მითები, რომლებიც წარსულის კატასტროფებზე მიანიშნებენ
მითები და თქმულებები, რომლებიც თაობიდან თაობას ათასწლეულების განმავლობაში გადაეცემოდა, სავსეა ფანტასტიკური არსებებითა და მეომარი ღმერთებით. თუმცა ასევე შესაძლებელია, რომ ისინი წარსული ეკოლოგიური კატასტროფების დამადასტურებელ საბუთებსაც წარმოადგენდნენ.
მათთვის, ვისაც ეს უშუალოდ ეხება, მეცნიერული პროგნოზები სამყაროს აღსასრულივით შეიძლება ჩანდეს: სტინსონ-ბიჩის, სან-ფრანცისკოსთან მდებარე პოპულარული ტურისტული ადგილის მცხოვრებლები ნელ-ნელა ეგუებიან კვლევებს, რომელთა მიხედვითაც, მათი სამეზობლოს დიდი ნაწილი 20 წელზე ნაკლებ დროში წყლით იქნება დაფარული. შეძლებულ ფენას შეუძლია, სახლები მაღალ საძირკველზე ააშენოს და ძვირადღირებული ზღვის ბარიერები დაამონტაჟოს, რაც ცოტა ხნით მაინც შეაჩერებს წყალს. თუმცა მოსახლეობის ღარიბ ნაწილს რაიმე სხვა გზის გამონახვა მოუწევს, რათა სახლები შედარებით მაღალ ადგილას გადაიტანონ, რადგან სხვა შემთხვევაში მათ დაკარგვასთან მოუხდებათ შეგუება.
შეიძლება გვეგონოს, რომ 21-ე საუკუნეში ადამიანი პირველად აღმოჩნდა მსგავსი ტრაგედიის პირისპირ, თუმცა ეს ასე არ არის. ზღვის დონემ დაახლოებით 15 ათასი წლის წინ დაიყო მატება — მაშინ, როდესაც უკანასკნელი გამყინვარების პერიოდი დასრულდა. ხმელეთზე არსებული ყინულის დნობა ხანდახან ზღვის დონეს 120 მეტრითაც კი ზრდიდა — ზოგჯერ ეს დატბორვა უფრო იყო, რადგან წყალი იმდენად სწრაფად მატულობდა, რომ ადამიანები სასოწარკვეთილ ბრძოლაში იქნებოდნენ ჩართულები მისგან თავის დასაღწევად და, ამავდროულად, იმ საზარელ შედეგებთან გასამკლავებლად, რომელთაც ის იწვევდა.
გლობალურ დონეზე ზღვის დონის მოსალოდნელი კატასტროფული ამაღლება (1 მეტრი 2050 წლისთვის) მილიონობით ადამიანს აიძულებს სახლის დატოვებას. ამის გათვალისწინებით, მკვლევრებმა იმ ანტიკური ამბების ახლებური რაკურსით შესწავლა დაიწყეს, რომლებიც ზღვაში დაკარგული მიწებისა და ჩაძირული ქალაქების შესახებ გვიყვებიან. როგორც ჩანს, ისინი ზოგჯერ მხოლოდ პოეტურობითა და სიმბოლიზმით სავსე ჩამთრევი ისტორიები არ არის, არამედ ის ჭურჭელია, რომელიც გადარჩენილი ადამიანების კოლექტიურ მეხსიერებას ინახავს. მათში, შესაძლოა, ფაქტობრივი მტკიცებულებები იმალებოდეს იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა ათასწლეულების წინ, როდესაც ყინული დნებოდა.
ზოგიერთი მკვლევარი ამტკიცებს, რომ ზღვაში ჩაგდებული ცხელი ლოდების ან ზღვისგან დასაცავი კედლების აგების შესახებ შემორჩენილი ზღაპრები ფაქტობრივ ინფორმაციას შეიცავს — თუმცა გაზვიადებულსა და გარკვეულწილად დამახინჯებულს. ისინი გვიქმნიან წარმოდგენას იმის თაობაზე, თუ რას გრძნობდნენ ჩვენი წინაპრები ზღვის დონის აწევასთან მიმართებით და რას აკეთებდნენ მის წინააღმდეგ. ეს ამბები გვთავაზობენ იმის მტკიცებულებას, რომ შორეულ წარსულში მცხოვრებთა მიდგომა საოცრად ჰგავს იმას, რასაც დღეს ჩვენ ვაკეთებთ. მეტიც, ანტიკური ადამიანების გამოცდილებამ, შესაძლოა, მომავალში არაერთი სიცოცხლე გადაარჩინოს.
