NASA-მ ახალი მასალა შექმნა და ის კოსმოსში ფრენის მომავალს განსაზღვრავს
შენადნობი 1093 ცელსიუს გრადუსს უძლებს და წინამორბედებთან შედარებით 1000-ჯერ უფრო გამძლეა.
NASA-მ ახალი შენადნობი შექმნა, რომლის გამოყენებაც ავიაციასა თუ კოსმოსურ მისიებში შეგვიძლია. როგორც კოსმოსური სააგენტოს პრესრელიზიდან ვიგებთ, ის წინამორბედ შენადნობებთან შედარებით 1000-ჯერ გამძლეა.
ახალ-ახალი მისიების გაშვების უზარმაზარ გამოწვევებთან გასამკლავებლად, NASA ყოველთვის ეძებს ახალ მასალებს, რომლებიც გაუმკლავდებიან გაშვების სიმძიმეს და კოსმოსის ექსტრემალურ სიცივეს. ახლადაღმოჩენილ მასალას GRX-810 დაარქვეს და ის შეიძლება კლასიფიცირდეს, როგორც ოქსიდის დისპერსიით გაძლიერებული (ODS) შენადნობი. ეს კი ნიშნავს, რომ მას შეუძლია გაუძლოს მკაცრ პირობებს, სანამ მიაღწევს რღვევის წერტილს.
როგორ შექმნეს GRX-810
შენადნობის აღმოსაჩენად NASA-მ მასალის მოდელირების გზას მიმართა, იმისათვის, რომ წინასწარ განესაზღვრა, რომელი მეტალების კომბინაციით შეიძლებოდა ოპტიმალურ შედეგამდე მისვლა. აღსანიშნავია, რომ მაშინ, როცა ამ მეთოდს არ იყენებდნენ, ახალი მასალის აღმოჩენას წლები სჭირდებოდა და ეს ექსპერიმენტებისას რესურსების მნიშვნელოვან დანაკარგს იწვევდა. ახლა კი ამ ყველაფერში თანამედროვე ტექნოლოგიები ერთვება. მასალათა მოდელირებისა და 3D პრინტერის დახმარებით, NASA-ს შეუძლია სწრაფად განსაზღვროს სასურველი შენადნობისთვის საჭირო კომპონენტები და აწარმოოს ის დროის მცირე მონაკვეთში. სააგენტოს მიერ გამოყენებული მოდელირების მეთოდმა გუნდს საშუალება მისცა, შენადნობის იდეალური კომპოზიცია სულ რაღაც 30 სიმულაციის შემდეგ მიეღო.
"თუ ადრე მსგავსი აღმოჩენების გაკეთებას წლები სჭირდებოდა, ახლა ეს ერთ კვირაში ან თვეშია შესაძლებელი", — თქვა დეილ ჰოპკინსმა, NASA-ს ტრანსფორმაციული ინსტრუმენტებისა და ტექნოლოგიების პროექტის მენეჯერის მოადგილემ.
GRX-810-ის მახასიათებლები
ახლადშექმნილ შენადნობს შეუძლია გაუძლოს 1093 ცელსიუს გრადუს ტემპერატურას და როგორც უკვე ვთქვით, წინამორბედებთან შედარებით, ის 1000-ჯერ გამძლეა უფრო მაღალი ტემპერატურული გავლენის ქვეშაც. გარდა ამისა, ის უფრო ელასტიურიცაა და აქვს სამ-ნახევარჯერ მეტი მოქნილობა გადატეხამდე გაჭიმვისა ან მოხრის დროს, ასევე ორჯერ მეტი გამძლეობა, გატეხვის მცდელობებთან გასამკლავებლად.
NASA-ს პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ახალი მასალის მოქნილობა სამუშაო პროცესის უზარმაზარი გაუმჯობესების წინაპირობაა. ეს დიზაინერებს ხელს შეუწყობს, გაითვალისწინონ ის კომპრომისები და შესაძლებლობები, რომელთაც წინამორბედი მასალების პირობებში ვერც კი განიხილავდნენ. გარდა ამისა, ეს დეტალების წარმოებისა და მიწოდების პროცესებს დააჩქარებს და რესურსების დაზოგვასაც გამოიწვევს.
ესეც რომ არა, მსგავსი გამძლეობის მქონე მასალის გამოყენება მომავალში უფრო გაბედული და ექსტრემალური კოსმოსური მისიების განხორციელებაში შეგვიწყობს ხელს.
როგორც NASA-ს ტრანსფორმაციული ინსტრუმენტებისა და ტექნოლოგიების პროექტის მენეჯერის მოადგილე, დეილ ჰოპკინსი პრესრელიზში აღნიშნავს, "ეს გარღვევა რევოლუციურია მასალების განვითარების კუთხით. უფრო გამძლე და მსუბუქი მასალების ახალი ტიპები მთავარ როლს თამაშობენ NASA-ს მიზნის მიღწევაში. სააგენტოს მიზანი კი ფრენის მომავლის შეცვლაა".
კომენტარები