ადოლფ ჰიტლერის პირადი ცხოვრების შესახებ დაწერილი სტატიების რაოდენობა ლამის აღემატება მისი პოლიტიკური კარიერისა და დანაშაულებრივი ქმედებების გამშუქებელ ტექსტებს. საიდან მოდის ეს ინტერესი ყველაფერი იმით, რაც ფიურერის სექსუალობას უკავშირდება? ზოგი ეჭვობს, რომ ამ სფეროში მისი პრეფერენციები მსოფლიო ასპარეზზე მის ქცევასთანაა დაკავშირებული. სხვებს კი, უბრალოდ, სურთ იცოდნენ, როგორი იყო ურთიერთობა კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დაუნდობელ დიქტატორთან.

ზედაპირული კვლევაც კი ცხადყოფს, რომ ჰიტლერი არასოდეს ყოფილა განსაკუთრებულად დაინტერესებული სექსუალური თუ რომანტიკული ურთიერთობებით. იოაჰიმ ფესტის ცნობილი ბიოგრაფია, ჰიტლერი, მას განმარტოებულ და ღრმად სერიოზულ ინდივიდად წარმოაჩენს, რომელიც ადრეული ბავშვობიდანვე საკუთარ იდეებზე იყო შეყვარებული. ხოლო მაშინ, როდესაც მისმა თანატოლებმა გოგოებზე ფიქრი დაიწყეს, ჰიტლერს მხოლოდ ოპერა და არქიტექტურა იტაცებდა.

უკვე პოლიტიკურ ასპარეზზე ყოფნისას ის ძალიან ამაყობდა იმით, რომ პირადი ცხოვრება არ გააჩნდა. თავისი უახლოესი გარემოცვისგან განსხვავებით, რომელთაგან ბევრს ჰყავდა მრავალშვილიანი ოჯახი, ჰიტლერი უცოლო იყო და საჯაროდ არც მის სასიყვარულო ურთიერთობებზე ვრცელდებოდა ინფორმაცია. ის საკუთარ თავს ქორწინებისათვის შეუსაბამო პიროვნებად წარმოაჩენდა: ისეთ ადამიანად, რომელსაც სურდა, თავი არა ერთი ადამიანისთვის მიეძღვნა, არამედ — მთელი ქვეყნისთვის.

მაგრამ ეს წარმოდგენა, ისევე როგორც მრავალი სხვა, მესამე რაიხის ყალბი და შეცდომაში შემყვანი პროპაგანდა იყო. სინამდვილეში, მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ჰიტლერს რომანტიკული ურთიერთობა რამდენიმე ქალთან ჰქონდა. მსგავსი დეტალები დიქტატორს განსხვავებული პერსპექტივიდან წარმოაჩენს და გვანახებს, როგორ აისახა ძალაუფლებისა და კონტროლისადმი მისი ლტოლვა პირად სფეროზეც. მისი ყოველი ურთიერთობა პრობლემური იყო და ყველა მათგანი ჰიტლერის პარტნიორის თვითმკვლელობით მთავრდებოდა.

ადოლფ ჰიტლერის დისშვილის სიკვდილი

პირველი სერიოზული ურთიერთობა ადოლფ ჰიტლერს დისშვილთან, გელი რაუბალთან ჰქონდა. ის ჰიტლერის ნახევარდის შვილი იყო, რომელმაც სთხოვა, სწავლის დასრულებამდე მიუნხენის მის ბინაში ეცხოვრა. ჰიტლერს მოეწონა ენერგიული და მიზანდასახული გოგო — ალბათ იმიტომ, რომ მან, ბიოგრაფ მაიკლ ლინჩის სიტყვებით, "შესთავაზა ისეთი კომპანიონობა, როგორიც პოლიტიკას არ შეეძლო".