ეს მკვლევრები გეომითოლოგები არიან. ამერიკელმა ვულკანოლოგმა, დოროთი ვიტალიანომ ტერმინი პირველად 1967 წელს ლექციაზე გამოიყენა. მისი იდეები ანტიკური ბერძენი ფილოსოფოსის, ევჰემერის ნააზრევს ეყრდნობა. ეს უკანასკნელი ცნობილი მითების მიღმა დამალულ ნამდვილ მოვლენებსა და ადამიანებს ეძებდა. გეომითოლოგების მოვალეობა იმ ანტიკური ისტორიების შესწავლაა, რომლებიც ერთ დროს მითად ან ლეგენდად ითვლებოდა, მაგრამ ახლა დამწერლობამდელი კულტურების მიერ ბუნებრივი ფენომენის შესაძლო აღმწერადაა მიჩნეული.
"გეომითები მეცნიერული იმპულსის პირველი გამოხატულებებია", — ამბობს ადრიან მეიორი, ფოლკლორისტი და ანტიკური მეცნიერების ისტორიკოსი, — "ისინი გვიჩვენებს, რომ ძველი დროის ადამიანები აკვირდებოდნენ და, თავიანთი დროისა და ადგილის გათვალისწინებით, ყველაზე რაციონალურ ახსნას უძებნიდნენ იმ გასაოცარ ბუნებრივ ძალებს, რომლის მოწმენიც ხდებოდნენ".
დღეს გამოქვეყნებული სტატიების, ციტირებების და გუგლის ძიების შედეგების სტატისტიკა სამეცნიერო საზოგადოებაში საკითხის მიმართ მზარდ ინტერესზე მიუთითებს. ისეთი მოვლენები, როგორიცაა ვულკანების ამოფრქვევა კაცობრიობის ადრეულ ისტორიაში, მიწისძვრები და ჭირი, შესაძლოა, საფუძვლად დაედო გამოსვლათა წიგნის ამბავს, რომელიც ებრაული ბიბლიის ნაწილია.
"გეოლოგებმა დაიწყეს იმის გაანალიზება, რომ კაცობრიობის უძველეს ტრადიციებსა და ისტორიებში რეალური ინფორმაცია ინახება", — ამბობს დევიდ მონტგომერი ვაშინგტონის უნივერსიტეტიდან, — "და იმისდა მიუხედავად, რომ თანამედროვე მეცნიერებებში ასეთ წყაროებს არ ვიყენებთ, ვერაფრით უარვყოფთ რომ ესეც ინფორმაციაა".
რაც უფრო დიდი დრო გადის, სულ უფრო იზრდება იმ ცოდნის დაკარგვის რისკიც, რომელსაც გეომითები შეიცავენ. "წყნარი ოკეანის კუნძულებზე მოხუცი ხალხი ჩემთან ყოველთვის იმას ჩივის, რომ ახალგაზრდები სულ ტელეფონებში არიან ჩამძვრალი და არ სურთ, თავიანთი ბებია-ბაბუების ისტორიები მოისმინონ", — ამბობს გეოლოგი პატრიკ ნანი, — "მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მსოფლიოში ყველგან, სადაც ზეპირსიტყვიერი სოციუმები ლიტერატურულით იცვლებიან, იკარგება ცოდნა, რომელიც ზეპირად არსებობდა. არადა, სწორედ ეს ცოდნაა ის, რაც ადგილობრივებს ზღვის დონის მატებასთან გამკლავებაში დაეხმარებათ".
ნანი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი გეომითოლოგია. განათლებით გეოლოგი, როგორც წესი, პროფესიულ უნიფორმაშია ხოლმე გამოწყობილი, რაც შორტებისა და მაისურისგან შედგება და, ჩამწერით ხელში, წყნარი ოკეანის კუნძულებს შორის პატარა ნავით მოგზაურობს. მისი კვლევა ისეთ გაუჩინარებულ კუნძულთა ამბებზეა ფოკუსირებული, როგორიც, მაგალითად, ტეონიმენუა. ასეთი ისტორიები წყნარი ოკეანის კუნძულებზე ფართოდაა გავრცელებული.
თავისი ბოლო პროექტისთვის ნანი სწავლობდა ათასწლოვან ისტორიებს ავსტრალიიდან და ჩრდილო-დასავლეთ ევროპიდან იმის შესახებ, თუ როგორ ხსნიდნენ ანტიკური ადამიანები პოსტმყინვარულ ზღვის დონის ამაღლებას და რა საპასუხო ნაბიჯებს დგამდნენ. საინტერესოა, რომ ავსტრალიის სანაპიროსთან წყალმა მატება დაახლოებით 6 ათასი წლის წინ შეწყვიტა — მაშინ, როდესაც ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში ეს პროცესი დღემდე გრძელდება.
