს ნეაპოლური რომანების სახელწოდებით ცნობილი სერიის მიხედვით გადაიღეს, რომელიც ოთხ წიგნს აერთიანებს. თავად ავტორმა აღნიშნა, რომ მთელი ისტორია ერთ რომანად ჰქონდა ჩაფიქრებული და მხოლოდ მოცულობის გამო გამოიცა ოთხ ნაწილად. სამწუხაროდ, წიგნების წაკითხვა ჯერ ვერ მოვახერხე, მაგრამ სანაცვლოდ ქართულ ენაზე უკვე ნათარგმნია ამ ავტორის კიდევ ერთი გახმაურებული ტექსტი, მისი უფრო ადრეული რომანი მარტოობის დღეები (მთარგმნელი ხათუნა ცხადაძე, გამომცემლობა ზოლიანი კატა), რომელმაც თავისი ინტიმურობითა და შემზარავი გულახდილობით წარუშლელი კვალი დატოვა ჩემზე.
შემოქმედებასთან ერთად ცალკე ყურადღების ღირსია ავტორის პერსონა: ვარსკვლავების კულტის, ბიოგრაფიული დეტალების ფეტიშებისა და წიგნების ყდებზე გამოტანილი მწერლების პორტრეტების ეპოქაში ის ჩრდილში ამჯობინებს ყოფნას. ელენა ფერანტე ფსევდონიმია და დღემდე, ალბათ, ძალიან ცოტამ თუ იცის მისი რეალური ვინაობა. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, რომ მას სახელი მოეხვეჭა როგორც მშობლიურ იტალიაში, ისე მთელ მსოფლიოში: მისი წიგნები უკვე ათეულობით ენაზე ითარგმნა და მილიონობით ეგზემპლარი გაიყიდა.
ნეაპოლური რომანების პირველი წიგნი იტალიაში 2011 წელს გამოიცა, ბოლო, მეოთხე ნაწილი კი 2014-ში. ფერანტეს წიგნების სერიამ დროის ისეთ მცირე მონაკვეთში მოიპოვა საყოველთაო აღიარება, რომ უკვე 2018 წელს HBO-მ იტალიურ მწარმოებლებთან თანამშრომლობით სატელევიზიო ეკრანიზაცია გადაიღო, სახელწოდებით ჩემი შესანიშნავი მეგობარი. სერიალის თითო სეზონი ფერანტეს სერიის თითო რომანის მიხედვითაა გადაღებული და ყოველ სეზონში რვა ეპიზოდია. უკვე სამი სეზონია გამოსული, უახლოეს მომავალში კი ბოლო, მეოთხე სეზონის პრემიერას ველოდებით მოუთმენლად ერთგული მაყურებლები.
სერიალი ნეაპოლის ღარიბ გარეუბანში მეზობლად მცხოვრები ორი გოგოს — ელენა (ლენუ) გრეკოსა და რაფაელა (ლილა) ჩერულოს მეგობრობის შესახებ გვიყვება. უფრო სწორად, ეტაპობრივად ვადევნებთ თვალს, ჯერ როგორ დამეგობრდებიან, შემდეგ კი ეს მეგობრობა მათი ცხოვრების ყველაზე ძვირფას, დრამატულ და საბედისწერო ურთიერთობად გადაიქცევა. მთელი ამბის მთხრობელი ელენაა, რომელიც აწმყო დროში მოულოდნელი ზარის შემდეგ წარსულის გახსენებას იწყებს და როგორც ლილასთან ერთად გამოვლილ საერთო ამბებზე, ისე პარალელურად განვითარებული მათი ცხოვრების გზებზე გვიამბობს.
მათი ისტორია 1950-იან წლებში იწყება, როცა მოზარდები არიან. პირველი სეზონი მეორე მსოფლიო ომის შემდგომი იტალიის უღარიბეს დასახლებას გვაცნობს თავისი უბედური ოჯახებით. მეორე სეზონი უკვე 60-იანების მოდითა და ინტელექტუალური საუბრებითაა დახვეწილი, მესამე სეზონში კი ატმოსფერო სტუდენტური პროტესტის, სოციალური მოძრაობების და ფაშისტური ექსტრემიზმის ნაპერწკლებითაა დამუხტული. ცალკე აღნიშვნის ღირსია გადაღება: პირველი სეზონის ესთეტიკა იტალიურ ნეორეალიზმს მოგაგონებს; მეორე სეზონზე მუშაობის შთაგონება, როგორც რეჟისორმა სავერიო კოსტანცომ გაამხილა, ფრანგული ახალი ტალღა და მისი ისეთი ცნობილი წარმომადგენლები იყვნენ, როგორებიც ჟან-ლუკ გოდარი, ფრანსუა ტრიუფო და ერიკ რომერი არიან; მესამე სეზონზე მუშაობისას კი რეჟისორი დანიელე ლუჩეტი 70-იანების ამერიკული კინოთი და ჯონ კასავეტასით იყო შთაგონებული.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ იმ მთავარი უბედურებისგან, რაც სერიალების უმრავლესობას ემართება, ამ შემთხვევაში ბოლომდე დაცული ხართ: ხარისხის გაფუჭების ნაცვლად ჩემი შესანიშნავი მეგობრის ყოველი მომდევნო სეზონი წინაზე უკეთესია.
