მეცნიერებმა გოგრის ფორმის უცნაური ბირთვი შექმნეს — რას ნიშნავს ეს
ფინეთში ფიზიკოსებმა გოგრის ფორმის ატომბირთვი შექმნეს, რომელიც იშვიათი ტიპის რადიოაქტიური დაშლის შედეგად პროტონებს ასხივებს. მეცნიერებმა ამის შესახებ ჟურნალიდან Physical Review Letters გვამცნეს.
PhysicsWorld-ს თუ დავუჯერებთ, ბირთვს, სახელად ლუტეციუმ-149-ს, პროტონული გამოსხივების მქონე რადიოაქტიური ელემენტებიდან ყველაზე ხანმოკლე ნახევრად დაშლის პერიოდი აქვს. იგი სხვა ელემენტებად 450 ნანოწამში (450 × 10-9 წამი) იშლება.
ასევე იხილეთ: მეცნიერებმა მაგნიუმის აქამდე არნახული იზოტოპი შექმნეს — მაგნიუმის უმსუბუქესი ფორმა
თავად ლუტეციუმი იშვიათი მოვერცხლისფრო ელემენტია, რომელსაც ბირთვში 71 პროტონი და 71 ნეიტრონი აქვს. იგი, როგორც წესი, მეტალურ ელემენტ იტერბიუმთან ერთად გვხვდება დედამიწის ქერქში.
1980-იან წლებში მეცნიერებმა ლუტეციუმის იზოტოპი (იმავე ელემენტის ატომი, რომელსაც ბირთვში განსხვავებული რაოდენობის ნეიტრონი აქვს), სახელად ლუტეციუმ-151, შეისწავლეს. იგი ძირითად მდგომარეობაში (ენერგიის ყველაზე დაბალი დონე, რომელიც შეიძლება, ატომის ელექტრონებს გააჩნდეს; ატომის ყველაზე სტაბილური კონფიგურაცია) იშლებოდა და ბირთვიდან პროტონს სტყორცნიდა, რაც ძალიან იშვიათია. ლუტეციუმ-151 ის პირველი იზოტოპია, რომელშიც ძირითად მდგომარეობაში დაშლისას პროტონების გამოსხივება შენიშნეს.
პროტონული გამოსხივების შესწავლა მეცნიერებს საშუალებას აძლევს, ატომბირთვის შიგნით პროტონებისა და ნეიტრონების ურთიერთქმედებაზე მოიპოვონ ინფორმაცია. კვლევის ფარგლებში კალე აურანენმა და მისმა კოლეგებმა ლუტეციუმის ახალი იზოტოპი, ლუტეციუმ-149, შექმნეს, რომელსაც ბირთვში 71 პროტონი და 78 ნეიტრონი აქვს.
საგულისხმოა, რომ იგი იმაზე გაცილებით უცნაური აღმოჩნდა, ვიდრე ერთ დროს ლუტეციუმ-151 — ლუტეციუმ-149-ის ბირთვს არა სფეროს, არამედ წაგრძელებული, გოგრის მაგვარი, ფორმა აქვს. ამას პოლუსებთან შებრტყელებული დეფორმაცია ხსნის, ლუტეციუმ-149 კი ყველაზე დეფორმირებული ატომბირთვია, რომელიც ოდესმე შეუსწავლიათ. აღსანიშნავია ისიც, რომ ლუტეციუმ-149-ის ნახევრად დაშლის პერიოდი იმაზე გაცილებით ხანმოკლეა, ვიდრე ლუტეციუმ-151-ისა (80,6 x 10-3 წამი).
მეცნიერებმა გოგრის ფორმის ატომბირთვი ნიკელ-58-ისა და რუთენიუმ-96-ის შერწყმის შედეგად მიიღეს. ლუტეციუმის ახალი იზოტოპი იტერბიუმ-148-ად იშლება. ეს უკანასკნელი დიდხანს ასევე არ ნარჩუნდება, რადგან მისი ნახევრად დაშლის პერიოდი 250 მილიწამს (250 x 10-3 წამი) შეადგენს.
PhysicsWorld-ზე დაყრდნობით, შესაძლოა, ლუტეციუმ-148-ის შექმნაც მოხერხდეს, რომელიც ლუტეციუმ-149-ზე ოდნავ დიდხანს გასტანს.
კომენტარები