სმარტფონების გამოყენება შესაძლოა, ალცჰაიმერის განვითარებას უწყობდეს ხელს
მეცნიერებმა, ახალი კვლევის ფარგლებში, მობილურ ტელეფონებსა და ალცჰაიმერის დაავადებას შორის სავარაუდო კავშირი შეისწავლეს. კერძოდ, მათ ყურადღება ელექტრონულად გამოყოფილი ელექტრომაგნიტური ველის (EMF) გავლენაზე გაამახვილეს, რომელსაც უსადენო კავშირისთვის დღესდღეობით აქტიურად ვიყენებთ, იქნება ეს სმარტფონები თუ Wi-Fi.
საქმე იმაშია, რომ ის შესაძლოა, ორგანიზმში კალციუმის დაგროვებას უწყობდეს ხელს, რასაც, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, სპეციალისტები სწორედ ალცჰაიმერის განვითარების პოტენციურ ხელშემწყობ ფაქტორად განიხილავენ. მათი თქმით, ასეთი ელექტრული და მაგნიტური ველები ჩვენს სხეულში არსებულ, ძაბვაზე დამოკიდებულ კალციუმის არხებს ააქტიურებს, რის გამოც უჯრედების შიგნით ამ ელემენტის რაოდენობა იზრდება.
აღნიშნულ ჰიპოთეზას მკვლევრების მიერ ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტებიც უჭერს მხარს. მაგალითად, მათი შედეგები აჩვენებს, რომ დაბალი ინტენსივობის EMF ნერვული სისტემის დეგენერაციულ ცვლილებებს განაპირობებს.
"საკმაოდ ახალგაზრდა ადამიანებს, რომლებიც მობილური ტელეფონების ან Wi-Fi-ის გამოსხივების გავლენას ყოველდღიურად რამდენიმე საათის განმავლობაში განიცდიან, შესაძლოა, ციფრული დემენცია ჩამოუყალიბდეთ", — აცხადებენ გამოცემაში Current Alzheimer Research გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორები.
ალცჰაიმერის ასოციაციის თანახმად, მხოლოდ აშშ-ში 65 წლის ან უფრო ხნიერი 6.5 მილიონზე მეტი ადამიანი ამ დაავადებით ცხოვრობს და ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. 2050 წლისთვის ამ მაჩვენებელმა შესაძლოა, 13 მილიონს მიაღწიოს.
კომენტარები