რა უნდა გაითვალისწინოთ, თუ ტვინის შერყევა გაქვთ
ტვინის შერყევა, იგივე კონტუზია, თავის დაზიანებითაა გამოწვეული და ისეთი არასასიამოვნო სიმპტომები ახასიათებს, როგორიცაა თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მეხსიერების პრობლემები და სხვა. იშვიათ შემთხვევებში, ის სისხლის შენადედების წარმოქმნასა და ტვინში სისხლის გაჟონვას განაპირობებს, რაც შესაძლოა, ფატალურად დასრულდეს..
ეს სიმპტომები ტრავმის მიღებიდან მალევე, რამდენიმე დღეში ან კვირაში ვლინდება. იმის მიუხედავად, რომ სრულად გამოჯანმრთელებას პაციენტთა უმრავლესობა ახერხებს, რამდენ ხანში მოხდება ეს, სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული.
წინამდებარე სტატიაში სწორედ იმაზე გესაუბრებით, თუ რა (არ) უნდა გააკეთოთ კონტუზიის დროს.
დაისვენეთ
ტვინის შერყევის მქონე ადამიანებისთვის დასვენება უმნიშვნელოვანესია, ეცადეთ, ღამე სრულფასოვნად იძინოთ, დღისით კი არ დაიტვირთოთ. პირველ 48 საათში მოერიდეთ ისეთ საქმიანობას, რომელიც ფიზიკურ ძალისხმევასა და კონცენტრაციას მოითხოვს. ასეთია, ვარჯიში, სიმძიმეების აწევა, მეცადინეობა, კითხვა, ვიდეოთამაშებით გართობა, ტელევიზორის ყურება და ა.შ.
ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, შეგიძლიათ, ყოველდღიურ აქტივობებს ნელ-ნელა დაუბრუნდეთ.. სასურველია, სტრესისგან გათავისუფლდეთ.
თავი შეიკავეთ კონტაქტური სპორტისგან
არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად უკავშირდება თქვენი ტრავმა სპორტს. მისი კონტაქტური სახეობებისგან თავის შეკავება მაინც მოგიწევთ. თამაშს მხოლოდ მაშინ დაუბრუნდით, როცა ექიმი დაგრთავთ ნებას.
კვლევამ აჩვენა, რომ კონტუზიის ერთხელ გატანა მისი განმეორების რისკს ზრდის, ამიტომ ფრთხილად უნდა იყოთ.
არ დაძაბოთ ყურადღება და მეხსიერება
როგორც ზემოთ ვახსენეთ, შესაძლოა, მეხსიერების პრობლემები შეგექმნათ, ამიტომ ექიმთან ვიზიტამდე პუნქტებად ჩამოწერეთ, რისი დამახსოვრებაც გიჭირთ. თუ ყურადღება მარტივად გეფანტებათ, ერთბაშად ბევრ საქმეს ნუ გააკეთებთ და ერთ-ერთ მათგანზე კონცენტრირდით.
გირჩევთ, რომ სანამ გამოკეთდებით, გადაწყვეტილებების მიღებაში დახმარება ოჯახის წევრებს ან მეგობრებს სთხოვოთ.
ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებამდე, ექიმს გაესაუბრეთ
სანამ კონტუზიამდელ ცხოვრების რეჟიმს აღადგენთ, აუცილებელია, სპეციალისტის რეკომენდაციები მოისმინოთ. ის, თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, განსაზღვრავს, როდის იქნება, მაგალითად, სამსახურში დაბრუნებისთვის ან ავტომობილის საჭესთან ხელახლა დაჯდომისთვის საუკეთესო დრო.
ეს ეხება ალკოჰოლური სასმლის დალევასაც. ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ მიიღოთ მედიკამენტები, კერძოდ, ტკივილგამაყუჩებლები, თუნდაც, ისინი უვნებლად გეჩვენებოდეთ. ამ მხრივ, ყველაზე კრიტიკული პირველი 24 საათია.
დაბოლოს, აღსანიშნავია, რომ ზოგჯერ ტვინის შერყევა საკმაოდ მძიმე ფორმითაა გამოხატული. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევებში, ჰოსპიტალიზაცია და ოპერაციის ჩატარება ხდება საჭირო. ნებისმიერი საეჭვო სიმპტომის შესახებ აუცილებლად აცნობეთ ექიმს, რათა მან მკურნალობის სათანადო გეგმა შეიმუშაოს.
რუბრიკის სპონსორია ექიმო. ექიმო არის აპლიკაცია, რომელიც სამედიცინო სერვისების მიღებას გიმარტივებთ. მისი გამოყენებით, შეძლებთ სახლში გამოიძახოთ ლაბორატორიული ანალიზები, დაჯავშნოთ ექიმთან ვიზიტი, რიგში დგომის გარეშე მიიღოთ სამედიცინო მომსახურება, მოძებნოთ მედიკამენტები და ელექტრონულად მიიღოთ კვლევებისა და მედიკამენტების დანიშნულებები, დიაგნოზები და სადაზღვევო მიმართვები.
კომენტარები