უცნობია, ჰქონიათ თუ არა ჰიტლერს და რაუბალს სქესობრივი კავშირი. იმის გათვალისწინებით, რომ სექსისადმი ჰიტლერის ინტერესი დაბალი იყო, ეს ნაკლებად სავარაუდოა. თუმცა, მათი ურთიერთობა, რა თქმა უნდა, სცილდებოდა დისშვილისა და ბიძისას. როგორც სხვა ყველაფრისადმი, რასაც ჰიტლერის ინტერესის სფერო წარმოადგენდა, ის რაუბალისადმიც მესაკუთრეობრივ დამოკიდებულებას ავლენდა: უკრძალავდა მას გარკვეული ტიპის ტანსაცმლის ჩაცმას ან თავისი ნებართვის გარეშე სოციალიზაციას.

პირველ მსოფლიო ომში ჰიტლერის თანამებრძოლები მას რთულ და ასოციალურ ადამიანად ახასიათებდნენ.

ფოტო: Mareček2000 / Wikimedia Commons

"თავდაპირველად გელი მოხიბლული იყო ბიძამისის ყურადღებით", — წერს ლინჩი ბიოგრაფიულ წიგნში, ჰიტლერი, — "მაგრამ მალევე იგრძნო, რომ ეს ურთიერთობა საშიშად მპყრობელური იყო". როცა ჰიტლერმა მას მშობლების მიერ შერჩეულ კაცთან ქორწინების უფლება არ მისცა, რაუბალი სულიერად გატყდა. ერთ დილას — მას შემდეგ, რაც ჰიტლერი ნიურნბერგში პარტიულ მიტინგზე გაემგზავრა — ქალმა თავი მისი რევოლვერით მოიკლა.

როდესაც საქმე ჰიტლერის სასიყვარულო ურთიერთობებს ეხება, ძნელია პირადის პოლიტიკურისგან გამიჯვნა. მიუნხენში თვითმკვლელობის ამბის გავრცელებას მრავალი ჭორი მოჰყვა. იმ დროს გაზეთები ვარაუდობდნენ, რომ ჰიტლერმა ის თავად მოკლა, რამაც ნაცისტური პარტიის არსებობა საფრთხის ქვეშ დააყენა. ბრალდებებით შეწუხებული ჰიტლერი გარკვეული პერიოდი პოლიტიკიდან წასვლასაც კი ფიქრობდა.

რაც უნდა ყოფილიყო ამის მიზეზი, შეიძლება ითქვას, რომ რაუბალის სიკვდილმა დიდი გავლენა მოახდინა ფიურერზე. მიუნხენში დაბრუნების შემდეგ მან ქალის ტანსაცმელი და ნივთები ერთ ოთახში შეაგროვა და განაცხადა, რომ ეს ოთახი მისი ხსოვნისათვის იქნებოდა განკუთვნილი. თუმცა ერნესტ ჰანფსტანგლი, ჰიტლერის ახლო მეგობარი და წიგნის, ჰიტლერი: დაკარგული წლები, ავტორი მიიჩნევდა, რომ ფიურერმა, სავარაუდოდ, თავისი მწუხარება პოლიტიკური მიზნებისათვის გააზვიადა.

ჰიტლერის ბრიტანელი შეყვარებული

ახალმა სტატუსმა და ძალაუფლებამ ჰიტლერი, როგორც გერმანიის კანცლერი, სხვების თვალში მეტად მიმზიდველი გახადა. მას მილიონობით თაყვანისმცემელი ჰყავდა, რომელთაგან ზოგიერთი აქტიურად ცდილობდა კანცლერთან დაახლოებას. მათგან ყველაზე წარმატებული ინგლისის მაღალი საზოგადოების გამორჩეული ფიგურა, იუნიტი მიტფორდი აღმოჩნდა.

