როგორ მკურნალობენ მეორე ტიპის დიაბეტს? — რა უნდა იცოდეთ, თუ ის ახლახან აღმოგაჩნდათ
მეორე ტიპის დიაბეტი მაშინ ვითარდება, როცა ადამიანის ორგანიზმი ჰორმონ ინსულინს სათანადოდ ვერ იყენებს და მის მიმართ რეზისტენტული ხდება, რაც სისხლში შაქრის დონის მომატებას იწვევს. ამან შესაძლოა, ჯანმრთელობის მრავალი პრობლემა განაპირობოს.
წინამდებარე სტატიაში წარმოგიდგენთ იმ მთავარ რეკომენდაციებს, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, თუ ეს დაავადება აღმოგაჩნდათ.
წონის დაკლება
მეორე ტიპის დიაბეტის მქონე ბევრი ადამიანი ასევე ჭარბწონიანობასაც უჩივის. თუ ეს თქვენ შემთხვევაშიც ასეა, ექიმი, პირველ რიგში, ზედმეტი კილოგრამების დაკლებას გირჩევთ, რაც მკურნალობის განუყოფელი ნაწილია.
კვლევის მიხედვით, ასეთ პაციენტთა უმეტესობისთვის სხეულის წონის 5-10 პროცენტით შემცირება სისხლში შაქრის დონის დარეგულირებას უწყობს ხელს და ზოგჯერ მედიკამენტების მიღების საჭიროებასაც გამორიცხავს. ეს გულის პრობლემების რისკსაც ამცირებს, რომელიც ზემოხსენებული დაავადების მქონე ინდივიდებში საკმაოდ გავრცელებულია.
კონკრეტული გეგმის დასახვაში ექიმი დაგეხმარებათ, რომელთანაც კონსულტაცია უნდა გაიაროთ. ის გამოჯანმრთელების საუკეთესო გზას შემოგთავაზებთ და სათანადოდ დაგაკვალიანებთ.
კვების რაციონის ცვლილება
წონის დასაკლებად და შაქრის დონის გასაკონტროლებლად კვების რაციონის შეცვლა ძალზე ეფექტიანია. ბალანსირებული დიეტა ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობასაც აუმჯობესებს.
რა თქმა უნდა, მსგავსი ცვლილებები ინდივიდუალურად განისაზღვრება, მაგრამ ამერიკული დიაბეტური ასოციაციის (ADA) მიერ ზოგადად რეკომენდებულია:
- საკვებით ნივთიერებებით მდიდარი პროდუქტების, მაგალითად, მთლიანი მარცვლეულის, პარკოსნების, ბოსტნეულის, ხილის, დაბალცხიმიანი ცილებისა და ჯანსაღი ცხიმების მიღება.
- დღის განმავლობაში ულუფების თანაბარზომიერად გადანაწილება.
- სრულფასოვნად კვება მაშინ, როცა სისხლში შაქრის დონის დამწევ პრეპარატს იღებთ (არ გამოტოვოთ საზუმე, სადილი ან ვახშამი).
- ბევრი საკვების მიღებისგან თავის შეკავება.
ფიზიკური დატვირთვა
მეორე ტიპის დიაბეტთან დაკავშირებული სხვადასხვა გართულების რისკის აღმოფხვრასა და კილოგრამების დაკლებაში ვარჯიშიც შეგიწყობთ ხელს.
ADA-ს ანგარიშის თანახმად, სასურველია, რომ ზრდასრულმა პაციენტებმა:
- საშუალო ან ძლიერი ინტენსივობის აერობიკას ყოველკვირეულად ჯამში 150 წუთი მაინც დაუთმონ, რამდენიმე დღეზე გადანაწილებული.
- ყოველკვირა ძალისმიერი ვარჯიშები 2-3-ჯერ, დღეების გამოტოვებით.
- მჯდომარე მდგომარეობაში ყოფნის დროის შემცირება.
- ფიზიკური აქტივობის გარეშე მაქსიმუმ 2 დღის გატარება.
გასათვალისწინებელია, რომ ექიმმა შესაძლოა, ზოგიერთი აქტივობისგან თავის შეკავება გირჩიოთ, ამიტომ ვარჯიშის დაწყებამდე სპეციალისტთან კონსულტაცია საჭიროა.
მედიკამენტები
ცხოვრების წესის შეცვლა ხშირად არ კმარა და მკურნალობაში მედიკამენტების ჩართვა ხდება აუცილებელი. თქვენი ჯანმრთელობის ისტორიისა და საჭიროებების მიხედვით, მედიკოსმა შეიძლება ორალური გზით მისაღები პრეპარატები, ინსულინი ან სხვა საინიექციო საშუალებები დაგინიშნოთ. დასაწყისისთვის, პირველი მათგანის გამოყენება ყველაზე გავრცელებული პრაქტიკაა, რასაც დანარჩენი ვარიანტები ემატება ხოლმე.
მოსალოდნელი გვერდითი მოვლენებისა და სარგებლის შესახებ სპეციალისტი მოგაწვდით ინფორმაციას.
რუბრიკის სპონსორია ექიმო. ექიმო არის აპლიკაცია, რომელიც სამედიცინო სერვისების მიღებას გიმარტივებთ. მისი გამოყენებით, შეძლებთ სახლში გამოიძახოთ ლაბორატორიული ანალიზები, დაჯავშნოთ ექიმთან ვიზიტი, რიგში დგომის გარეშე მიიღოთ სამედიცინო მომსახურება, მოძებნოთ მედიკამენტები და ელექტრონულად მიიღოთ კვლევებისა და მედიკამენტების დანიშნულებები, დიაგნოზები და სადაზღვევო მიმართვები.
კომენტარები