მეცნიერები იტყობინებიან, რომ დედამიწის ბირთვიდან უძველესი, პირველადი ჰელიუმი ჟონავს, რაც ჩვენი პლანეტის ფორმირების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის. კერძოდ, ეს ნიშნავს, რომ ციური სხეული, რომელზეც ვცხოვრობთ, მზის წარმომქმნელ მოლეკულურ ღრუბელში გაჩნდა.

ეს ქიმიური ელემენტი დედამიწაზე 2 სტაბილური იზოტოპის ფორმით გვხვდება. მათგან ყველაზე მეტად გავრცელებული ჰელიუმ-4 გახლავთ, რომელიც 2 პროტონისა და იმავე რაოდენობის ნეიტრონს აერთიანებს. სწორედ ამ სახითაა აქ არსებული ჰელიუმის 99.99986% წარმოდგენილი. 0.000137% ჰელიუმ-3-ს უკავია, რომელიც 2 პროტონისგან და 1 ნეიტრონისგან შედგება.

პირველი მათგანი ჩვენს პლანეტაზე ურანისა და თორიუმის რადიოაქტიური დაშლის შედეგად ფორმირდება, მეორე კი ჯერ კიდევ დიდი აფეთქებიდან იღებს სათავეს და ტრიტიუმის დაშლის დროსაც გამოიყოფა.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ შუაოკეანური ვულკანური ქედების სისტემის გასწვრივ ქვემოდან ამოსული ჰელიუმ-3 ჟონავს, წელიწადში 2 000 გრამი. ეს იმაზე მიუთითებს, რომ დედამიწის გულში ზემოხსენებული იზოტოპი შესაძლოა, მრავლად იყოს.

მისი წარმოშობის გასაგებად, სპეციალისტებმა კომპიუტერული მოდელი შექმნეს, რომელიც ციური სხეულის პროტოპლანეტად შეკვრის (ამავდროულად, ჰელიუმის მიერთების) პროცესსა და დაახლოებით მარსის ზომის ობიექტ თეიასთან შეჯახების შემდგომ პერიოდს ასახავდა.

ამ კატასტროფის დროს, რომელმაც მთვარის ჩამოყალიბებას დაუდო სათავე, პლანეტის მანტია ხელახლა გადნა, რის გამოც მასში არსებული ჰელიუმი დაიკარგა, ბირთვში კი ის შენარჩუნდა. გამოცემაში Geochemistry, Geophysics, Geosystems გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორთა გამოთვლებით, იქ, სავარაუდოდ, 1013-1015 გრამი ჰელიუმ-3 ინახება.

სწორედ აქედან ასკვნიან, რომ დედამიწა მზის ნისლეულში დაიბადა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.