ბრიტანეთის ფაშისტური პარტიის გავლენიანი პოლიტიკოსის რძალმა, მიტფორდმა ადოლფ ჰიტლერი პირველად ერთ-ერთ მიტინგზე ნახა და მისით მაშინვე მოიხიბლა. მან ჰიტლერის გაცნობა გადაწყვიტა და ამ მიზნით საცხოვრებლად მიუნხენში გადავიდა, სადაც გახსნა რესტორანი სახელწოდებით, Osteria Bavaria. მას შემდეგ, რაც თვეების განმავლობაში ჰიტლერის მოპირდაპირე მაგიდასთან სადილობა, მიტფორდმა, როგორც იქნა, მასთან ვახშმობის მოწვევა მიიღო.

იუნიტი მიტფორდი ერთ-ერთი იყო იმ რამდენიმე არაგერმანელს შორის, რომლებიც ჰიტლერის ანტურაჟის წევრები გახლდნენ.

ფოტო: Wikimedia Commons

ქალი სწრაფად გახდა ჰიტლერის ახლო წრის სანდო წევრი. ის არა მხოლოდ ისეთ დღესასწაულებზე გამოჩნდა მის გვერდით, როგორიცაა ბაიროითის ფესტივალი, არამედ ჰიტლერს თან ახლდა დიპლომატიურ ღონისძიებებზეც — მათ შორის, 1936 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე. ჰიტლერში ქალისადმი პატივისცემა ამ უკანასკნელის მზარდმა ანტისემიტიზმმაც გააძლიერა. ნაცისტურ გაზეთში წერისას მიტფორდი მკითხველს "ებრაული საფრთხის" შესახებ აფრთხილებდა და ამაყად უწოდებდა საკუთარ თავს "ებრაელთა მოძულეს".

როდესაც მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, ჰიტლერის ურთიერთობა მიტფორდთან მოულოდნელად დასრულდა. რამდენიმე მაღალჩინოსანმა ნაცისტმა — მათ შორის, ალბერტ შპეერმა — ჰიტლერს მოუწოდა, სამხედრო საკითხები უცხოელის თანდასწრებით არ განეხილა. თავის მხრივ, მიტფორდი ევედრებოდა ჰიტლერს, არ წამოეწყო ომი მის მშობლიურ ქვეყანასთან. ჰიტლერის საპირისპირო გადაწყვეტილების შემდეგ მან თვითმკვლელობა იმ იარაღით სცადა, რომელიც ფიურერმა თავდასაცავად აჩუქა.

რაუბალისგან განსხვავებით, მიტფორდი თვითმკვლელობის მცდელობას გადაურჩა და ის ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს. შეწუხებულმა ჰიტლერმა სასწრაფოდ ვიზიტი დანიშნა და სამედიცინო ხარჯები საკუთარ თავზე აიღო. როცა მან გაიგო, რომ ცეცხლსასროლი იარაღით მიღებულმა ჭრილობამ სამუდამოდ დააზიანა ქალის ტვინი, ჰიტლერმა მიტფორდი, მტრის ხაზების გადაკვეთით, ინგლისში გადააყვანინა. იქ მან დარჩენილი ცხოვრება გაუცხოებული ოჯახის წევრებისგან მიღებულ ზრუნვაში გაატარა. მიტფორდი ტვინში მოხვედრილი ტყვიით გამოწვეულმა მენინგიტმა ცხრა წლის შემდეგ შეიწირა.

ევა ბრაუნი და ფიურერის ბუნკერი

ჰიტლერმა ჯერ კიდევ რაუბალთან თანაცხოვრებისას გაიცნო ევა ბრაუნი — მისი ყველაზე ცნობილი პარტნიორი და, საბოლოოდ, ცოლიც. იმ დროს 17 წლის ბრაუნი ჰიტლერს თავისი დამსაქმებლის, ნაცისტური პარტიის ოფიციალური ფოტოგრაფის, ჰაინრიხ ჰოფმანის მეშვეობით გაეცნო. მაშინ, როცა რაუბალს ეზიზღებოდა ის მეპატრონე დამოკიდებულება, რომელსაც ჰიტლერი მისადმი იჩენდა, ბრაუნს საპირისპირო დამოკიდებულება ჰქონდა. ანგელა ლამბერტი, ევა ბრაუნის დაკარგული სიცოცხლის ავტორი, 1931 წელს თვითმკვლელობის წარუმატებელ მცდელობას ჰიტლერის ყურადღების მიქცევის სურვილით ხსნის.

