როგორ გაჩნდა დედამიწაზე სიცოცხლე — ახალი კვლევა ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემასთან ახლოსაა
კაცობრიობა ყოველთვის ეძებდა პასუხს კითხვაზე, თუ როგორ დაიწყო სიცოცხლე დედამიწაზე. ამის ახსნას სხვადასხვა თეორია ცდილობს, მაგრამ ზუსტი პასუხი ჯერ არ გვაქვს. და აი, თითქმის ორი საუკუნის თავზე, დარვინის ევოლუციის თეორია ახლაც ჰფენს ნათელს ბევრ საიდუმლოს, რომელიც ჩვენთვის ჯერ კიდევ ამოუხსნელია.
ასევე: ევოლუცია — სიცოცხლის გვერდითი ეფექტი
ევოლუციის თეორიით შთაგონებულმა ტოკიოს უნივერსიტეტის მკვლევრებმა ჩაატარეს გრძელვადიანი ექსპერიმენტი რნმ-ის რეპლიკაციაზე. ამ გზით მათ გამოავლინეს ქიმიური სისტემიდან ბიოლოგიურ სირთულეზე გადასვლის პროცესი.
"საბოლოოდ, კვლევითმა ჯგუფმა შექმნა რნმ-ის მოლეკულა, რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ რეპროდუცირება, არამედ ვითარდება უფრო რთულ მოლეკულებად", — ნათქვამია Nature Communications-ში გამოქვეყნებულ კვლევაში.
ამ აღმოჩენამ შეიძლება ნათელი მოჰფინოს ევოლუციის ადრეული ეტაპს. ახალი აღმოჩენა მნიშვნელოვანი მიღწევაა დარვინიზმის თვალსაზრისით, რადგან მკვლევრებმა ექსპერიმენტები ჩაატარეს რნმ-ის რეპლიკაციის უნიკალურ სისტემაზე. ეს სისტემა მუტაციებსა და ბუნებრივ გადარჩევაზე დაფუძნებული ცვლილებების თვითგანმტკიცების პროცესს უზრუნველყოფს.
ექსპერიმენტი მოიცავდა რნმ-ის მოლეკულების ინკუბაციას 37°ცელსიუზე ზეთში ამოვლებულ წყლის წვეთებში. ეს პროცესი ხუთი საათის განმავლობაში გაგრძელდა. შემდეგ კი საკვები ნივთიერებები დაამატეს, რათა შერეულიყო ინკუბატორში და ეს ყველაფერი კიდე ხუთი საათის განმავლობაში გაგრძელდა. მთლიანობაში მსგავსი პროცესი 240-ჯერ განმეორდა. შედეგად ორი რნმ განიტოტა და გაჩნდა ახალი ხაზები.
"თავდაპირველად ეჭვი გვეპარებოდა, რომ ასეთი მრავალფეროვანი რნმ-ის ევოლუცია და თანაარსებობა შეიძლებოდა. ევოლუციურ ბიოლოგიაში "კონკურენტული გამორიცხვის პრინციპი" აცხადებს, რომ ერთზე მეტი სახეობა არ შეიძლება თანაარსებობდეს, თუ ისინი ზუსტად იგივე რესურსებისთვის ერთმანეთს უწევენ კონკურენციას. ეს ნიშნავს, რომ მოლეკულებმა ფორმა უნდა იცვალონ და სხვადსხვა რესურსების გამოყენება შეძლონ. თუმცა, ისინი უბრალოდ მოლეკულებია, ამიტომ ჩვენ დავინტერესდით, შეიძლებოდა თუ არა ცოცხალ ქიმიურ ნივთიერებებში მომხდარიყო მსგავსი", — კომენტარი გააკეთა რიო მიზუჩიმ, კვლევის ავტორმა.
ახალი ხედვა იმის შესახებ, თუ როგორ დაიწყო სიცოცხლე
საბოლოოდ, კვლევა გვთავაზობს ხედვას ევოლუციის პირველ ეტაპებზე და მის შესაძლო გაგრძელებებზე. ასევე დადასტურდა, რომ რნმ-ს შეუძლია განვითარდეს და დაუდოს საფუძველი კომპლექსურ სიცოცხლეს. მკვლევრები ახლა გეგმავენ ჩაატარონ დამატებითი კვლევა, რათა გაიგონ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება რნმ-მა გზა გაუხსნას ბიოლოგიურ სისტემებს.
"შედეგებმა შეიძლება იმ შეკითხვას გასცეს საბოლოო პასუხი, რომელსაც ადამიანები ათასობით წლის განმავლობაში სვამდნენ — როგორ წარმოიშვა სიცოცხლე" — თქვა მიზუჩიმ.
კომენტარები