თითქმის იმ ოცდასამივე ავსტრალიური აბორიგენი ჯგუფის მონათხრობში, რომელიც ნანმა შეისწავლა, მოგონება ლანდშაფტის და ცხოვრების წესის ცვლილებაზე, რომელიც პოსტმყინვარულმა ამაღლებამ გამოიწვია, 7 ათასი წელია, შენარჩუნებულია. ის განსაკუთრებით გამოკვეთილი ორი ჯგუფის ზეპირსიტყვიერ მემკვიდრეობაშია.
ერთ ასეთ ისტორიას კვინსლენდის სანაპიროსთან მცხოვრები გუნგგანიის აბორიგენი ხალხი ჰყვება. ამ ისტორიაში, რომლის სხვადასხვა ვერსიას მთელ ჩრდილო-აღმოსავლეთ ავსტრალიაში ვხვდებით, გუნიას სახელით ცნობილი კაცის ცუდი საქციელი მიწის დატბორვას იწვევს, რის შემდეგაც ის ადამიანებს შემოიკრებს, რათა ეს პროცესი შეაჩერონ. მეორეში ის ხალხს მთისკენ მიუძღვის, რათა წყალს გაექცნენ. იქიდან ისინი გაცხელებულ ლოდებს ერთობლივი ძალისხმევით ზღვისკენ აგორებენ და მის წინსვლას ამ გზით აჩერებენ.
ბუნებრივია, რომ ისტორიები, რომლებიც ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში ნანმა და მისმა კოლეგებმა შეისწავლეს, ერთმანეთისგან საგრძნობლად განსხვავებულია. დაახლოებით 15 ისტორია ფოკუსირებულია ჩაძირულ ქალაქებზე, რომელთაც განსხვავებული სახელები აქვთ და ბრეტანის, ნორმანდიის კუნძულების, კორნუოლის და უელსის სანაპიროთა გასწვრივ მდებარეობდნენ. ეს ის ტერიტორიაა, სადაც, ნანის თქმით, ბოლო რამდენიმე ათასი წლის განმავლობაში "კულტურული უწყვეტობა", სავარაუდოდ, ყველაზე შესამჩნევი იყო. ამ ისტორიებიდან ორში აღწერილი ქალაქის კომპლექსური დაცვა მიუთითებს იმაზე, რომ მოსახლეობა თაობების განმავლობაში იბრძოდა წაგებულ ბრძოლას ზღვის წინააღმდეგ.
ბრეტანში გავრცელებული ამბავი გვიყვება ქალაქ ისის შესახებ, რომელსაც მეფე გრადლონი მართავდა. ის დაცული იყო რთული საზღვაო თავდაცვითი კომპლექსით, რომელიც საჭიროებდა, რომ დაბალი მოქცევის დროს კარიბჭე გახსნილიყო, რათა ზედმეტი წყალი ხმელეთიდან გასულიყო. ერთ დღესაც მეფის შვილმა, დაჰუთმა, რომელიც დემონით იყო შეპყრობილი, ქალაქის კარიბჭე მაღალი მოქცევისას გახსნა, რამაც ოკეანეს საშუალება მისცა, ქალაქი დაეტბორა, რის შემდეგაც ის მიატოვეს. დასავლეთ უელსში მსგავს ამბავს კარდიგანის ყურეში არსებულ ქალაქ კანტრერ გუაელოდის ბედზე ჰყვებიან.
საგამოძიებო სამუშაო აქ არ სრულდება. ნანმა ამ ამბებში ხსენებული სანაპიროების რეკონსტრუქცია მოახერხა და ზღვის წარსული დონის ცოდნაზე დაყრდნობით დაასკვნა, რომ ეს ისტორიები მინიმუმ 6-8 ათასი წლის წინანდელია.
"ერთი რამ, რაც ამ უძველესი ამბებიდან შეგვიძლია ვისწავლოთ, ისაა, რომ ზღვის დონის მატების დამცავი ზღუდეებით შეჩერება არც ისე მარტივია", — ამბობს ნანი, —"ერთადერთი რეალური გამოსავალი ტრანსფორმაციულია, რაც რეალურად იმას ნიშნავს, რომ ადამიანები თავად უნდა განერიდონ სახიფათო ზონას.