მართალია, მეგობრობა ამ ისტორიის მთავარი ქვაკუთხედია, მაგრამ სერიალი სულაც არ არის ისეთი სწორხაზოვანი, მხოლოდ ორი გმირის ფაქიზი, ხანდახან კი სულაც სასტიკი ურთიერთობის შესახებ რომ გვიყვებოდეს. ეს მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის იტალიის ისტორიაცაა — როგორ ცდილობს მეორე მსოფლიო ომში დამარცხებული სახელმწიფოს გაღარიბებული მოსახლეობა ცხოვრების გაგრძელებას.
გაუსაძლის ყოფაში, სადაც მრავალშვილიან ოჯახებს სრულფასოვანი კვებისთვის საკმარისი რესურსიც კი არ აქვთ, ქალები ხშირად თავშესაფარს პირდაპირი მნიშვნელობით გაგიჟებით შეყვარებაში ეძებენ, კაცები კი, დამარცხებული ქვეყნის ჯარისკაცები, ძალაუფლების აღდგენას ძალადობით ცდილობენ. ისინი ფიზიკურად უსწორდებიან ცოლებს, მცირეწლოვან შვილებს, ერთმანეთს. განსაკუთრებით დაუნდობლები იმ ქალების მიმართ არიან, რომლებიც მათ ვნებას არ აჰყვებიან და ხელს ჰკრავენ: თუ ტკბილი სიტყვით არ გაუვათ სექსუალური შევიწროება ან თავიანთი გავლენიანი სტატუსით ვერ დაიმორჩილებენ მათ, მაშინ გაუპატიურებაზეც არ ამბობენ უარს. იმდენად ხშირია მსგავსი შემთხვევები, რომ ამ საზოგადოებაში ეს ყველაფერი უკვე ლამის გაბანალურებულია, ყველა შეჩვეულია მას და ხანდახან თვალის არიდებითაც არ იწუხებენ თავს — ფანჯრებიდან, აივნებიდან გადმოდგებიან სეირის საყურებლად.
მიუხედავად ამისა, სერიალში მოძალადე კაცების სახეებიც კი არ არის ცალსახა და ერთგვაროვანი: ხშირ შემთხვევაში, გვეძლევა წარმოდგენის შექმნის საშუალება, თუ რატომ იქცევიან ისინი ასე, რა უბიძგებთ ამისკენ და რატომ მივიდნენ დეჰუმანიზაციამდე. მათთან ერთად ქალების ძალადობრივ ბუნებასაც ვაწყდებით: მაგალითად, დედის, რომელსაც უყვარს თავისი შვილი, მაგრამ თან სძულს ის მხოლოდ იმის გამო, რომ თავად წერა-კითხვის სწავლის შესაძლებლობაც კი არ მიეცა, მის მიერ შობილი ახალგაზრდა, მომხიბვლელი გოგო კი სახლის საქმეებში დახმარების ნაცვლად უნივერსიტეტში ჩაბარებას აპირებს, დამოუკიდებელ ცხოვრებას ბედავს.
სწორედ მსგავსად დამთრგუნველ ოჯახურ და საზოგადოებრივ გარემოში უწევთ ცხოვრება ლენუსა და ლილას, რომლებსაც ვალდებულებების, უთანასწორობის, სირცხვილის, სიღარიბის, ქალობის ტვირთი სულ მცირე ასაკიდან აწევთ მხრებზე. ამ ყველაფრისგან გათავისუფლების ერთადერთ გზად კი განათლება ესახებათ, რომელიც მათი სოციალური ფენის მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილისთვისაა ხელმისაწვდომი და ისიც უამრავი დაბრკოლების გადალახვისა და მსხვერპლის გაღების ფასად.
თუმცა, ნუ იფიქრებთ, რომ სერიალი მხოლოდ შემზარავი, გულისგამაწვრილებელი ამბებითაა აკინძული და მისი ყურებისას გული შეგიწუხდებათ. ის იმდენადაა ემოციურად მძიმე, რამდენადაც ჩვენი რეალური ყოველდღიურობა შეიძლება იყოს, ფართოდ დახუჭული თვალებით თუ არ ვუყურებთ მას. ამ ყველაფრის ფონზე კი ეს მაინც არის პირველი ემოციების ისტორია, რომლის განვითარების პროცესშიც მთავარ გმირებთან ერთად ვიძენთ გამოცდილებას ან ხელახლა განვიცდით პირველი სიყვარულის სიტკბოს, ზღვის პირველად ხილვის მშვენიერებას, იმედგაცრუების სიმწარეს და თუნდაც ისეთ უმნიშვნელო მომენტებს, როგორიც ზაფხულის ხვატში ჯელატოთი გაგრილებაა.
სერიიდან სერიამდე, სეზონიდან სეზონამდე აკვირდები, როგორ იზრდებიან პერსონაჟები, როგორ იცვლებიან და მათთან ერთად გარდატეხა თითქოს შენშიც ხდება, რადგან შეუძლებელია, არ შეგიყვარდეს, არ გაუბრაზდე, არ შეგეცოდოს, არ თანაუგრძნო და არ დაუმეგობრდე ლენუსა და ლილას. ეს ორი გმირი რამდენადაც განსხვავდება ერთმანეთისგან, იმდენად უფრო იზიდავენ ერთმანეთს და მათი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეპიზოდები ერთმანეთს ეჯაჭვება. ბოლოს კი შეიძლება ისიც აღმოაჩინო, რომ ეგოისტურად შენც მათი ისტორიის ნაწილი გგონია თავი.
ლენუ და ლილა, იმედია, მალე შევხვდებით.
Ciao.
კომენტარები