ახალმა მიგნებამ შესაძლოა, დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენის ისტორია გადაწეროს
სპეციალისტთა გუნდი ირწმუნება, რომ უძველესი ნამარხების შესწავლისას ჩვენს პლანეტაზე ყველაზე ადრეული სიცოცხლის კვალს მიაგნო.
კვლევის თანახმად, ნიმუშები 3.75-4.2 მილიარდი წლის წინანდელია. თუ მათი ბიოლოგიური წარმომავლობა სიმართლეს შეესაბამება, ეს ჩვენს მშობლიურ ციურ სხეულზე სიცოცხლის ევოლუციის შესახებ ცოდნას მთლიანად თავდაყირა აყენებს, რადგან მიუთითებს, რომ მიკრობები აქ იმაზე 300 მილიონი წლით ადრე გაჩნდნენ, ვიდრე აქამდე გვეგონა.
ნიმუშები კანადაში მდებარე კვებეკის პროვინციის ჩრდილოეთ ნაწილში 2008 წელს აღმოაჩინეს. ზემოხსენებული ვარაუდი პირველად 2017 წელს, იმავე მეცნიერების მიერ გაჟღერდა. ისინი დედამიწაზე მიმდინარე უადრესი ბიოლოგიური პროცესების დასტურად ბოჭკოებს ასახელებდნენ. მკვლევრების გარკვეულმა ჯგუფმა მაშინ ეს სარწმუნოდ არ მიიჩნია და პოტენციურ ახსნად გეოლოგიური წარმომავლობა დაასახელა.
გამოცემაში journal Science Advances გამოქვეყნებულ ახალ ნაშრომში ავტორები ნიმუშების უფრო დეტალურ ანალიზს გვთავაზობენ და თავიანთი არგუმენტების გამყარებას ცდილობენ. მაგალითად, მათ ღეროს მსგავსი სტრუქტურა აღმოაჩინეს, რომლის ფორმირების ახსნაც ცოცხალი ორგანიზმების გარეშე, ძნელია.
კერძოდ, საუბარია მიკრობებზე, რომლებიც რკინით იკვებებოდნენ. მათი მსგავსი არსებები დღეს ჰიპოთერმული არხების სისტემებში ბინადრობენ. ეს ამყარებს თეორიას, რომლის მიხედვითაც დედამიწაზე სიცოცხლე პირველად ოკეანეში მდებარე ამგვარ ადგილებში გაჩნდა.
უკანასკნელი მიგნება შესაძლოა, სხვა პლანეტებზე არამიწიერი ორგანიზმების პოვნაშიც დაგვეხმაროს.
კომენტარები