"კიდევ ერთი რამ, რისი სწავლაც აქედან შეგვიძლია, არის ის, რომ ასეთი ეკოლოგიური სტრესის პირობებში ყველაზე ეფექტიანი ადაპტაციის გზა ლოკალური ხასიათისაა. ამ დასკვნამდე მეცნიერება მხოლოდ ხუთი წელია, რაც მივიდა, თუმცა თუ 7 ათასი წლის წინ გავიხედავთ, დავინახავთ, რომ ადამიანები სწორედ ლოკალურად მოქმედებდნენ, ამ მეთოდის ეფექტიანობის სჯეროდათ და თავად იყვნენ ძალისხმევის ინიციატორები. ისინი არ ელოდებოდნენ შორიდან წამოსულ ინსტრუქციებს".
გეომითოლოგიის სფეროს გავლენის ზრდის მიუხედავად, დარგი ჯერ კიდევ არასერიოზულადაა აღქმული ზოგიერთი მეცნიერის მიერ. "მეცნიერებისა და ისტორიკოსების ნაწილი მსგავსი კვლევებისადმი ჯერ კიდევ უნდობლადაა განწყობილი", — ამბობს მეიორი, — "მაგრამ გეომითოლოგიური ისტორიები პოეტური მეტაფორებითა და ზებუნებრივი წარმოსახვითაა გადმოცემული. კატასტროფული მოვლენებისა და ბუნებრივი ფენომენების აღწერა ათასწლეულების სვლასთან ერთად რთულად აღსაქმელი შეიძლება გახდეს და ამის გამო მეცნიერებმა და ისტორიკოსებმა ვერ შეამჩნიონ სიმართლისა და რაციონალურობის ის ნაწილი, რომელიც მხატვრულ ამბავს საფუძვლად უდევს".
ნანი ამ აზრს უფრო პირდაპირი ფორმით გამოთქვამს. "მე ტრადიციული მეთოდებით გაწვრთნილი გეოლოგი ვარ და შემიძლია გითხრათ, რომ ტრადიციული მეთოდებით გაწვრთნილ სხვა გეოლოგებს ასეთი რაღაც არ მოსწონთ. ბევრია, ვისაც ეს საკითხი აინტერესებს, თუმცა უმეტესწილად ეს ისეთი რაღაცაა, რასაც იმდენად რადიკალურად მიიჩნევენ, რომ მისი განხილვა საერთოდ არ უნდათ".
წერა-კითხვის მცოდნე ადამიანები საკმაოდ სკეპტიკურები არიან ზეპირი ტრადიციების ძალისადმი, გადასცენ ინფორმაცია მომავალ ასობით თაობას.
თუმცა შეიძლება საქმე სულ სხვა პრობლემასთანაც გვქონდეს. აკადემიკოსები, რომლებიც იწერენ ადრეული ხალხის ისტორიებს და მათ შესახებ კვლევებს აქვეყნებენ, მარტივად შესაძლებელია, კულტურული მითვისების ბრალდებების მსხვერპლად იქცნენ, თუ არ დაიცავენ კეთილსინდისიერების ისეთ მარტივ წესს, როგორიცაა ჯერ ნებართვის თხოვნა.
გეომითოლოგიამ დიდი გზა გამოიარა იმისათვის, რომ სამეცნიერო დარგად განეხილათ, თუმცა ეს გზა ჯერ კიდევ არ დასრულებულა. იმ დღიდან ერთი წლის შემდეგ, რაც დოროთი ვიტალიანომ პირველად გამოიყენა ეს ტერმინი, მან ფოლკლორის ინსტიტუტის ჟურნალში დაწერა, რომ გეომითოლოგია არის "ევჰემერიზმის გეოლოგიური გამოყენება" და რომ გეომითოლოგებს შეუძლიათ, "თავიანთი წვლილი შეიტანონ მითოლოგიის კვლავ ისტორიად ქცევაში". ამ სიტყვების დაწერიდან ხუთი წლის შემდეგ კი მან ინოვაციური წიგნი, დედამიწის ლეგენდები (1973) გამოაქვეყნა. სამწუხაროდ, ის დღეს აღარ იბეჭდება.
დარგისადმი მზარდი ინტერესის სამი ათწლეული დასჭირდა იმას, რომ 2004 წელს 32-ე საერთაშორისო გეოლოგიურ კონგრესზე გეომითოლოგიის პირველი სესია გამართულიყო. მასზე მოხუცებულმა ვიტალიანომ მთავარი სიტყვა წარმოთქვა "250 ადამიანის წინაშე ოთახში, რომელიც 100-ისთვის იყო განკუთვნილი". ვულკანოლოგი ოთხი წლის შემდეგ გარდაიცვალა — მას შემდეგ, რაც 2007 წელს გამოქვეყნებული სტატიების პირველი რეცენზირებული კრებული, მითი და გეოგრაფია, იხილა.