ისტორიკოსები და ფიურერის თანამედროვეები სხვადასხვაგვარად განმარტავენ ჰიტლერის მიერ ბრაუნით დაინტერესების მიზეზს. წიგნის, ჰიტლერი: ბიოგრაფია, ავტორის, პიტერ ლონგერიჩის აზრით, ფიურერმა ბრაუნთან ურთიერთობა იმიტომ წამოიწყო, რომ ბოლო მოეღო იმ ჭორებისთვის, რომლებსაც ახლობლები მისი მარტოობის მიზეზების შესახებ ავრცელებდნენ. კარმენსიტა ფონ რედე, ბავარიელი დიდგვაროვანი და ჰიტლერის ახლო მეგობარი, ამტკიცებდა, რომ ჰიტლერმა ბრაუნი მიტფორდის მსგავს ქალებს იმიტომ ამჯობინა, რომ ის მასავით დაბალი კლასის წარმომადგენელი იყო.

ბრაუნთან ჰიტლერს ყველაზე ხანგრძლივი ურთიერთობა აკავშირებდა, რომელიც ასევე თვითმკვლელობით დასრულდა.

ფოტო: Bundesarchiv / Wikimedia Commons

უფრო მნიშვნელოვანი ალბათ ის ფაქტი იყო, რომ იგი გაუნათლებელი და ჰიტლერის საქმეებისადმი ინდიფერენტული გახლდათ. "ჰიტლერს სურდა, სრულიად თავისუფალი ყოფილიყო", — თქვა ერთხელ რაინჰარდ შპიციმ, SS-ის ოფიცერმა, რომელიც ბრაუნს არაერთხელ შეხვედროდა. შპიცის თქმით, ჰიტლერს სურდა ტრადიციული დიასახლისი, რომელიც მისთვის საჭმელს მოამზადებდა და სახლს დაასუფთავებდა, და არა — "ქალი, რომელიც მასთან პოლიტიკურ საკითხებს განიხილავდა ან რომელიც გავლენის მოხდენას შეეცდებოდა. […] ევა ბრაუნი არ ერეოდა პოლიტიკაში".

მაშინაც კი, როცა ის ჰიტლერის ოფიციალური პარტნიორი იყო, მათი ურთიერთობა საშინაო სფეროს არ ცდებოდა. ქალი დროის უმეტეს ნაწილს ბერგჰოფში ცურვასა და თხილამურებით სრიალში ატარებდა. როცა ფიურერი მისთვის საკმარისი დროის გამონახვას ვერ ახერხებდა, ეს ხანგრძლივ კამათში იზრდებოდა, რაც, ჩვეულებრივ, ბრაუნის ტირილითა და ჰიტლერის ყვირილით მთავრდებოდა.

მრავლისმთქმელია, რომ ჰიტლერი ბრაუნზე ბუნკერში დაქორწინდა — მაშინ, როდესაც საბჭოთა ჯარისკაცები ბერლინს მიუახლოვდნენ. ფიცის დადებიდან მალევე ცოლ-ქმარი შეთანხმდა, რომ ცხოვრებას ერთად დაასრულებდა. ბრაუნს შეეძლო, ომს ცოცხლად გადარჩენოდა, მაგრამ ეს არ აირჩია. ჰიტლერის მდივანი ტრაუდლ იუნგე ამტკიცებდა, რომ ბრაუნს არ სურდა ფიურერის გარეშე ცხოვრება. უამრავი გერმანელის მსგავსად, იგი ბოლომდე დარჩა დიქტატორის ერთგული.