"მას დიდი გამბედაობა დასჭირდა, რომ 1970-იან წლებში თავისი წიგნი გამოექვეყნებინა. ამის შემდეგ მას ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მრავალი გეოლოგი ათვალწუნებით უყურებდა", — ამბობს ნანი, რომელიც კონგრესზე სიტყვით ვიტალიანოს შემდეგ გამოვიდა, — "სწორედ 2004 წელს გამართული საერთაშორისო გეოლოგიური კონგრესი იყო მიზეზი იმისა, რომ გეომითოლოგია მრავალი მეცნიერისათვის გახდა სანდო".
სფერომ, რომელიც ვიტალიანომ დააარსა, განვითარება დაიწყო. მართალია, მეიერს 20 წელი დასჭირდა იმისათვის, რომ გამოეკვლია და დაეწერა ნამარხებზე პირველი მონადირეები (2000), თუმცა ამ წიგნმა შემოგვთავაზა ახალი ხედვა "ნამარხი მითების" შესახებ, რადგან ის პირველი სისტემატიზებული კვლევა იყო ანტიკურ პერიოდში აღმოჩენილი სამარხების შესახებ. მეიერმა მითოსური გრიფონის ბერძნული და რომაული აღწერა თვითმხილველთა მონათხრობს მიამსგავსა და წამოაყენა ჰიპოთეზა, რომ ის დინოზავრის იმ ნამარხთან იყო დაკავშირებული, რომელიც გობის უდაბნოში აბრეშუმის გზასთან ახლოს აღმოაჩინეს. ეს ის გზა გახლდათ, რომელსაც ქარავნები ევროპისა და ჩინეთის დასაკავშირებლად იყენებდნენ.
მისი უახლესი კვლევა ლინდა ჟიანგთან (პალეონტოლოგი ჩინეთიდან) მუშაობისას მოიცავს იმას, თუ როგორ უკავშირდება მითოსური ქმნილებების შესახებ არსებული ჩინური ზეპირსიტყვიერი ტრადიციები დინოზავრთა ადგილობრივ ნაკვალევს.
2021 წელს თიმოთი ბერბერის წიგნი, გეომითოლოგია: როგორ უკავშირდება გავრცელებული ისტორიები დედამიწის მოვლენებს, გამოიცა. ის გეომითოლოგიის პირველი სახელმძღვანელოა. "მეიორმა გეომითოლოგია შემდეგ საფეხურზე აიყვანა, რადგან მან არა მხოლოდ გეოლოგიურ შემთხვევებს, არამედ პალეონტოლოგიურსაც მიაქცია ყურადღება", — ამბობს ბერბერი, დასავლეთ ვირჯინიაში მდებარე მარშალის უნივერსიტეტის ინგლისურის პროფესორი, — "და დაგვანახა, თუ რამდენად ტრავმული შეიძლებოდა ყოფილიყო დიდი, უცნაური ცხოველის ძვლების აღმოჩენა ანტიკური ადამიანისათვის".
საბოლოო ჯამში, გეომითოლოგია უპირისპირდება წარსულისა და მომავლის ჩვენეულ აღქმას. "გეომითოლოგია ეწინააღმდეგება რწმენას, თითქოს ყველა მითი და ლეგენდა მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფია", — ამბობს მეიორი, — "გეომითები ისეთი ინფორმაციისა და დეტალების საგანძურია ზუსტი მეცნიერებებისათვის, როგორიც სხვა შემთხვევაში დაიკარგებოდა".
შესაძლოა, ახალი გეომითები მომავალი თაობებისთვისაც შეიქმნას. "გლობალურმა დათბობამ, კლიმატის ცვლილებამ და ზღვის დონის მატებამ ახალი გეომითების შექმნა შეიძლება გამოიწვიოს", — ამბობს ის.
"ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი ისაა, რომ გადავრჩებით", — ამბობს ნანი, — "ეს იმას არ ნიშნავს, რომ კლიმატის ცვლილებასთან გასამკლავებლად ადაპტაცია არ მოგვიწევს — და ხშირ შემთხვევაში ეს საკმაოდ რადიკალურიც იქნება. თუმცა ეს იმას ნიშნავს, რომ გადავრჩებით".
კომენტარები